პატარა ამერიკული ქალაქი უკრაინის მხარდასაჭერად

პატარა ქალაქი დასავლეთი სტოკბრიჯი მასაჩუსეტსის შტატში მდებარეობს, ნიუ-იორკიდან მანქანით სამი საათის სავალზე. სტოკბრიჯს ქალაქს პირობითად თუ დავუძახებთ. 2020 წლის მონაცემებით, აქ სულ 1343 ადამიანი ცხოვრობს.

მოწესრიგებული, სუფთა, მშვიდი - პირველი, რაც გავიფიქრე, ამ ქალაქში მინდა-მეთქი ცხოვრება, უფრო სწორად, საქართველოში მინდა იყოს ასეთი ქალაქები.

თბილისის მსგავსად, აქაც ყველა შენობაზე, სახლი იქნება ეს, მარკეტი თუ ეკლესია, უკრაინის დროშაა გადმოკიდებული. ევროპის რომელიმე დიდ ქალაქში უკრაინის დროშის ნახვა რა გასაკვირია, მაგრამ ისეთ პატარა ქალაქში, როგორიც დასავლეთი სტოკბრიჯია და რომელსაც უკრაინას ოკეანე და ათიათასობით კილომეტრი აშორებს, საკვირველია.

როგორც აღმოჩნდა, ამ ყველაფერში „დამნაშვავე“ ცოლ-ქმარი კატია და იგორი არიან.

იგორი და კატია

ისინი წლების წინ რუსეთიდან ჩამოვიდნენ, სტოკბრიჯში მიწის ნაკვეთი იყიდეს და ცხოვრება თავიდან დაიწყეს.

იგორი: „10 წელია აქ ვართ. ეს მიწა, ადრე მარმარილოს მოსაპოვებლად გამოიყენებოდა, ე.წ. დიდი დეპრესიის შემდეგ ბიზნესი ჩამოიშალა და ეს ადგილიც აღარავის უნდოდა. ვეძებდით ქალაქს, რომელიც შეგვიყვარდებოდა... ასე მოვხდით აქ, სადაც ყველა ყველას იცნობს“.

იგორმა და კატიამ უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე ჰუმანიტარულ დახმარებას მოაბეს თავი. მთელი ქალაქი გვერდში დაუდგა. ორი დიდი ტრაილერი პირველადი სამედიცინო დახმარების ნივთებით გაავსეს და უკრაინაში გააგზავნეს.

კატია: „სოციალურ ქსელში პოსტი დავწერეთ. ჩვენზე, ჩვენს ოჯახზე ვყვებოდით. იგორის მშობლიური ადგილებია ბუჩა და ირპენი. ბავშვობა იქ აქვს გატარებული. ამაზე ვწერდით და კიდევ იმაზე, თუ როგორ გაგრძელდებოდა ცხოვრება ომის შემდეგ. ეს პოსტი ნახეს აქაურებმა და, როგორც ხედავთ, იმოქმედა“.

იგორი: „არ ველოდით ასეთ სოლიდარობას. ძალიან მოულოდნელი იყო.

მაგალითად, ერთმა ქალმა 100 შეკვრა შალითა მოიტანა. მისი ოჯახი ვიეტნამიდან იყო გამოქცეული. გვითხრა, ჩემმა ოჯახმა იცის, რას ნიშნავს დევნილობაში ყოფნაო“.

იგორი და კატია ყოველ წელს დასავლეთ სტოკბრიჯის ფესტივალს მართავენ. წელს ის მთლიანად უკრაინაში მიმდინარე ომს მიუძღვნეს და მასში რამდენიმე არტისტთან ერთად საქართველოდან უტა ბექაიაც მონაწილეობდა.

იგორი: „ომის წინააღმდეგი ვართ თუ არა?! კი, და მეტიც, ჩვენ პუტინის წინააღმდეგი, ოკუპაციის წინააღმდეგი ვართ“.