24 თებერვლის, ომის დაწყების შემდეგ უკრაინის ხერსონის ოლქში დაბადებული ბავშვები ავტომატურად რუსეთის მოქალაქეებად დარეგისტრირდებიან, ამის შესახებ განაცხადა რუსეთის არმიის ხელშეწყობით შექმნილი, ე.წ. სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის მეთაურმა კირილ სტრემოუსოვმა.
დაობლებულმა ბავშვებმა ხერსონის ოლქში უკვე მიიღეს რუსეთის მოქალაქეობა, თქვა მან.
სტრემოუსოვს არ დაუზუსტებია, თუ როგორ რეგულირდება ეს იურიდიულად და რომელი საკანონმდებლო აქტი განსაზღვრავს რუსეთის მოქალაქეობის მიღებას.
25 მაისს ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების უფლებას აძლევს უკრაინის ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების მცხოვრებთ. მათ რუსეთის პასპორტის აღება შეუძლიათ იმავე პროცედურის გავლით, როგორც რუსეთის მიერ დამოუკიდებლად აღიარებული დონეცკის და ლუგანსკის ოლქების მოქალაქეებს.
მოქალაქეობის ავტომატურად მინიჭებას პუტინის ეს განკარგულება არ ითვალისწინებს.
ხერსონის ოლქს მარტის დასაწყისიდან თითქმის მთლიანად აკონტროლებს რუსეთის ჯარი. რეგიონის საოკუპაციო ხელისუფლებასთან თანამშრომელმა ხელისუფლებამ არაერთხელ გამოაცხადა რუსეთთან შეერთებისკენ სწრაფვის შესახებ.
10 ივნისს უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა დადგენილების პროექტი გაეროს ადამიანის და ბავშვთა უფლებების კომიტეტებისადმი, გაეროს საერთაშორისო სასამართლოსადმი, ასევე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრისადმი მიმართვის შესახებ. დეპუტატები ითხოვენ „გატაცებული და იძულებით რუსეთში წაყვანილი,“ ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი უკრაინელი ბავშვების დაცვას რუსულ ოჯახებში გაშვილებისგან. „ვერხოვნა რადა“ ითხოვს ამ ბავშვების უკრაინაში დაბრუნებას. მარტში გაერომ შეშფოთება გამოთქვა უკრაინელი ბავშვების რუსეთში იძულებით გაშვილების შესახებ.
საქმე ეხება 90 ათასამდე ბავშვს, რომლებიც იმყოფებოდნენ აღმოსავლეთ უკრაინის სკოლა-ინტერნატებში.