მარხვა ცხოვრების ბოლომდე - გაიცანით, ქართველი ვეგანები

კვირაში ორჯერ, სამი საათით, ვეგანი აქტივისტები თბილისის ცენტრში იკრიბებიან

ვეგანებისთვის მხოლოდ მცენარეებით კვება მთავარი გზაა ცხოველების წამებისგან დასაცავად. ახლა ოცამდე ახალგაზრდა ცდილობს, გაზარდოს თბილისელების მგრძნობელობა ფერმებში ფარულად გადაღებული სასტიკი ვიდეოების ქუჩაში ჩვენებით.

„რა ვეგანიზმი, ხალხი დილის 7 საათზე შაურმებს იძახებს”, - სიცილით მეუბნება კურიერი. თავის მოპედს ეყრდნობა და ხელს იშვერს ახალგაზრდებისკენ, რომლებიც მდუმარედ დგანან ლეპტოპებით ხელში.

კვირა საღამოა, „გალერეა თბილისის” წინ ვართ. თითქმის სამი თვეა, 7-8 მოხალისე აქ იკრიბება. ძირითადად, კვირაობით და ხუთშაბათობითაც.

მათი ლეპტოპების ეკრანებზე გოჭებს აჭრიან კუდებს, ხოცავენ წიწილებს… გამვლელები დროდადრო ჩერდებიან, გაკვირვებულები უყურებენ ვიდეოებს. უმრავლესობა მყისვე გზას აგრძელებს, მაგრამ ზოგი ჩერდება და საუბარში ერთვება - სულ 10-15 წამით მაინც თუ გაჩერდა ვინმე, მასთან მოხალისე მიდის.

ორი ბიჭი 20 წუთია ხმამაღლა კამათობს. მათ წინ ეკრანზე ღორების ფერმას აჩვენებენ.

- სხვამ მოკლა, იმან აწამა. მე უბრალოდ ვყიდულობ. ეს დანაშაული არაა, - ამბობს ერთი.

- წამების და მკვლელობის მონაწილე ხარ. მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვია, რომელზეც მოქმედებ, - პასუხობს მეორე. ეს 22 წლის ჯინოა.

“წინა ცხოვრება”

ჯინო ადრე ვეგეტარიანელი იყო, ანუ უბრალოდ ხორცს არ ჭამდა. 2 წლის წინ ვეგანი გახდა, „მივხვდი, რომ ვეგეტარიანელობა ჩემს ღირებულებებს აღარ პასუხობდა - არ მიღირს, ჩემს გამოსაკვებად რომელიმე ცხოველი დაიტანჯოს”.

ჯინო ჯიქური (მარჯვნივ)

როცა პროგრამისტად არ ვმუშაობ, აქ ვდგავარ ხოლმეო. რაც აქტივიზმში ჩაერთო, ასზე მეტ ადამიანს შეხვდა და დაელაპარაკა. ცდილობს, ყველას აუხსნას, რომ თუ მცენარეულ დიეტას სწორად დაგეგმავენ, ყველა საჭირო ვიტამინს და საკვებ ნივთიერებას მიიღებენ.

აქტივიზმის ეს გზა საერთაშორისო ვეგანურმა ორგანიზაციამ, Anonymous for Voiceless-მა წამოიწყო (ცნობილ ჰაკტივისტურ დაჯგუფებასთან მხოლოდ სახელი და გაი ფოქსის ნიღბები აკავშირებთ).

32 წლის სესილიამ Anonymous for Voiceless-ის მეთოდი (სისასტიკის კადრების ჩვენება და შემდეგ დისკუსიაში ჩაბმა) საქართველოს მოარგო. აქ 2020 წლიდან ცხოვრობს. ისე საფრანგეთიდანაა. „წინა ცხოვრებაში” სოფლის ფერმაში მუშაობდა მოხალისედ.

„დღისით ცხოველებზე ვზრუნავდი, მაგრამ საღამოობით იმავე ცხოველების ხორცს ვჭამდი. მერე, რაღაც მომენტში მივხვდი, ცხოველები მიყვარს, ცხოველებს ვეფერები და როგორ შემიძლია მათი ჭამა-მეთქი”, - ჰყვება სესილია.

