რატომ არ ინგრევა პუტინის რეჟიმი?

ვლადიმირ პუტინი, კოლაჟი

ვლადიმირ პუტინის რეჟიმი 20 წელზე მეტს ითვლის და მიუხედავად არაერთი შიდა თუ გარე რყევისა, სამოქალაქო დაპირისპირებების თუ მეზობელ ქვეყნებთან წარმოებული ომებისა, ეკონომიკური თუ სოციალური არასტაბილურობისა, კვლავაც ინარჩუნებს მდგრადობას. პუტინის ძალაუფლება ვერ შეარყია უკრაინასთან წარმოებულმა ომმაც, რომლის გამოც რუსეთი, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული თვალსაზრისით, ნამდვილ გარიყულ ქვეყნად იქცა. რუსეთი მოექცა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკური სანქციების ქვეშ, რამაც თითქმის 10%-ით შეამცირა მისი ეკონომიკა.

  • რას ეფუძნება პუტინის ძალაუფლება
  • რატომ გაძლო პუტინის აშენებულმა სისტემამ ამდენი ხანი და ნაცვლად ჩამოშლისა, როგორ გახდა კიდევ უფრო სასტიკი და აგრესიული
  • რატომ არ ასრულდა რუსული ოპოზიციის პროგნოზი, რომელიც პუტინიზმის გარდაუვალ კრახს წინასწარმეტყველებდა
  • როდის გამოიღებს თვალსაჩინო შედეგს რუსეთისთვის დაწესებული უპრეცედენტო სანქციები

ფაშიზმი თუ რაშიზმი?

იელის უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ტიმოთი სნაიდერი თავის ერთ-ერთ ბოლო სტატიაში, რომელიც New York Times-ში გამოქვეყნდა სათურით „ჩვენ ეს უნდა ვთქვათ ხმამაღლა: რუსეთი ფაშისტური სახელმწიფოა“, ამტკიცებს, რომ პუტინის რუსეთში გაბატონებული იდეოლოგია, რომელმაც მოსკოვი მიიყვანა დეუკრაინიზაციის იდეის პრაქტიულ განხორციელებამდე, სხვა არაფერია, თუ არა ფაშიზმი.

„დროში მოგზაური, რომელიც 1930-იანი წლებიდან დღევანდელობაში მოხვდა, იოლად ამოიცნობს პუტინის რეჟიმში ფაშისტურ რეჟიმს, - წერს ისტორიკოსი, - Z სიმბოლო, სახალხო მსვლელობები, პროპაგანდა, ომის იდეა როგორც განწმენდის ძალადობის აქტი, მასობრივი საფლავები უკრაინის ქალაქების გარშემო - ეს ყველაფერი არ ტოვებს ადგილს ეჭვებისთვის. უკრაინის ომი არ არის მხოლოდ დაბრუნება ტრადიციულ ფაშისტურ პლაცდარმზე, არამედ ტრადიციული ფაშისტური პრაქტიკისა და რიტორიკის აღდგენაცაა. სხვა ხალხები არსებობენ იმისთვის, რომ რუსეთმა მათი კოლონიზება მოახდინოს. რუსეთი არაფერშია დამნაშავე მისი დიდებული წარსულის გამო. უკრაინის არსებობა საერთაშორისო შეთქმულების შედეგია. ერთადერთი შესაძლო პასუხი ომია“.

ტიმოთი სნაიდერი

თუმცა, ტიმოთი სნაიდერი ტოლობის ნიშანს არ სვამს გერმანულ და რუსულ ფაშიზმებს შორის. მისი თქმით, ფაშისტები, რომლებიც სხვა ადამიანებს უწოდებენ ფაშისტებს - ესაა ფაშიზმი მიყვანილი ალოგიკურ უკიდურესობამდე, ფაშიზმი, როგორც გონების უარყოფის კულტი.

