ვნებათაღელვის მიზეზი 14 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოულოდნელი გადაწყვეტილება გახდა, როდესაც ათონელის რეზიდენციაში, გვიან საღამოს გამართულ ბრიფინგზე, მან საზოგადოებას 16 ივნისს, ევროპის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა. 20 ივნისს, პარლამენტის წინ დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებს, სამოქალაქო აქტივისტებს კი აქციის გაუქმება სთხოვა. აქციის გაუქმების მოტივად კი მან „საფრთხეები“ დაასახელა:
„თუ დაფიქრდებიან, შეიძლება გადაიდოს ეს გამოსვლა, რომელიც ბევრ საფრთხეს უკავშირდება. ახლა, ჩემი აზრით, არ არის დრო პოლიტიკური ამბიციების გამოჩენის და საზოგადოების დაყოფის. ამავდროულად, ვაფრთხილებ ხელისუფლებას, რაღაც განცხადებების შემდეგ, თუ მაინც ჩატარდა, ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ეს პროტესტი, ყოველივე ექსცესზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზე იქნება. ახლა ჩვენი ერთობის და მხოლოდ ერთობის დროა“.
პრეზიდენტის მოწოდების პასუხად, 20 ივნისის აქციის ორგანიზატორებმა, მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტებმა, განცხადება გაავრცელეს: „არა და არასოდეს“ - აი, ამ, სალომე ზურაბიშვილის ცნობილი ფრაზით გამოეხმაურნენ ისინი პრეზიდენტის მოწოდებას და, მეტიც, პრეზიდენტი 20 ივნისის აქციაზეც მიიწვიეს:
„წინააღმდეგობრივია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას ევროინტეგრაციისთვის კონსოლიდაციისკენ მოუწოდებს, ამავდროულად ალტერნატიულ აქციას ნიშნავს და 20 ივნისის შეკრების ორგანიზატორებს ღონისძიების გაუქმებას სთავაზობს. არა და არასოდეს!“
პრეზიდენტის ბრიფინგისა და 16 ივნისის აქციის დაანონსების პარალელურად გაიხსნა დისკუსია მედიასა და სოციალურ ქსელში იმის თაობაზე, თუ რა განზრახვა დგას სალომე ზურაბიშვილის მიერ ალტერნატიული აქციის დანიშვნის მიღმა. გაჩნდა კითხვები, უნდა მივიდეს თუ არა ხალხი პრეზიდენტის დაანონსებულ აქციაზე? ან იქნებ ორივე აქციაში უნდა მიიღონ მონაწილეობა? გაჩნდნენ 16 ივნისის აქციის კატეგორიული მოწინააღმდეგეები, ისევე როგორც ამ აქციის მიმართ ლოიალურად განწყობილი მოქალაქეები. თუკი საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ 16 ივნისსა და 20 ივნისს დაგეგმილ აქციებს ერთი საერთო გზავნილი აქვს ევროპისკენ, მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ მიუხედავად საერთო გზავნილისა, პრეზიდენტმა მაინც მოახერხა საზოგადოების გახლეჩა და ამ პროცესში დისონანსის შემოტანა.
ცნობილია, რომ 16 ივნისს დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ კნირში და საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი.
რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, 16 და 20 ივნისის აქციებზე წამსვლელები ასე გადანაწილდნენ:
- „ქართული ოცნება“ არც პრეზიდენტისა და არც სამოქალაქო აქტივისტების დაანონსებულ აქციებზე არ მივა.
- მხოლოდ 20 ივნისის აქციას უერთდება „ნაციონალური მოძრაობა“.
- ორივე აქციაზე წავლენ პარტიების „ლელოსა“ და „მოქალაქეების“ წარმომადგენლები.
- არცერთ აქციას არ შეუერთდება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“.
- პრეზიდენტის დაანონსებულ აქციას არ შეუერთდება „ევროპული საქართველო“.
- 20 ივნისის აქციას უერთდება „დროა“.
- ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს პრეზიდენტის მიერ დაანონსებული აქციის მიმართ „სტრატეგია აღმაშენებელს“. თუმცა, დანამდვილებით მიდის 20 ივნისის აქციაზე.
- 20 ივნისის აქციაზე მივა „გირჩი-მეტი თავისუფლება“.
