არც სიკვდილის მეშინოდა, არც გვამების, სხვა შიში მქონდა - როკსანა, ჟურნალისტი მარიუპოლიდან

როკსანა კურანოვა მარიუპოლის დროშით ხელში

როკსანას პატარა ლურჯ ჩანთაში ქალაქ მარიუპოლის დროშა აქვს ჩაკეცილი. ჩანთაში უდევს იმ ჭურვის ნატეხიც, რომელიც მარტის დასაწყისში, მისი ოთახის ფანჯარაში შევარდა, საწოლიდან რამდენიმე სანტიმეტრში, კედელში ჩარჩა და ყვავილებიან შპალერზე შავი ლაქა დატოვა. ოთახში როკსანას დედასთან ერთად ეძინა.

ჭურვის ნატეხი როკსანა კურანოვას ხელისგულზე

„რატომ ვინახავ ჭურვის ამ ნატეხს? ერთი მიზეზი ისაა, რომ არასდროს დამავიწყდეს ის დღეები და მეორე, რაკი ამ ნატეხმა არ მომკლა, როგორც თილისმა, ისე შევინახე. მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც მარიუპოლში, ბომბსაფარში ვიცხოვრე, არაერთხელ გადავურჩი სიკვდილს. არ ვიცი, შეიძლება სამომავლოდ ჭურვის ეს ნატეხი იმ ადამიანს ვაჩუქო, რომელსაც დაცვა დასჭირდება“, - მეუბნება როკსანა კურანოვა, ჟურნალისტი და აქტივისტი მარიუპოლიდან, რომელიც თბილისში ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე, "ქალები მშვიდობისთვის" დასასწრებად ჩამოვიდა.

როკსანა ახლა უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე, უკრაინა-რუმინეთის საზღვართან ახლოს, ქალაქ ჩერნივცში ცხოვრობს. მისი და ოჯახის წევრების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ფოტო-გადაღებაზე უარს ამბობს. „მირჩევნია, ნაკლები ყურადღება მივიქციო, ახლა ასე სჯობს“ - მეუბნება და „გამოსავალს“ მთავაზობს:

„მოდი იცი რა ვქნათ? ჩანთით სულ დამაქვს მარიუპოლის დროშა. ამ დროშას გავშლი და ისე გადამიღე ფოტო“, - საგულდაგულოდ დაკეცილ დროშას იღებს როკსანა ჩანთიდან და სახეზე იფარებს.

როკსანამ მარიუპოლი დედასთან და კნუტთან ერთად, აპრილის ბოლოს დატოვა. მანამდე თითქმის ორი თვე ბომბსაფარში, მეზობლებთან ერთად გაატარა:

„მარიუპოლს რომ ვტოვებდი, ავტობუსის ფანჯრიდან ვუყურებდი გამომშრალ მიწას, გადამწვარ, დანგრეულ საცხოვრებელ სახლებს, მიწაში გაჩენილ უშველებელ ორმოებს, რომლებიც ხუთტონიანმა საჰაერო ჭურვებმა დატოვეს და ამ ორმოებში, სახელდახელოდ მოწყობილ საფლავებს. და ამ საშინელი სურათის მიუხედავად, ვიცოდი, რომ მარიუპოლში ვტოვებდი უამრავ ადამიანს, მათ შორის ბავშვებს. ოფიციალური მონაცემებით, ამბობენ, რომ იქ დღესაც დაახლოებით 100 ათასამდე ადამიანი რჩება. შეიძლება ხედავდე საცხოვრებელ კორპუსს, რომელიც, ფაქტობრივად, აღარ არსებობს, მაგრამ ამ სახლის სარდაფში ადამიანები ცხოვრობენ“.