„ესაა ბოლო წერტილი, სადაც სიძულვილის ენა ამახინჯებს რეალობას. ესაა აზროვნებაზე ნების ტრიუმფის აპოგეა. უწოდო სხვას ფაშისტი, როცა შენ თვითონ ხარ ფაშისტი - პუტინის მთავარი პრაქტიკაა. მე ამას შიზოფაშიზმი ვუწოდე. უკრაინელებს უფრო ელეგანტური ფორმულირება აქვთ: რაშიზმი“, - ამბობს ტიმოთი სნაიდერი.

როგორც ჩანს, გარკვეულწილად შიზოფაშიზმისა და რაშიზმის უცნაური თვისებიც განაპირობებს პუტინის რეჟიმის სტაბილურობას. კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის მარკ ლიპოვეცკის თქმით, რაშიზმი ერთმანეთთან შეუთავსებელი წინააღმდეგობებისაგან შედგება. „რადგან უკრაინელები ჩვენი ძმები არიან, ჩვენ უნდა დავხოცოთ ისინი“, - ამგვარი გამონათქვამი რაშისტებისთვის არანაირ ლოგიკურ წინააღმდეგობას არ შეიცავს.

მარკ ლიპოვეცკი

„პირდაპირ გამაოგნებელია, თუ როგორ არის შესაძლებელი ერთ ნარატიულ ნაკადში სრულიად საპირისპირო მტიცებულებებისა და შინაარსების არსებობა: „მართალი იყო პუტინი, ომი რომ დაიწყო, დრო იყო წესრიგი დაემყარებინა“, შემდეგ კი: „ამერიკა ხელებს იფშვნეტს, როცა სლავებს ერთმანეთს უპირისპირებს“. ანდა: „რომ არა ჩვენ, ისინი პირველი დაგვესხმებოდნენ თავს“ და „ბრძოლა არ იციან, ხალხის ზურგს უკან იმალებიან“ და ა.შ. იგივე ხდება საინფორმაციო ოფიციალურ არხებზეც. რაშიზმი იდეოლოგია კი არა, კვაზიიდეოლოგიური ნარატივია. რას აკეთებს იდეოლოგია? ის არ იძლევა საშუალებას, დაინახო წინააღმდეგობები დისკურსულ თუ პოლიტიკურ კონსტრუქციასა და რეალობას შორის. რაშიზმის პირობებში ომის მხარდამჭერების განცხადებებში საერთოდ არ არის რეალობა, სინამდვილე მთლიანად გამოდევნილია, აქ ერთმანეთს ეჯახებიან საპირისპირო განსჯები, რომლებიც ერთი და იმავე იდეოლოგიური მანქანის მიერ არის წარმოებული. ანუ ადამიანი იმყოფება რაღაც ნაჭუჭში, სადაც მზა ფორმულებით ჟონგლირებს. ის, რომ ეს ფორმულები ერთმანეთს არ ემთხვევა, არავის აწუხებს. მთავარია, რომ თითოეული ფორმულა ინდივიდუალურად მოქმედებს როგორც მანტრა, როგორც შელოცვა. ჩვენ წინაშეა თითქმის მხატვრულად შექმნილი დაბინდულობა თუ სიბნელე, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ეშვებოდა“, - ამბობს მარკ ლიპოვეცკი.

რუსული ელექტორალური ავტორიტარიზმი

რაც ხეეხება პუტინის რეჟიმის სტრუქტურას თუ ანატომიას. სანქტ-პეტერბურგის ევროპული უნივერსიტეტის პროფესორი გრიგორი გოლოსოვი, რომელიც ავტორიტარული პოლიტიკური რეჟიმების ჩამოყალიბებისა და განვითარების საკითხების სპეციალისტია, პუტინის რეჟიმს ელექტორალური ავტორიტარიზმის კლასიკურ ნიმუშად განიხილავს:

