ჰარცელი: ევროკავშირი დღემდე დიდ ყურადღებას უთმობს 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, გამოეხმაურა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი.

როგორც 17 ივნისს გაკეთებულ განცხადებაში თქვა ჰარცელმა, ევროკომისიის რეკომენდაციის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო ის, რომ საქართველოში აუცილებელია პოლარიზაციის გადალახვა.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ევროკომისიის გადაწყვეტილება, რომ შესრულებულიყო 2021 წლის 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების პირობები, კარლ ჰარცელმა განაცხადა:

„მე სრულიად დარწმუნებული ვარ, - და თქვენ ამას ხედავთ ასევე [ევროკომისიის] მოსაზრებაში, - რომ 19 აპრილის შეთანხმება, ამ შეთანხმების სულისკვეთება, მაგრამ ასევე მის შემდეგ გაკეთებული დასკვნები არის ის, რასაც ჩვენ ევროპის კავშირში დღემდე დიდ ყურადღებას ვუთმობთ.“

ამავე დროს ჰარცელმა ილაპარაკა იმაზე, თუ რა შეიძლება გააკეთოს საქართველომ დარჩენილ დღეებში, სანამ ევროკავშირი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

ასევე ნახეთ ჰარცელი ევროკომისიის რეკომენდაციებზე: ეს საქართველოსთვის ფხიზლად ყოფნის მომენტია

მან თქვა, რომ ნებისმიერი გეგმა ან გზამკვლევი, რომელიც მიმართული იქნება ევროკომისიის მოსაზრებების განხორციელებისკენ, აშკარად იქნება ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძლიერი გზავნილი, რომელმაც უახლოეს დღეებში შეიძლება გაიჟღეროს საქართველოს მხრიდან.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის 17 ივნისის რეკომენდაციაა, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.

საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭო მიიღებს ბრიუსელში, 23-24 ივნისს დანიშნულ სამიტზე.