ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.
ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა დღეს, 17 ივნისს გამართულ ბრიფინგზე უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ ბრიფინგზე განაცხადა.
ურზულა ფონ დერ ლაიენის თანახმად, ძალიან დაწვრილებით განიხილეს აპლიკანტი ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა, რის საფუძველზეც გადაწყვიტეს:
მიეცეს უკრაინას ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი.
უკრაინამ უნდა განამტკიცოს სასამართლო სისტემა, უნდა ჩამოყალიბდეს ანტიკორუფციული ინსტიტუტები. ამასთან, უკრაინამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების 80% დააკმაყოფილა, დარჩენილია ეთნიკური უმცირესობების კანონი.
რაც შეეხება მოლდოვას, ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ "ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციას, რომ მოლდოვას მიეცეს ევროპული პერსპექტივა და კომისია რეკომენდაციას აძლევს მოლდოვას, მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი"
საქართველოსთან დაკავშირებით, ურზულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკომისიამ გადაწყვიტა, რომ მას მიეცეს ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე შეფასდეს, როგორ აკმაყოფილებს პირობებს.
ურზულა ფონ დერ ლაიენის თქმით, საქართველო იზიარებს იმავე მისწრაფებებსა და პოტენციალს, რაც უკრაინასა და მოლდოვას აქვთ. მის აპლიკაციას აქვს ძლიერი მხარეები, როგორიცაა ეკონომიკის საბაზრო ორიენტაცია და ძლიერი კერძო სექტორი. წარმატების მისაღწევად ქვეყანა პოლიტიკურად უნდა გაერთიანდეს და დასახოს მკაფიო გზა სტრუქტურული რეფორმების განსახორციელებლად ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. გზა, რომელიც კონკრეტულად შეიმუშავებს აუცილებელ რეფორმებს, რომლებშიც ჩართული იქნება სამოქალაქო საზოგადოება და რომელიც ფართო პოლიტიკური მხარდაჭერით ისარგებლებს.
ურზულა ფონ დერ ლაიენმა თავისი გამოსვა ამ სიტყვებით დაასრულა:
"უკრაინელები მზად არიან, დაიხოცონ ევროპული პერსპექტივისთვის. ჩვენ გვინდა, რომ მათ იცხოვრონ ევროპულ ოცნებაში."
სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა: „ჩვენ ვიმუშავეთ სწრაფად და ეფექტურად, რათა რეკორდულ დროში შეგვძლებოდა წარმოგვედგინა ჩვენი მოსაზრებები. ჩვენ ველით, რომ წევრი ქვეყნები მიიღებენ გადაწყვეტილებებს უახლოეს დღეებში, მაგრამ ჩვენმა პარტნიორმა ქვეყნებმა უკვე უნდა დაიწყონ მუშაობა, რათა მათ მხარი დაუჭირონ ჩვენს რეკომენდაციაში ასახულ ძირითად რეფორმებს. ეს არის გადამწყვეტი იმისთვის, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო წინ წავიდნენ ევროკავშირის გზაზე."
რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 28 თებერვალს წარადგინა. 3 მარტს ეს გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამაც.
"ქართული ოცნების" ხელისუფლება აცხადებდა, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე მეტად იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და ოპოზიციურ "ნაციონალურ მოძრაობას" და "მის სატელიტებს" ადანაშაულებდა ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში.
თავის მხრივ, ოპოზიციაში ამბობდნენ, რომ "ქართული ოცნების" მთავრობა ყველაფერს აკეთებდა, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი ვერ მიეღო. ურთიერთბრალდებები განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც 9 ივნისს, ევროპარლამენტმა მიიღო კრიტიკული რეზოლუცია საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ, რომელიც შეიცავს მოწოდებასაც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ.
ევროპარლამენტმა ამ რეზოლუციით ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდა, იმუშაონ საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ევროპის კავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად და დამსახურების და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ყველა კრიტერიუმის შესრულების საფუძველზე.
უკრაინაში ომის დაწყებამდე, "ქართული ოცნების" მთავრობა ევროკავშირის წევრობის განაცხადის წარდგენას 2024 წელს აპირებდა.