„ელექტორალური (საარჩევნო) ავტორიტარიზმი - ეს არის რეჟიმი, რომელშიც არჩევნები არსებობს როგორც მეორადი ინსტიტუციური საშუალება. ეს საშუალება მნიშვნელოვანია რეჟიმისთვის, მაგრამ, დემოკრატიისგან განსხვავებით, მისთვის მეორეხარისხოვანია. ასეთი რეჟიმის პირობებში შეუძლებელია ისეთი არჩევნები, რომელიც ძალაუფლების მფლობელმა შეიძლება წააგოს. სხვა ავტორიტარული რეჟიმები განსხვავებულად არის მოწყობილი. მაგალითად, აბსოლუტურ მონარქიაში მნიშვნელოვან ინსტიტუციურ როლს ასრულებს სამეფო კარი, პარტიულში - მმართველი პარტია, სამხედრო დიქტატურებში - სამხედრო კორპორაციის შიდა სტრუქტურა, მაგრამ საარჩევნო ავტორიტარულ რეჟიმს „წმინდა“ პერსონალურ დიქტატურად გადაზრდის ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს. სწორედ იმიტომ, რომ საკვანძო ინსტიტუციური მექანიზმი - არჩევნები - მისთვის მეორეხარისხოვანია, სხვა კი არ არსებობს“.

მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები რუსეთში დიდი ხანია ფორმალურ აუცილებლობად იქცა (ყველამ წინასწარ იცის, ვინ გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში და რომელი პარტია მოიპოვებს საკონსტიტუციო უმრავლესობას სახელმწიფო სათათბიროში), იგი კვლავინდებურად რჩება პუტინის რეჟიმის საფუძვლად და ლეგიტიმაციის წყაროდ.

„წარმოვიდგინოთ, რომ პუტინმა გააუქმა არჩევნები. რის საფუძველზე დარჩება ის ხელისუფლებაში? თავს იმპერატორად გამოაცხადებს? თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკაში ძალიან რთულია. პუტინი ვერ იქნება სამხედრო დიქტატორიც, რადგან, ფაქტობრივად, ის არ არის სამხედრო. ასევე არ შეუძლია შექმნას სრულფასოვანი მმართველი პარტია, რადგან ეს გარკვეულწილად შეზღუდავს მის ძალაუფლებას. ამიტომ პუტინს სჭირდება არჩევნები, როგორც ინსტიტუციონალიზაციის ფიქტიური საშუალება“, - ამბობს გრიგორი გოლოსოვი.

გრიგორი გოლოსოვი

რუსეთში ტიპური საარჩევნო ავტორიტარიზმია, თუ რაღაც უნიკალურიც არის პუტინის მმართველობაში?

გრიგორი გოლოსოვის თქმით, ამ ტიპის რეჟიმი ავტორიტარიზმის ყველაზე გავრცელებული ტიპია თანამედროვე მსოფლიოში, თუმცა პუტინის რეჟიმს აქვს ერთი თავისებურება:

„პუტინის რეჟიმი წარმოიშვა საარჩევნო დემოკრატიის კრახის შედეგად. რუსეთში იყო საარჩევნო დემოკრატია გასული საუკუნის 90-იან წლებში, თუმცა იყო ძალიან არასრულყოფილი. მან დატოვა საკმაოდ დიდი მემკვიდრეობა თავად არჩევნების ინსტიტუტის, სახელმწიფო სათათბიროს, პოლიტიკური პარტიების და ა.შ. სახით. პუტინის დროს, ეს მემკვიდრეობა, ერთი მხრივ, დიდი ხნის განმავლობაში იცვლებოდა, მეორე მხრივ კი, ხელს უწყობდა რეჟიმს დემოკრატიის იმიტაციაში, რომელიც, ფაქტობრივად, დიდი ხანია აღარ იყო დემოკრატიული. 90-იანი წლების ყველა ეს ინსტიტუტი დღემდე არსებობს, სახელმწიფო სათათბირო იღებს კანონებს, პარტიები ატარებენ კონგრესებს... გარკვეული გაგებით, ამ მემკვიდრეობამ ხელი შეუწყო და გააიოლა რუსეთის გარდაქმნა იმგვარ დიქტატურად, როგორიც ახლაა. და თუ ვსაუბრობთ რეჟიმის დინამიკაზე, ეს მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ თვალწინ ეს ინსტიტუტები კიდევ უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება და სრულიად ცარიელ, უშინაარსო ნაჭუჭად იქცევა“.