ახლა უნდა, მგრძნობელობა და პასუხისმგებლობის განცდა სხვებსაც გაუღვიძოს. იხსენებს, რომ რამდენიმე ასეულ ადამიანს ელაპარაკნენ და გამვლელების რეაქციები ხშირად „ძალიან ემოციური” იყო. ცხადია, დანამდვილებით ვერავისზე იტყვიან, გავეგანდაო, მთავარია, დაარწმუნონ, რომ ცხოველები ადამიანის გამო იტანჯებიან.

სესილია ვეგანურ აქტივიზმში 2015 წლიდანაა ჩაბმული

სესილია იხსენებს, რომ მასა და მის მეგობრებს რამდენჯერმე უსიამოვნებები ჰქონდათ. ერთხელ ვიღაც ქალი დაესხა თავს ქსეონოფიბიური მოტივით. შენს ქვეყანაში არ ხარ და აქ დგომის უფლება არ გაქვსო. მის გვერდით ამ დროს 4 ქართველი იდგა, მაგრამ ქალი მხოლოდ სესილიას ერჩოდა.

ორი ბიჭი და ერთი გოგო ვეგანებისგან ოციოდე ნაბიჯში, ჯებირთან დგანან. უჭირავთ დიდი მუყაოს კალათა, საიდანაც ქათმის ფეხებს მშვიდად და აუღელვებლად ჭამენ.

სესილია ამბობს, რომ ადრეც მოსულან და ამას განგებ აკეთებენ. მაგრამ ეს არც უკვირს და არც ანაღვლებს. თანაც, „ისედაც ყოველდღე ამას ვუყურებთ”, - ამბობს ის.

ქსენოფობიისა და ცინიზმის გარდა, ზოგი ვეგანებს არგუმენტებითაც უპირისპირდება. ზოგს მტკიცედ მიაჩნია, რომ ცხოველები „ამისთვის არიან შექმნილები”, ვიღაცისთვის კი, ქართული კულტურა და ცხოველური საკვები უბრალოდ განუყოფელია.

არაკომფორტული სიმართლე

ვეგეტარიანელებისგან განსხვავებით, ვეგანები არც რძის პროდუქტებს ჭამენ და არც კვერცხს. მოკლედ, ზუსტად ის ეჭმევათ, რაც ქრისტიანულ მარხვაზე მყოფ ადამიანს.

მაგრამ ვეგანიზმი არც რელიგიაა და არც დიეტა. ვეგანიზმი იდეოლოგიაა, რომელმაც ცხოველები ძალადობისა და ექსპლუატაციისგან უნდა დაიცვას.

ვეგანები თვლიან, რომ ხორცის და რძის პროდუქტების ინდუსტრია, ინკუბატორები, ცირკები, დელფინარიუმები, ზოოპარკები და ბევრი სხვა, სწორედ ამ ძალადობის მთავარი ინსტრუმენტებია.

ვეგანიზმის ცნება XX საუკუნის 40-იან წლებში, დიდ ბრიტანეთში გაჩნდა. თუმცა, ბევრის აზრით, ახალი ტალღა დაიწყო „კემბრიჯის დეკლარაციამ ცნობიერებაზე”, დოკუმენტმა, რომელსაც 2012 წელს ხელი მოაწერა ათეულობით ნეირომეცნიერმა, ნეიროფიზიოლოგმა და სხვა აკადემიკოსმა.

მათ დაასკვნეს, რომ ადამიანის მსგავსად, ძუძუმწოვრებს, ფრინველებს, თევზებს და ბევრ უხერხემლოს აქვთ ცნობიერება და ადამიანის მსგავსი განცდები - ტკივილი, შიში, შფოთვა.

მანამდე ითვლებოდა, რომ ადამიანებს ცნობიერება აქვთ თავის ტვინის ქერქის წყალობით, რომელიც მხოლოდ ჩვენ გაგვაჩნია. მაგრამ ახლა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ცნობიერებაზე სხვა სფეროებია „პასუხისმგებელი”, ეს სფეროები კი ადამიანებსა და ცხოველებს მსგავსი აქვთ.