როკსანა კურანოვა 2022 წლის თებერვლის ბოლომდე, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, მედია-პორტალს ხელმძღვანელობდა. პორტალი კოლეგებთან ერთად 2019 წელს შექმნა და როკსანას თქმით, ეს იყო მარიუპოლში პირველი მედიასაშუალება, რომლის შინაარსიც სრულად ეთმობოდა მარიუპოლსა და მარიუპოლელებს:

„ვამზადებდით სხვადასხვა ფორმის მედია-პროდუქტს, რეპორტაჟებს, ფოტო-გალერეებს, ვიზუალურ ტესტებს, ინტერვიუებს, სტატიებს, ვწერდით ამბებს მარიუპოლელი ქალების შესახებ, რომლებიც მაგალითის მიმცემნი შეიძლებოდა ყოფილიყვნენ სხვა ქალებისთვის. გვინდოდა, რომ საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა ქალაქის მეორე მხარე. ჩვენი პლატფორმა იყო დამოუკიდებელი მედიასაშუალება და გვქონდა მიზანი, რომ მოგვეყოლა ამბები იმ ადამიანების შესახებ, რომელთა ხმაც სხვადასხვა მიზეზის გამო ნაკლებად ისმის ხოლმე. ვწერდით ინტერვიუებს ლგბტქი თემის აქტივისტებთან, აივ-ინფექციით დაავადებულ ადამიანებთან, შშმ პირებთან... გვინდოდა, რომ მარიუპოლს ამ ადამიანების ხმაც გაეგო“.

როკსანა ამბობს, რომ დღეს მედია-პორტალი „დაპაუზებულია“. გუნდი, რომელიც ამ პლატფორმაზე მუშაობდა, ომმა დაშალა: „თანამშრომლების უმეტესობა იძულებულნი გავხდით, მარიუპოლი დაგვეტოვებინა. საბედნიეროდ, ამ ეტაპზე, ყველა უსაფრთხოდაა“.

როკსანამ საკუთარი ქალაქი, ისევე როგორც ათობით ათასმა უკრაინელმა, რუსეთის არმიის მიერ მოწყობილი ე.წ. საფილტრაციო ბანაკის გავლით დატოვა. ის რუსმა სამხედროებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ, საბჭოთა კავშირის დროინდელ, მიტოვებულ "კულტურის სახლში" მოწყობილ საფილტრაციო ბანაკში მიიყვანეს. როკსანა ამბობს, რომ გაუმართლა - მას ძლიერი ფსიქიკა აღმოაჩდა:

„ის, რაც იმ საფილტრაციო ბანაკში გავიარე და ვნახე, არც ადვილად გადასატანი იყო და არც ადვილად გასახსენებელია. დანიშნულების ადგილას რომ მიგვიყვანეს, ავტობუსებიდან ჩამოგვყარეს და დაგვტოვეს. ამ ბანაკებში ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ვის ხელში მოხვდები, ვინ როგორ შემოგხედავს. დამოკიდებულია იმაზე, რა ხასიათზე არიან, უკიდურესად დაგამცირებენ, თუ მცირედს დასჯერდებიან. საფილტრაციო ბანაკებში მიყვანილი ხალხის ნაწილს, არ აქვს მნიშვნელობა, ქალია თუ კაცი, აშიშვლებენ, ართმევენ ტელეფონებს, დეტალურად კითხულობენ მათ ტელეფონებში არსებულ პირად მიმოწერებს, ათვალიერებენ ფოტოებს. თუ რაღაც არ მოეწონათ, მძიმე დაკითხვას გიწყობენ. ჩემთან ერთად იყო რამდენიმე ბიჭი, რომლებიც რატომღაც თვალში არ მოუვიდათ, ცალკე წაიყვანეს. რაღაც პერიოდის შემდეგ, მათი ნაწილი უკან დააბრუნეს. სახეზე მწვანე ფერი ედოთ. ხმას არ იღებდნენ, არ ვიცი, რა გაუკეთეს, მაგრამ ვეჭვობ, კარგი არაფერი. მკაცრ გასაუბრებას გიწყობენ, მაგალითად, როგორ უყურებ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, შენი ახლობელი ხომ არ იბრძვის, ვინმეს ფულს ხომ არ უგზავნი ფრონტზე... გიღებენ ფოტოებს, ანაბეჭდებს. ეს ყველაფერი ისეთ სტრესში გაგდებს, რომ იმასაც კი ვეღარ ხვდები, რა ზიანი შეიძლება მოგაყენოს საკუთარმა სიტყვებმა. როდესაც ლაპარაკობენ გაუპატიურებულ ქალებზე, გოგოებზე, ბავშვებზე, პენსიონერებზე, უნდა იცოდეთ, რომ მათ შორის, ძალიან ბევრი მარიუპოლიდანაა, მაგრამ რეალურად, რამდენად დიდია მათი რაოდენობა, ჯერ არავინ იცის. ისინი ადამიანებს უკეთებენ ყველაფერს, რასაც კი მოისურვებენ“.