პუტინიზმის ადამიანური ფაქტორი

პუტინის რეჟიმის ოპონენტები, ოპოზიციის ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების სახით, თითქმის თხუთმეტი წელია, პროგნოზირებენ რეჟიმის გარდაუვალ ნგრევას, რაც არა და არ ხდება. პუტინის რეჟიმი, როგორც ნებისმიერი პერსონალისტური დიქტატურა, დიდწილად, დამოკიდებულია თავად დიქტატორის სიცოცხლისუნარიანობასა და შესაძლებლობებზე, ასევე იმაზე, თუ რამდენად შეუძლია მას თავისი გარემოცვის გაკონტროლება.

„პუტინის ტიპის საარჩევნო ავტორიტარიზმის პირობებში ამის გაკეთება ბევრად უფრო იოლია, ვიდრე სხვაგვარად ინსტიტუციონალიზებული ავტორიტარული რეჟიმის პირობებში. მაგალითად, სამხედრო დიქტატურებში არის ჯარი, როგორც კორპორაცია და ამ პირობებში დიქტატორს უფრო უჭირს მეგობრების დანიშვნა წამყვან თანამდებობებზე, რადგან კორპორაცია უკარნახებს: აი, ეს გენერალი უფრო დამსახურებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ უმჯობესია სწორედ მან დაიკავოს პროვინცია N-ის გუბერნატორის თანამდებობა. პუტინს ამგვარად არავინ ეწინააღმდეგება. მის გარშემო მყოფი ხალხი თავის წინსვლას არა ინსტიტუციებს, არამედ თავად პუტინის არჩევანს უკავშირებს. და კიდევ, კვლავაც საარჩევნო (ელექტორალური) ავტორიტარიზმის ფაქტორი: მუშაობს არგუმენტი „პუტინი ხალხის მიერაა არჩეული“ (როგორ აირჩიეს, სხვა საკითხია) და მის ირგვლივ მყოფ ადამიანებს, რომლებიც იდეოლოგიურად იმყოფებიან რეჟიმის ჩარჩოებში, არაფერი აქვთ გასაპროტესტებელი. ანუ, რუსეთში ჩატარებული არჩევნების შემხედვარე, ვიღაცამ შეიძლება პუტინს უზურპატორი უწოდოს, მაგრამ მისი წრის ადამიანები, რომლებიც პუტინის ჩამოგდებას შეეცდებოდნენ, კიდევ უფრო დიდი უზურპატორები იქნებოდნენ“, - ამბობს გრიგორი გოლოსოვი.

რაც შეეხება ფორმულას - „განხეთქილება ელიტაში“, რატომ არ მუშაობს ეს ფორმულა პუტინის რუსეთში? გრიგორი გოლოსოვის თქმით, ამგვარი განხეთქილება იოლად წარმოსადგენია სამხედრო დიქტატურის პირობებში:

„სწორედ სამხედრო რეჟიმებში იშვა ფორმულირება - „ელიტების განხეთქილება“. არსებობდა სამხედროების სხვადასხვა დაჯგუფება მათთვის ინსტიტუციურად მინიჭებული როლებით. როდესაც საქმე რეჟიმის დემოკრატიზაციის შესაძლებლობას ეხებოდა, ზოგი დაჯგუფება „ქორად“ იქცეოდა, ზოგი კი - „მტრედად“. ელიტების ამგვარი განხეთქილებით იწყებოდა დემოკრატიზაციის პროცესი. თუ არ არსებობს ასეთი ფიქსირებული როლები, მაშინ ძალზე რთულია ხელისუფლებაში მნიშვნელოვანი თანამდებობის დაკავება და უმაღლესი მმართველისგან განსხვავებული პოზიციების დაცვა. ასეთი რამ განხილული იქნება, როგორც არალოიალობის გამოვლინება, რომელსაც ზურგს არ უმაგრებს არანაირი პოლიტიკური რესურსი. ასეთ ადამიანებს მარტივად მოხსნიან. გვახსოვს ბევრი საუბარი „კრემლის კოშკებზე“, რაც უშინაარსო და აზრს მოკლებული იყო თავიდანვე, რადგან „კოშკები“, მმართველობის არსებულ სისტემაში, უძლურნი არიან მმართველის წინაშე“.