- პარტია „გირჩი“ სულ სხვა აქციის ინიციატივით გამოდის. პარტიის ლიდერები აქციას 18 ივნისს, „დედა ენის“ ბაღში გეგმავენ.
- „ლეიბორისტული“ პარტია მხოლოდ 20 ივნისის აქციას შეუერთდება.
რას ფიქრობს ხალხი - მოქალაქეები, აქტივისტები
ანი ქავთარაძე, ექიმი, აქტივისტი - „ნებისმიერი აქცია, რომელიც ორიენტირებულია ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში გაერთიანებისკენ, ჩემთვის მისაღებია“.
„ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, დღევანდელ დღეს, აქ და ახლა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ევროინტეგრაციის გზაზე შეუფერხებელი ნაბიჯებით სიარული. შესაბამისად, ნებისმიერი სახის მანიფესტი, რომელიც ექნება საზოგადოებას გზავნილის სახით მთელი ცივილიზებული სამყაროსადმი, ევროპისადმი, რომ ჩვენ გვინდა გავხდეთ დიდი ევროპული ოჯახის წევრი, ჩემთვის მისაღებია და ჩემი იქ მისვლით, ვაფიქსირებ სამოქალაქო პოზიციას.
პრეზიდენტის მიერ 16 ივნისის აქციის დაანონსებას სხვადასხვაგვარი ახსნა შეიძლება ჰქონდეს. ზოგმა ამ აქციაში შესაძლოა დესტრუქცია დაინახოს, ზოგმა საზოგადოების გახლეჩვის, დაქსაქსვის მცდელობა. მეც არაერთგვაროვანი შეხედულება ჩამომიყალიბდა, მაგრამ ჩემთვის ერთმნიშვნელოვანი და ცხადია, რომ როდესაც მოგვიწოდებენ იგივე მიზნისთვის, ევროინტეგრაციის მანიფესტაციისკენ, ეს უკვე უპირობოა, რომ მე წავიდე ამ აქციაზე. მით უმეტეს, თუკი ამ შეკრებაზე დამხვდებიან დიპლომატები, რომლებიც წარმოადგენენ შუამავლებს, ინფორმაციის ბევრად უფრო სწრაგად და ადეკვატურად მიმწოდებლებს იმ საზოგადოებისთვის, რომლისკენაც ჩვენ ვისწრაფვით.
კი, მე აუცილებლად ვიდგები 20 ივნისის აქციაზეც და წავალ 16 ივნისის აქციაზეც. სამოქალაქო სექტორმა, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანებმა, თითოეულმა პასუხისმგებლიანმა მოქალაქემ, დღევანდელ დღეს საკუთარი ამბიციები, პოლიტიკური შეხედულებები, წარსული შეცდომები, ქიშპობა ან რაიმე სახის რევანშისტული მოსაზრებები გვერდზე უნდა გადადონ, გადადგან ნაბიჯი და აჩვენონ პოლიტიკური მაგალითი თუ მასტერკლასი საზოგადოების იმ რადიკალურ ნაწილს, რომელიც მუდმივად ცდილობს, რომ მოგვწყვიტოს ევროპულ გზას და გადაგვიყვანოს რუსულ ორბიტაზე.
იმის ნაცვლად, რომ დღეს ვფიქრობდეთ, როგორი ორგანიზება გავაკეთოთ აქციებისთვის, როგორი ორიგინალური პლაკატები შეიძლება გვქონდეს, რომ სწორი აქცენტები გავგზავნოთ ევროპაში, დღეს ვხედავთ ისევ დესტრუქციას, ქიშპობას, ერთმანეთისთვის იარლიყების მიწებებას, მათ შორის, იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც არაფერი აქვთ გასაყოფი, რომლებსაც მთავარი ორიენტირი დასავლეთისკენ აქვთ აღებული. ვფიქრობ, მოვახერხებთ და ევროპას კიდევ ერთხელ დავანახებთ, რომ ქართველ ერს აქვს სურვილი იყოს ევროპის ნაწილი და ჩვენ დღეს მათი დახმარება გვჭირდება".
