ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა, რომელმაც დღეს, 17 ივნისს, მედიასთან შეაფასა საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე მიღებული რეკომენდაციები, განაცხადა, რომ ეს საქართველოსთვის „ფხიზლად ყოფნის მომენტია“.
„როდესაც შედეგებს ვუყურებთ, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ საქართველომ ნაკლებად ხელსაყრელი მოსაზრება მიიღო, ვიდრე უკრაინამ და მოლდოვამ. ეს არის გზავნილი, რომელიც სერიოზულად უნდა იქნას მიღებული. როგორც უკვე ვთქვი, ეს საქართველოსთვის ფხიზლად ყოფნის მომენტია. როგორც ადრინდელი გაფართოების პროცესების ისტორიამ და გამოცდილებამ აჩვენა, საბოლოოდ, ბურთი თითოეული ცალკეული ქვეყნის მოედანზეა. იმ პროცესში, რამაც ევროკავშირის მკვეთრი გაფართოება და 2004 წელს 10 ახალი წევრის შეერთება გამოიწვია, გამცხადებლების უმეტესობას აღმავლობების და ჩავარდნების თავისი წვლილი შეხვდათ. ჯერ კიდევ 1997 წელს იყო სიტუაცია, როდესაც თავდაპირველად მათგან მხოლოდ ექვსს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ასე რომ, ამაში არაფერია ახალი და წარსული გამოცდილება აჩვენებს ფუნდამენტურ ფაქტს, თქვენი ბედი საბოლოოდ თქვენს ხელშია“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
17 ივნისს, ევროკომისიამ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოს რეკომენდაციით მიმართა, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.
ევროკომისიამ საქართველოს, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისანიჭებლად, 12 მთავარი პირობის შესრულება დაავალა. მათ შორის, აიღოს და შეასრულოს “დეოლიგარქიზაციის” ვალდებულება, გააქროს რა გადაჭარბებული ზეგავლენა, რომელიც პირად ინტერესებს აქვთ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე.
ამასთან, საუბარია პოლიტიკური პოლარიზაციის პრობლემის დაძლევაზე, რაც გულისხმობს პოლიტიკური პარტიების თანამშრომლობას, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების დაცვით.
საუბარია ასევე გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო რეფორმის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე.
ასევე თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს შესაქმნელად გადასადგმელ ნაბიჯებზე, რაც უნდა გამოიხატოს იმაში, რომ "სამართალწარმოება მედიასაშუალებების მფლობელების წინააღმდეგ უპასუხებს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს" და ხელისუფლება ეფექტიანად და დროულად გამოიძიებს ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეებს.
რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 28 თებერვალს წარადგინა. 3 მარტს ეს გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამაც.
საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭო მიიღებს ბრიუსელში 23-24 ივნისს დანიშნულ სამიტზე.