ვეგანები ამას „არაკომფორტულ სიმართლეს” ეძახიან. თუმცა სახელმწიფოებს შორის ამ ფილოსოფიურ საკითხზე საყოველთაო შეთანხმება არ არსებობს. შესაბამისად, განსხვავებულია კანონმდებლობები და მიდგომები ცხოველების მიმართ.

მაგალითად, 2021 წლის ბოლოს, დიდი ბრიტანეთში, ცხოველთა უფლებადამცველებმა დიდი გამარჯვება აღნიშნეს - ხელისუფლებამ უხერხემლოები, ლობსტერები, კიბორჩხალები და რვაფეხები გონიერ ცხოველებად აღიარა. ანუ აიღო ვალდებულება, დაიცვას ისინი სასტიკი მოპყრობისგან. ეს, მაგალითად, იმას ნიშნავს, რომ აიკრძალა ლობსტერების ცოცხლად მოხარშვა.

სოსისებით და მწვადებით

თბილისში „კივი კაფე” 7 წლის წინ გაიხსნა. საქართველოოში პირველ ვეგანურ კაფეს პრობლემები გახსნიდან ცოტა ხანშივე შეექმნა.

მეზობლებს და ფართის მფლობელს კაფეს სტუმრები თავიდანვე აღიზიანებდნენ, ცოტა ხანში კი იქ ჩხუბი მოხდა - „კივიში” ულტრამემარჯვენე დაჯგუფება „ბერგმანის” წევრები შეცვივდნენ. ხელში სოსისები და მწვადებჩამოცმული შამფურები ეკავათ.

კაფეს მფლობელი, 28 წლის ანრი იხსენებს, რომ ჩხუბის წამოწყება ისევ მის სტუმრებს დაბრალდათ.

თქვენი ბრალი იქნებოდა. საყურეები გაქვთ, პირსინგები, გრძელი თმები და პროვოცირებას მოახდენდითო, - უთხრა ფართის მფლობელმა და ხელშეკრულება შეუწყვიტა.

ანრი ამბობს, რომ საქართველოში სულ ცოტა 15 ათასი ვეგანი იქნება და ამას სხვადასხვა ფეისბუკჯგუფზე დაკვირვების საფუძველზე ასკვნის. ყველაზე დიდი ვეგანური ჯგუფი თითქმის 4 ათას ადამიანს აერთიანებს.

ანრიმაც ვეგეტარიანელობით დაიწყო. მაგრამ უკვე 6 წელია, ცხოველურ პროდუქტებს აღარ ჭამს.

„ჯერ გეცოდება, რომ კლავენ და შეჭამენ. მაგრამ მერე იგებ - ბევრი ცხოველი ერთ ადგილასაა დაბმული, ყოველდღე აპარატებით ბერავენ და წამლებით ჭყიპავენ. უფრო დიდი ბოროტებაა, რო წარმოიდგინო - ათი წელი ერთ რაღაცაზე ხარ მიბმული და ყოველდღე აპარატი გაქვს შეერთებული… მე მგონი, მკვლელობაზე უარესია”, - ამბობს ანრი.

31 კილოგრამი ხორცი

მეცნიერები თანხმდებიან, რომ ვეგანური დიეტის წყალობით, შესაძლებელია, მიიღო ყველა საჭირო ვიტამინი და ნივთიერება. უბრალოდ მას კარგი დაგეგმვა და ჩვევების შეცვლა სჭირდება.

ბევრ ქვეყანაში ადამიანები „ვეგანურ დიეტას” მათდაუნებურად იცავენ, რადგან ხორცის (და ზოგან რძის პროდუქტების) ფული არ აქვთ. მაგალითად, გაეროს საკვები ორგანიზაციის გამოთვლებით, აშშ-ში ერთი ადამიანისთვის ხელმისაწვდომია 121 კილოგრამი ხორცი წელიწადში, ევროკავშირის ქვეყნებში - 69.6, ეთიოპიაში მხოლოდ 7.2, საქართველოში კი - 31.9 კგ.