გიორგი მშვენიერაძე, იურისტი - „არასწორი იქნება, მივიდე იმ აქციაზე, რომელიც მიმართულია არა ერთიანობისკენ, არამედ გახლეჩვისკენ“
„დიახ, ეს ორი აქცია ჰგავს ერთმანეთს, მიმართულს საერთო, ევროპული მიზნისკენ. 14 ივნისს, როდესაც ვისმენდით პრეზიდენტის მიმართვას, მისი გზავნილიც ის იყო, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, „ქართულმა ოცნებამ“, როგორც პარტიამ, ევროპულ გზაზე სიარულისთვის ბევრი არაფერი გააკეთა და რომ მმართველი გუნდი იქნება მთავარი პასუხისმგებელი, თუკი ჩვენ ამ კუთხით რაიმე პრობლემები შეგვექმნება. ცხადია, ის ადამიანები, ვინც მივლენ 16 ივნისის აქციაზე და ის ადამიანებიც, ვინც 20 ივნისის აქციაზე მივლენ, მხარს დაუჭერენ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და ისინი მთავარი საკითხის გარშემო იქნებიან კონსოლიდირებულნი, მიუხედავად იმისა, რომ მათი ნაწილი ან ერთ აქციაზე მივა და ან მეორეზე - ისინი ამ ნაწილში ერთნი იქნებიან, თუმცა, ვფიქრობ, რომ 16 ივნისის აქციის დანიშვნას, შესაძლოა, მაინც ჰქონდა საზოგადოების გახლეჩვის მიზანი სხვა ნიშნით.
რა განსხვავებაა 16 და 20 ივნისის აქციებს შორის? - ფუნდამენტური. 20 ივნისის აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ისინი გახსნილები არიან ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციას. 20 ივნისის აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ დღეს ქვეყანაში არსებული პრობლემები სათავეს ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობიდან იღებს. სალომე ზურაბიშვილის გზავნილი კი რა იყო? - ჩვენ ყველას გვინდა მოვუყაროთ თავი, მაგრამ ივანიშვილი არაფერ შუაშია, ივანიშვილი წესიერი და პატიოსანი კაცია, დამნაშავეა „ქართული ოცნება“, ღარიბაშვილი, კობახიძე, მაგრამ ივანიშვილის ოლიგარქია არ არსებობს. აი, ეს არის ფუნდამენტური განსხვავება. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იყვნენ, უკვე ცხადი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა გვაშორებს ევროკავშირს და მათთვის მნიშვნელოვანია იყვნენ ევროკავშირის ნაწილნი. სწორედ ამ ადამიანების გამოცალკევების მცდელობაა ამ აქციის დაგეგმვა და მეტი არაფერი.
„ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური ძალა, მისი რადიკალი სპიკერების, ბატონო კობახიძისა და ბატონი ღარიბაშვილის სახით, ვეღარ ახერხებდა საზოგადოების იმ ნაწილის ტყუილით, პროპაგანდით გამოკვებას, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან, მაინც ევროპისკენ ისწრაფვიან. სწორედ ამიტომ ჩათვალეს, რომ საჭირო იყო ამ ერთიანობაში გახლეჩვის შემოტანა, რადგან დაქსაქსული საზოგადოება ვეღარ იქნება ძლიერი ოპონენტი.
მთავარია, ახლა ჩვენ ხალხი არ გავყოთ ერთმანეთისგან. ხალხის 70%, ბოლო კვლევებით 88%, ევროკავშირის ცალსახა მხარდამჭერია და ეს მხოლოდ დასაწყისია. 16 იქნება, 20, 22 თუ 25, ჩვენ ახლა ვართ ჩვენი ისტორიის ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე. ამ პროცესებში ჩვენ ახლა შევდივართ და ვფიქრობ, რომ ამ პროცესების დასასრული იქნება საქართველოს დიდი ნაბიჯი ევროპისკენ. რადგან ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ქვეყანას, სხვა არჩევანი არ აქვს.
17 ივნისს ჩვენ ვნახავთ გადაწყვეტილების ტექნიკურ ნაწილს, რეკომენდაციებს. აქვე უნდა ვთქვათ, რომ 17-ში არაფერი წყდება, რადგან, მაგალითად, საბერძნეთის შემთხვევა არსებობს, როდესაც რეკომენდაცია იყო უარყოფითი, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მაინც დადებითად იქნა მიღებული და ხელისუფლებას ჯერ კიდევ ექნება ვადა 17-დან 24-მდე პერიოდში, დაარწმუნოს ევროპელი პოლიტიკოსები, რომ მიუხედავად არსებული შეცდომებისა, მათ შეუძლიათ სხვა გადაწყვეტილების მიღება.