პუტინის იდეოლოგიის კულტურული ფესვები

თუმცა, გრიგორი გოლოსოვის თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთში ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი რეალური ფაქტორი მხოლოდ ბიოლოგიური ფაქტორი შეიძლება იყოს - მმართველის სიკვდილი ან მძიმე ავადმყოფობა.

„მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც ძნელი გასაკეთებელია, არ ნიშნავს, რომ ეს სრულიად შეუძლებელია. სინამდვილეში, პერსონალისტური დიქტატურები არაერთხელ ყოფილან შეთქმულების მსხვერპლი“, - ამბობს რუსი მეცნიერი.

ომისა და სანქციების ფაქტორი

რაც შეეხება უკრაინასთან მიმდინარე ომს და დასავლეთის ძალიან მკაცრ სანქციებს, რომლებიც ამ ომს ახლავს. რამდენად მნიშვნელოვნად არყევს ეს გარემოება პუტინის რეჟიმს თუ პირიქით, მობილიზების ფაქტორად გვევლინება?

გრიგორი გოლოსოვის თქმით, სანქციების ამოქმედებიდან ჯერ მხოლოდ სამი თვეა გასული, რაც არ არის საკმარისი სანქციების ეფექტის დასანახად:

„რუსეთი ახლა ცხოვრობს დაგროვილი სახსრების ხარჯზე. დიდი ალბათობით, შემოდგომაზე უკვე საგრძნობი იქნება იმპორტისა და საექსპორტო შემოსავლების შემცირება. ეს გავლენას მოახდენს როგორც მოსახლეობის ფართო ფენების კეთილდღეობაზე, ასევე რუსეთის მმართველი კლასის შემოსავლის დონეზე. თუ რამდენად, ძნელი სათქმელია, რადგან ვითარება უპრეცედენტოა: ასეთი სანქციები არასდროს არავის მიმართ არ დაწესებულა, მაგრამ სანქციების ნებისმიერ პოლიტიკურ ეფექტზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როცა სანქციების ეკონომიკური ეფექტი სრულად გამოვლინდება. ჯერ კიდევ ადრეა“.

რუსეთში სიღარიბის ზღვარს ქვემო იმყოფება 21 მლნ ადამიანამდე

თუმცა მნიშვნელოვან ნეგატიურ ტენდენციებზე საუბარი უკვე შესაძლებელია. 11 ივნისს რუსეთის სტატისტიკის ფედერალურმა სამსახურმა (როსსტატმა) გამოაქვეყნა 2022 წლის პირველი კვარტლის სიღარიბის შესახებ მონაცემები, რომლის მიხედვითაც, რუსების 14,3% ანუ 20,9 მილიონი ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება. ამასთან, ბოლო „მშვიდობიან“ კვარტალთან (2021 წლის ოქტომბერ-დეკემბერთან) შედარებით, ღარიბთა რიცხვი 8,5 მილიონითაა გაზრდილი. და რაც ყველაზე საინტერესოა, როგორც ეკონომისტი მაქსიმ ბლანტი ამბობს, რუსეთის ხელისუფლებას ვითარების შესაცვლელად არაფრის გაკეთება არ შეუძლია:

„დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდა თითქმის შეუძლებელია, რადგან იმავე როსსტატის თანახმად, მაისში უმუშევრობის დონე დაეცა მინიმუმამდე სსრკ-ის დაშლის შემდგომი მთელი პერიოდის განმავლობაში: 2022 წლის იანვარ-მარტში რუსეთში უმუშევრობის რაოდენობამ 3 მლნ 148,6 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც მშრომელი მოსახლეობის 4,2%-ს შეადგენს. სახელმწიფო მოხელეთა პენსიების, სოციალური შეღავათებისა და ხელფასების გაზრდა - ასევე ვერ გამოიღებს მნიშვნელოვან შედეგს. მცდელობა, დაეხმარონ ღარიბებს, დამატებითი ინდექსაციისა და ფულის ერთჯერადი განაწილების გზით, ყოველთვის მთავრდება ინფლაციის მორიგი ტალღით, რომელიც, ჯამში, ყველას შემოსავალს ამცირებს. მათ შორის იმათსაც, ვინც ადრე სიღარიბის ზღვარს ზემოთ იყო. ომამდე სახელმწიფოს ამგვარი „გულუხვობა“ ნაწილობრივ მაინც შეიძლებოდა დაბალანსებულიყო იმპორტის გაზრდით. თუმცა, საერთაშორისო სანქციებმა და დასავლური კომპანიების რუსეთიდან გასვლამ სრულებით მოშალა ეს მექანიზმი. რამდენიც უნდა დაარიგოს მთავრობამ ფული, რუსეთის ბაზარზე საქონელი და მომსახურება ამით მეტი არ გახდება“.

10 ივნისს რუსეთის ეროვნულმა ბანკმა დირექტორთა საბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში მიუთითა, რომ რუსეთის საგარეო ვაჭრობა მნიშვნელოვნად შემცირდა. მეტიც, იმპორტის კლების ტემპი უფრო მაღალია, ვიდრე ექსპორტის კლების მაჩვენებელი.

ელვირა ნაბიულინა, რუსეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

„სხვა საკითხებთან ერთად, ეს არის სერიოზული დაბრკოლება იმ საწარმოების მუშაობის აღდგენის გზაზე, რომლებიც დიდად არიან დამოკიდებულნი უცხოური მასალებისა და კომპონენტების მიწოდებაზე. ამასთან, იმპორტის ჩანაცვლებაც მოითხოვს აღჭურვილობას, რომლის მიწოდება სანქციების პირობებში არათუ არ იზრდება, არამედ კლებას განაგრძობს. ეკონომიკის უნარზე, დააკმაყოფილოს გადახდისუნარიანი მოთხოვნა, გავლენას ახდენს არა მხოლოდ ომთან დაკავშირებული საერთაშორისო სანქციები, არამედ თავად ომიც. ახალი ინდუსტრიების შექმნისა და არსებულის გაფართოებისთვის, საჭიროა არა მხოლოდ ინვესტიციები და აღჭურვილობა, არამედ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ამ მოწყობილობებზე მუშაობა, მაგრამ ომის პირობებში, როდესაც შრომისუნარიანი მამაკაცების დიდი ნაწილი კონტრაქტით მსახურობს თავდაცვის სამინისტროში, სამომხმარებლო სექტორის საწარმოებს უჭირთ თანამშრომლების პოვნა. უპირველეს ყოვლისა, მათ უწევთ კონკურენცია სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან. ტანკების, იარაღის, რაკეტების და ჭურვების წარმოება, გასაგები მიზეზების გამო, ახლა პრიორიტეტულია და ამისთვის მთავრობა ფულს არ იშურებს. და მეორეც, თავისუფალ მუშაკებს ბაზრიდან თავად ჯარი აძევებს“, - ამბობს მაქსიმ ბლანტი, რომლის თქმითაც, რაც უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს რუსეთის არმია უკრაინაში მოკლულებისა და დაჭრილების სახით, მით უფრო დიდია საჭიროება ახალწვეულებზე:

მაქსიმ ბლანტი

„უმუშევრობის შემცირება სამრეწველო წარმოების შემცირებისა და მშპ-ს კლების ფონზე მხოლოდ დასაქმების სტრუქტურის ცვლილებაზე მიუთითებს. კეთილდღეობის ამაღლებაზე მომუშავე ადამიანების რიცხვი კლებულობს, ხოლო იმათი რაოდენობა, ვინც „განადგურების ეკონომიკაშია“ დასაქმებული, სწრაფი ტემპებით იზრდება“.