ევროკომისიის მიერ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დასახელებული აუცილებელი პირობებიდან ერთ-ერთის, "დეოლიგარქიზაციის" შესრულების საპასუხოდ კობახიძე აცხადებს, რომ ოლიგარქები არიან სააკაშვილი და კეზერაშვილი და არა ივანიშვილი. მისივე თქმით, ოლიგარქების დასრულება ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა და სააკაშვილის დაჭერით, ეს ნაბიჯი უკვე გადაიდგა.
"ოლიგარქი პოლიტიკურ კონტექსტში ჩემთვის არის ადამიანი, რომელიც ძარცვავდა და ძარცვავს ქვეყანას. ასეთი გვყავს ჩვენ რამდენიმე - სააკაშვილი, კეზერაშვილი", - განაცხადა კობახიძემ.
"ქართული ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას მან თქვა, რომ ივანიშვილს ქველმოქმედებაზე 3 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული და ოლიგარქის წოდება არც მისთვის იქნება პრობლემა და არც ქვეყნისთვის.
"ჩვენ გვყავს ძალიან ცნობილი ოლიგარქები საქართველოში და ესენი არიან ადამიანები, რომლებიც 9 წელი ძარცვავდნენ ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს. მაგალითად, სააკაშვილი არის ერთ-ერთი ცნობილი ოლიგარქი... დღეს ის ზის ციხეში და დეოლიგარქიზაციისკენ კონკრეტული ნაბიჯი უკვე გადაიდგა…
კეზერაშვილი არის მეორე ოლიგარქი, მასზეც არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე და დეოლიგარქიზაციისთვის მნიშვნელოვანია ეს საქმე მიყვანილი იყოს ბოლომდე", - თქვა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.
დღეს, 17 ივნისს, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით მისცენ, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.
ასევე ნახეთ ევროკომისია: საქართველოს პირობები კანდიდატის სტატუსის მისაღებად, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი პირობებით