სალომე ზურაბიშვილი, როგორც პრეზიდენტი, პირველ რიგში, აქციების ჩატარებას კი არ უნდა აანონსებდეს, ის უნდა დგამდეს იმ ნაბიჯებს, რომლებიც მის უფლებამოსილებაში შედის, და რომლებიც იმ პრობლემების აღმოფხვრისკენ იქნება მიმართული, რაც ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტის უმკაცრეს რეზოლუციაში აისახა. მას ეს 14 ივნისსაც შეეძლო გაეკეთებინა. მაგალითად, როდესაც ვლაპარაკობთ კანონების დაჩქარებულ მიღებაზე, მან არც ერთხელ არ გამოიყენა ვეტოს უფლება და არ შეანელა კანონების მიღების პროცესი. როდესაც ვლაპარაკობთ პრეზიდენტის მიერვე გამოყენებულ ტერმინზე, „უსამართლოდ მაღალი სასჯელის გამოყენება ნიკა გვარამიასთვის“, მას ხომ შეუძლია ეს გადაწყვეტილება დღესვე შეცვალოს და ის ამას არ აკეთებს. ამიტომ, სინამდვილეში, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პრეზიდენტი, ე.წ. გამაერთიანებელი მიტინგებით ვერ დააღწევს თავს პასუხისმგებლობას და იმას, რისი გაკეთებაც შეუძლია და არ აკეთებს.
რომ არ ყოფილიყო დაანონსებული 20 ივნისის აქცია და სალომე ზურაბიშვილს დაეგეგმა აქცია 16 ივნისს, მე აუცილებლად მივიდოდი ამ აქციაზე. უბრალოდ, ახლა ვფიქრობ, რომ არასწორი იქნება, მივიდე იმ აქციაზე, რომელიც მიმართულია არა საზოგადოების ერთიანობისკენ, არამედ საზოგადოების გახლეჩვისკენ“.
ნატა ფერაძე, აქტივისტი - „თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ 16 ივნისის შემდეგ იქნება 20 ივნისის აქციის ჩაშლის მცდელობა, დაშინება“
„ზურაბიშვილის ბრიფინგის მოსმენა რომ დავიწყე, ისეთ ლაბირინთებში გაიხლართა, მივხვდი, რომ ბოლოსკენ აპირებდა რაღაც მნიშვნელოვანის თქმას. 16 ივნისის აქცია რომ დააანონსა, პირდაპირი მნიშვნელობით, სავარძლიდან გადმოვვარდი. იმის მოლოდინი, რა თქმა უნდა, არ მქონდა, რომ პოლიტპატიმრებს გამოუშვებდა, მაგრამ აქციას რომ დააანონსებდა, ეს საერთოდ ვერაფრით წარმომედგინა. ეს აქტივისტებში ერთ-ერთი ყველაზე ნაძირლური ხრიკია, რომ ერთ აქციას მეორე აქცია გადაადო. აქციის დაანონსებისას, აქტივისტები ყოველთვის ვიყურებით კალენდარში და იმასაც კი ვამოწმებთ, რაიმე სპორტული ღონისძიება ხომ არაა დაგეგმილი. სოლიდარობის განცდა არსებობს.
ეს ქალი კი გამოვიდა და ზედ გადაგვიარა. ზურაბიშვილისგან არაფერი მწყინს, არანაირი განსაკუთრებული მოლოდინი არ მაქვს ამ პიროვნებისგან. მე მწყინს უმწიფარი საზოგადოებისგან, რომელსაც, სამწუხაროდ, არ გააჩნია კრიტიკული აზროვნების უნარები. ეს არის აქცია შუაშისტებისთვის, ვინც დაიჯერა „ქართული ოცნების“ საუბრები, რომ 20 ივნისის აქციას ვაწყობთ პირსისხლიანი „ნაციონალები“.
პრეზიდენტი არის თანამდებობა, რომელსაც შეუძლია გადადგას ის ნაბიჯები, რასაც ევროკავშირი ჩვენგან ითხოვს, თუნდაც, პოლიტპატიმრების შეწყალება. რეალურად კი, საქმის გაკეთების ნაცვლად, ქალი გამოვიდა და დააანონსა აქცია.