როკსანას ზუსტ თარიღებად ახსოვს ყველა ის მომენტი, როცა რუსეთის არმიამ მარიუპოლის ალყის შემორტყმისა და ქალაქის დამორჩილების ოპერაცია დაიწყო. ახსოვს როდის გაითიშა ელექტროენერგია, წყალი, გაზი. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი მარტის დასაწყისში გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, ყველაზე მძიმედ მაინც ის ახსოვს, როცა ქალაქში საკომუნიკაციო გზები, ინტერნეტი და სატელეფონო კავშირი გაწყდა:

„წარმოიდგინეთ, ქვეყანაში ომია, იბომბება შენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, იბომბება შენი ქალაქი, სადაც შენი მეგობრები, ნათესავები, ახლობლები ცხოვრობენ და შენ მათ შესახებ არაფერი იცი - ცოცხლები არიან, მკვდრები. ვერც მათ აწვდი ხმას და ვერც ისინი გაწვდიან ხმას. ჩემმა მეგობრებმა, რომლებიც უკრაინის სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობენ, თითქმის ორი თვის განმავლობაში არაფერი იცოდნენ ჩემზე. მეძებდნენ დაღუპულთა სიებში, მარიუპოლიდან გამოსულ ადამიანებში. როგორც მოგვიანებით შევიტყვე, სხვადასხვა მიზეზის გამო, ჩათვალეს, რომ დაღუპული ვიყავი. ამ იზოლაციაში, საინფორმაციო ვაკუუმში ყოფნა, მით უმეტეს, მაშინ, როცა შენს ქვეყანაში ომია, გაგიჟებს“.

საკომუნიკაციო არხების გათიშვას მალევე მოჰყვა ბრძოლა ყოველდღიური გადარჩენისთვის, როცა საჰაერო იერიშებს შორის, როკსანას სასმელი წყალი ზურგით, სირბილით მიჰქონდა ბომბსაფარში, როცა იმისათვის რომ გამთბარიყვნენ, მარიუპოლელებმა ხეების მოჭრა დაიწყეს:

„ბევრმა ჩვენგანმა ვერ მოასწრო საკვების მარაგის მომზადება. მაღაზიები ძალიან მალე დაცარიელდა. ერთადერთი, რამაც გადაგვარჩინა იყო ის, რომ სადარბაზოს მეზობლები გავერთიანდით, ერთგვარი კომუნა შევქმენით და ასე, ვისაც რა ჰქონდა, იმას ვამზადებდით და ვუნაწილებდით ერთმანეთს. იძულებულები ვიყავით, ხეები მოგვეჭრა და თან გავმთბარიყავით და თან საჭმელი მოგვემზადებინა. მარიუპოლი ძალიან მწვანე ქალაქია. ახლა, სამწუხაროდ, ქალაქი განადგურებული და უდაბურია არა მხოლოდ იმის გამო, რომ თვეების განმავლობაში იბომბებოდა, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ იძულებულები ვიყავით, ხეები მოგვეჭრა. საჭმელს საჰაერო დაბომბვებს შორის, ეზოში დანთებულ ცეცხლზე ვამზადებდით. ერთ დღეს, საჭმლის მომზადებისას, ჩვენგან რამდენიმე მეტრში ჩამოვარდა ჭურვი. დარტყმის ტალღამ აქეთ-იქით გადაგვისროლა. ვინც იქ ვიყავით, ყველამ კანტუზია მივიღეთ. მეორე ტრაგედია იყო წყლის მოპოვება. მე ვნახე ადამიანები, რომლებიც გუბიდან სვამდნენ წყალს. ვნახე ადამიანები, რომლებიც წყალზე წავიდნენ და გზაში დახოცეს. ვნახე ადამიანები, რომლებსაც რუსი ჯარისკაცები წყლის რეზერვუართან არ უშვებდნენ და დასცინოდნენ. წყლის მოსატანად მეც ხშირად მიწევდა გაქცევა. რისი აკიდებაც და რამდენის აკიდებაც შემეძლო, ზურგზე ვიკიდებდი და მივრბოდი. ზურგი დღესაც მტკივა, მაგრამ ამას ვინ ჩივის“.

სიკვდილის არასდროს შემშინებიაო, ამბობს როკსანა და ზედმეტი ემოციების გარეშე აღმიწერს იმ კადრებს, რაც მისმა მეხსიერებამ მარიუპოლიდან შემოინახა და თან მეუბნება, რომ არც ამ კადრებს შეუშინებია ის. ალყაშემორტყმულ ქალაქში, რომელიც გვამებით იყო სავსე, როკსანას სულ სხვა რამ აშინებდა:

„არ შემშინებია ქუჩაში დაყრილი გაშავებული გვამების, რომლებსაც გზადაგზა ვაწყდებოდი, როცა წყალზე მივრბოდი. არ შემშინებია ნაწლავებამოყრილი მკვდრების, არ შემშინებია არც მაშინ, როცა ბავშვის მოწყვეტილ კიდურს გადავაწყდი. არც იმ საფლავების შემშინებია, მარიუპოლის ყველა ეზოში რომ გაითხარა, არც სასაფლაოებად ქცეული საბავშვო მოედნების შემშინებია. ვისაც პატრონი ჰყავდა, ამ ცხედრებს მარხავდნენ, ვინც არა და ასე იხრწნებოდა, ზეზეურად. ამ ყველაფრის არ შემშინებია, რადგან ჩემმა ფსიქიკამ მოახერხა და ამ კადრებს შეეჩვია. მაგრამ ძალიან მეშინოდა იმ ამბების, რომლებიც პერიოდულად მოდიოდა ბომბსაფარში და გვაუწყებდა, რომ მარიუპოლის კიდევ ერთი უბნის თავზე, ჩვენთან უფრო და უფრო ახლოს აფრიალდა რუსული დროშა. მეშინოდა თავად იმ ფაქტის, რომ მე არაფრის გაკეთება არ შემეძლო, გარდა იმისა, რომ ვქცეულიყავი ერთ რიგით გვამად უსახელო საფლავში. ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის და ამავე დროს, როგორც აქტივისტისთვის, ასეთი დასასრული იყო შემაძრწუნებელი და არა თავად სიკვდილის ფაქტი. შემაძრწუნებელი იყო იმის გაცნობიერება, რომ შენი ქალაქი, შენი სახლი ქრებოდა“.

როკსანა ამბობს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ მარიუპოლი და მარიუპოლელები სამაგალითოდ დასაჯა 2014 წლის გამო, როდესაც რუსეთი უკრაინაში პირველად შეიჭრა, მისი ტერიტორიების ანექსია მოახდინა, მარიუპოლი კი ვერ დაიმორჩილა:

„უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში, ქალაქი განვითარდა, გარემონტდა საავადმყოფოები, სკვერები, მოედნები, ახალი სკოლები აშენდა, შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტი... ამ ქალაქის ასეთი თავგამოდებული და სასტიკი განადგურება, სხვა არაფერია, თუ არა სამაგიეროს გადახდა იმის გამო, რომ რუსეთმა 2014 წელს ვერ მოახერხა მარიუპოლის, უდიდესი საპორტო ქალაქის, ინდუსტრიული ცენტრის დაპყრობა და ახლა გადაწყვიტეს სამაგიეროს გადახდა".

რუსეთის არმიამ მარიუპოლს, დონბასის საპორტო ინდუსტრიულ ქალაქს ალყა უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე დღეში შემოარტყა და ქალაქი, სადაც ომის დაწყებამდე 400 000-მდე ადამიანი ცხოვრობდა, ფაქტობრივად, მიწასთან გაასწორა. ოფიციალური ცნობებით, სრულად განადგურდა ქალაქის 90%. ქალაქს 80 დღის განმავლობაში იცავდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფი "აზოვი". ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მარიუპოლის დამცველები ქარხანა "აზოვსტალში" აღმოჩნდნენ ბლოკირებული. უკრაინის ხელისუფლების ბრძანებით, მათ უთანასწორო ბრძოლა შეწყვიტეს და ევაკუაციას დათანხმდნენ. ევაკუაციის ოპერაცია 17 მაისს დაიწყო. ევაკუაციის ფარგლებში, მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნიდან ყველა უკრაინელი სამხედრო რუსული ძალების თანხლებით გადაიყვანეს რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე.

14 ივნისს ქვედანაყოფმა „ტელეგრამში“ გაავრცელა შეტყობინება, სადაც წერს, რომ პოლკი ცოცხალია და დებს პირობას, რომ ისევე გაათავისუფლებს მარიუპოლს რუსული არმიისგან, როგორც ეს 8 წლის წინ, 2014 წელს მოახერხა.

როკსანამ არ იცის, ისევ დგას თუ არა მარიუპოლში მისი სახლი, არც ის იცის, რა ბედი ეწია მის საყვარელ პირად ბიბლიოთეკას, რომელიც ბებიისგან ერგო. ბიბლიოთეკა, საიდანაც ერთი წიგნის წამოღებაც ვერ მოასწრო:

„ძალიან დიდი ბიბლიოთეკა მქონდა სახლში, რომლის შეგროვება ჯერ კიდევ ბებიამ დაიწყო და მე გავაგრძელე. წიგნებით სავსე 16 თარო მქონდა. ჩემთვის სახლი ჩემი ბიბლიოთეკა იყო. როცა უკანასკნელად ვიყავი სახლში, იმ მხარეს არც კი გამიხედავს. მივხვდი, მე რომ იმ მომენტში წიგნების არჩევა დამეწყო, სახლს ვერ დავტოვებდი და შეიძლება იქ მოვმკვდარიყავი. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ერთი წიგნიც ვერ წამოვიღე. როცა სახლიდან გავრბოდით, მხოლოდ ჩემს კნუტს, პირველადი მოხმარების ნივთებს და წამლებს დავავლეთ ხელი, ეს იყო და ეს“.

როკსანას უკრაინის დატოვება ომის არცერთ ეტაპზე არ უფიქრია. მარიუპოლიდან წასვლის შემდეგ, მცირე პერიოდი დაჰყო რუსეთში, საიდანაც ესტონეთში გადავიდა, იქიდან პოლონეთში და პოლონეთიდან კვლავ უკრაინაში დაბრუნდა. ახლა ის ერთ-ერთ ჰუმანიტარული ორგანიზაციაში, მოხალისედ მუშაობს:

„უკრაინის დატოვება არ მინდა. ეს ჩემი სახლია. ის ჩვენი დასაცავია. ჩემი მხრიდან, რაც შემიძლია, ყველაფერს ვაკეთებ, ვეხმარები ჩემნაირ ადამიანებს, მათ, ვისაც საკუთარი სახლების დატოვება მოუწიათ. დიახ, მე უკრაინაში ვარ და არსად წასვლას არ ვაპირებ. ვიცი, რომ აუცილებლად დავბრუნდები მარიუპოლში“.

და სანამ მარიუპოლში დაბრუნდება, როკსანას ყველაზე მეტად იქაური საღამოები და ზღვა ენატრება:

„მენატრება მეგობრებთან ერთად სეირნობა. საღამოობით ყავას რომ ვყიდულობდით, გავდიოდით ქალაქის ცენტრში, ცნობილი დრამის თეატრის გვერდით, რომელიც ნანგრევებად აქციეს რუსმა ოკუპანტებმა, იქ გარშემო სულ სიმწვანე იყო, ვსხდებოდით ბალახზე, ვისვენებდით, ვკითხულობდით, ხელბურთს ვთამაშობდით და ზღვა მენატრება, სადაც ქალაქის ცენტრიდან 15 წუთში შეგეძლო ჩასვლა. როცა ზღვა ასე ერთი ხელის გაწვდენაზე გაქვს, ალბათ ვერ აფასებ. მხოლოდ მაშინ ხვდები მის ფასს, როცა ზღვასთან 15 წუთში ვეღარ მიხვალ“.