ტყუილია, რომ ხალხი ორივე აქციაზე მივა. ამ გადასახედიდან, ორივე აქციაზე იქნება ცოტა ადამიანი. ძალიან პატარა პროცენტი მოვა ორივე აქციაზე. გარდა ამისა, 20 ივნისის აქციაზე უკვე დაიგეშნენ „ორკების ჯგუფები“. როგორც შსს-დან გვწერენ ნაცნობი პოლიციელები, მათთან გამოცხადებულია ე.წ. წითელი ზონა, მობილიზება. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ 16 ივნისის შემდეგ იქნება 20 ივნისის აქციის ჩაშლის მცდელობა, დაშინება. უკვე დედები წერენ, რომ შვილები აპირებდნენ აქციაზე წასვლას და ახლა მათ გამო ეშინიათ. ბავშვებთან ერთად აპირებდით აქციაზე გასვლას, მაგრამ ახლა უკვე თავს შეიკავებენ. ახლა მიმდინარეობს სამოქალაქო პროტესტის მარგინალიზება, რაც ძალიან მშვენივრად გამოსდით და გამოუვიდათ. ამ ეტაპზე, ასე ჩანს.
ძალიან ბევრი წერს, რომ, რა თქმა უნდა, ხალხი 16 ივნისის აქციაზეც უნდა წავიდეს. მაგრამ ისმის კითხვა, ვისთან ერთად დგები ამ აქციაზე, იმასთან ერთად, ვის გამოც ჩვენ არ გვაძლევენ ევროინტეგრაციას? ვინც ეს ქვეყანა ამ კონდიციამდე მიიყვანა და ახლა გეძახის, რომ მოდი, „გამაპრავე“?
ზურაბიშვილის აქცია ცალსახად არის 20 ივნისის აქციის საძირკვლის გამოცლა და ახლა თავიდან გვიწევს ამ ყველაფრის შეკოწიწება. გარდა ამისა, ნაწილი არც იმას ვეთანხმებით, რომ 20 ივნისის აქციაზე პრეზიდენტიცაა დაპატიჟებული. ვაპირებთ, რომ ამ თვალსაზრისით შიდა გამოკითხვაც ჩავატაროთ. მე არ ვთვლი, რომ ეს თვალთმაქცობა აქტივისტებს გვევალება. ეს პოლიტიკოსების საქმეა. რატომ უნდა მოვიდეს სალომე? გადაედგა ქმედითი ნაბიჯები, შეეწყალებინა პოლიტპატიმრები და მერე გვემსჯელა, მოსულიყო თუ არა.
ჩვენ დღეს ვიხრჩობით და სამაშველო რგოლი ევროპამ უნდა გადმოგვიგდოს. გვინდა, რომ ეს მესიჯი მივაწოდოთ დასავლეთს. ჩვენ საკუთარ თავთან მართლები ვიქნებით, რომ ტახტზე წამოწოლილები კი არ ველოდებოდით, რა მოხდებოდა, არამედ ჩვენ ჩვენს ხმას ვაგონებდით ევროპას. ჩემმა შვილებმა უნდა ნახოს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“.
ირა ჭელიძე, კომუნიკაციების სპეციალისტი: „პრეზიდენტმა ამ განაცხადით ჩემნაირებისთვის გახსნა სივრცე. ჩემნაირების ხმა 20 ივნისს დაიკარგებოდა“
„ორივე აქციის გზავნილი აბსოლუტურად სწორია - გზა ევროპისკენ. თუმცა, არის მიზეზები, რის გამოც მე 16 ივნისს გამართულ აქციას შევუერთდები. პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ 20 ივნისს აქციის დაგეგმვა იყო შეცდომა, რადგან 20 ივნისი თავისთავად უკვე არის თარიღი ძალიან მძიმე მოვლენების, რომელიც ყოველ წელს უნდა აღვნიშნოთ, რომ ის არ წაიშალოს ჩვენი მეხსიერებიდან. 20 ივნისი, როგორც თარიღი, უკვე თავისთავადია და ის არ უნდა გადაიფაროს სხვა აქცენტით. კომუნიკაციური სტრატეგიებიდან გამომდინარე ორი სხვადასხვა თარიღის და მოვლენის ერთმანეთზე გადადება არ ვარგა, რადგან იკარგება ან ერთი, ან მეორე მოვლენა.
რაც შეეხება პრეზიდენტის ინიციატივას, რომ 16 ივნისს დაენიშნა აქცია, ეს თარიღი იმიტომ მომწონს, რომ პირველი ეტაპის გადაწყვეტილება, ევროკომისიის რეკომენდაციები, 17 ივნისს უნდა იქნას მიღებული. მგონია, რომ ამ მხრივ პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ელჩები, რომლებმაც თქვეს, რომ 16 ივნისს დაანონსებულ აქციაზე მივლენ, ისინი უკვე 17 ივნისამდე ერთი დღით ადრე დაინახავენ საზოგადოების განწყობას და ეს იქნება ძალიან კარგი გზავნილი.
გარდა ამისა, პრეზიდენტის ინიციატივაში ვხედავ, რომ მან გახსნა სივრცე იმ ხალხისთვის, მაგალითად, ჩემნაირებისთვის, რომლებსაც საერთოდ აღარაფერი უნდა „ქართული ოცნებისგან“, უნდა, რომ უბრალოდ აღარ არსებობდეს ეს პოლიტიკური ძალა, თუმცა, იმის გამო, რომ 20 ივნისის აქციის ორგანიზატორებსა და „ნაცებს“ შორის, ჩემი გადასახედიდან, მიმდინარეობს საზარელი დაპირისპირება, ამ ხალხს არ უნდა და ეუხერხულება მათ აქციაზე მისვლა და ამ აქციაში მონაწილეობის მიღება. ასეთი ადამიანი ვარ მე. ეს ბინძური დაპირისპირებები რომ არ არსებობდეს, 16 ივნისსაც მივიდოდი, 17-შიც, 18-შიც და ა.შ. მე ჩემს თავს დღეს ჭეშმარიტ შუაშისტად ვასახელებ. თუმცა ვიცნობ ძალიან ბევრ ჩემნაირ ადამიანს, რომლებსაც არ უქმნით დისკომფორტს ეს დაპირისპირებები და ორივე აქციაზე მიდიან და ძალიან კარგია, რომ მიდიან. პრეზიდენტმა ამ განაცხადით ჩემნაირებისთვის გახსნა სივრცე. ჩემნაირების ხმა 20 ივნისს დაიკარგებოდა. ეჭვი მაქვს, რომ 20 ივნისს ხელში ჩაიგდებენ მიკროფონს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებული პირები.
ვფიქრობ, რომ 16 ივნისს ბევრი ხალხი არ იქნება, რადგან მკაფიოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და ასევე მკაფიოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები გაცილებით მეტნი არიან და ამ ორმა ძალამ უკვე განაცხადა, რომ 16 ივნისის აქციაზე ისინი არ იქნებიან.
ჩემთვის რომ ეკითხათ, მე ამ ყველაფერს მივცემდი ფესტივალის სახეს, დავიწყებდი 16-დან და დავასრულებდი 24-ში, სადაც აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური ჯგუფი შეიკრიბებოდა იქ, სადაც ექნებოდათ კომფორტი, რომ იგივე ელჩებმა და ევროპამ დაინახოს ჩვენი მრავალფეროვნება, მაგრამ ერთსულოვნება ევროპის ერთგულებაში“.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭების გადაწყვეტილებამდე
3 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს.
ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით წარდგენის გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც 28 თებერვალს, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინამ ევროკავშირის წევრობაზე მოთხოვნა გააკეთა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.
9 ივნისს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ.
რეზოლუციაში შევიდა ასევე ევროპარლამენტის ჯგუფების - „ევროპის სახალხო პარტიის (EPP), „განაახლე ევროპის“ (Renew Europe) და „ევროპის კონსერვატორები და რეფორმატორების“ (ECR) - შესწორება, რომელიც მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას.
ამ სამი ჯგუფის მიერ წარდგენილ შესწორებაში წერია, რომ ევროპარლამენტი „გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციულ როლზე, რომელსაც ერთპიროვნული ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი თამაშობს ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში, შეშფოთებას მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე გავლენის დონის გამო, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით“.
რაც შეეხება საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას, ამ საკითხზე ხვალ, 17 ივნისს უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის რეკომენდაციები, 23-24 ივნისს კი, ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე, საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები.