ქალაქი-სასაფლაო: მარიუპოლის სასაკლაოს გადარჩენილი ქალი ვაჟისა და ქმრის დაკარგვას იხსენებს

დენის და ანდრეი მედვედევები.

მის თვალწინ მომაკვდავი ვაჟის სისხლის გუბესთან მყოფმა ანჟელიკა მედვედევამ ერთი საშინელების გააზრება ვერ მოასწრო, რომ მეორე ტრაგედია დაატყდა თავს.

როცა მისი ქმარი, ანდრეი დენისის გადარჩენის იმედით მის შენობაში შემოყვანას ცდილობდა, გასროლის ხმა გაისმა. ანდრეიმ წამოიყვირა, როცა ორიდან პირველმა ტყვიამ სხეული გაუხვრიტა და ის თავისი ვაჟის მახლობლად დაეცა, – გაიხსენა მედვედევამ.


“ვერ ვიჯერებდი, რომ ისინი აღარ იყვნენ, მე არაფერი შემეძლო” მათ გადასარჩენად, – უთხრა მედვედევამ რადიო თავისუფლებას ლიტვაში, სადაც რძალ – ვალერიასა და შვილიშვილ – კაროლინასთან ერთად თავშესაფარი იპოვა.


მედვედევას ოჯახის მსგავსად, ადამიანები თითქმის 4 თვეა ყოველდღიურად ხდებიან ასეთი გამანადგურებელი ტრაგედიის მსხვერპლი. უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან – 24 თებერვლიდან დღემდე სამოქალაქო პირები იხოცებიან, ისინი იძულებული ხდებიან საცხოვრებელი ადგილი შეიცვალონ.

მარიუპოლი

სამოქალაქო მოსახლეობამ განსაკუთრებული განსაცდელი გამოიარა მარიუპოლში, დონბასის საპორტო ინდუსტრიულ ქალაქში, რომელიც 400 ათასი მოქალაქის სახლი იყო, სანამ სამთვიანი უმოწყალო რუსული თავდასხმების შედეგად ნანგრევებად გადაიქცეოდა.

მარიუპოლის ხელში ჩაგდება პუტინისთვის ორი აშკარა მიზნის მისაღწევად იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი: დონბასზე კონტროლის მოსაპოვებლად და რუსეთსა და ყირიმს შორის სახმელეთო ხიდის გასაჭრელად.


რუსეთმა მარიუპოლში 20 ათასი ჯარისკაცი გადაისროლა და დღითა და ღამით უშენდა ბომბებს, რაკეტებსა და მძიმე არტილერიას. ზოგიერთი მათგანი ისეთ შენობებს მოხვდა, როგორიცაა საცხოვრებელი ნაგებობები, საავადმყოფოები და თეატრი, რომელსაც თავს ასობით ადამიანი, მათ შორის, ბავშვებიც აფარებდნენ.


რუსულმა ჯარებმა უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე დღეში ალყაში მოაქციეს ქალაქი, გადაჭრეს საკომუნიკაციო გზები, წყლისა და გაზის მარაგი, რამაც ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია.
თითქმის ერთი თვის განმავლობაში მედვედევების ოჯახი მარიუპოლის ცენტრში დენისის ბინას აფარებდა თავს, რადგან ეს ადგილი უფრო უსაფრთხოდ ეჩვენებოდათ, ვიდრე გარეუბანი, სადაც ანჟელიკა და ანდრეი ცხოვრობდნენ.

შენობა, რომელშიც მედვედევების ოჯახის თავშეფარი იყო.

მაგრამ შუა მარტის თვეში, როცა ქალაქზე არტილერიით შეტევა გააქტიურდა და ქუჩებშიც ბრძოლები იმართებოდა, დენისი უფრო პესიმისტურად განეწყო.


“ეს დასასრულია, ჩვენ ვერ გადავრჩებით”, – უთხრა მან დედას 19 მარტს, დაახლოებით 4 კვირის შემდეგ ბოლო ორი ათწლეულის (სულ მცირე) განმავლობაში ევროპაში ყველაზე გამანადგურებელი ალყის დაწყებიდან.


მათი მეზობელი საცხოვრებელი კორპუსი სერიოზულად იყო დაზიანებული ბრძოლების შედეგად, ცეცხლისგან გარე კედლები გაშავებული ჰქონდა.


რადგან იცოდნენ, რომ მათი კორპუსი შეიძლებოდა შემდეგი ყოფილიყო, მათ პირველადი დახმარების კომპლექტები მოამზადეს სველი ნაჭრებითა და წლის ბოთლებით იმ შემთხვევისთვის, თუ მხუთავ კვამლში გაქცევა მოუწევდათ.


ანდრეი და დენისი საცხოვრებელი კორპუსის მოხალისეთა ჯგუფის წევრები იყვნენ და ცეცხლის ნიშნებს მეთვალყურეობდნენ, რადგან თუ რომელიმე მიტოვებულ ბინაში ხანძარი გაჩნდებოდა, ის შესაძლოა მთელ კორპუსს სწრაფად მოსდებოდა.

ანჟელიკა შვილთან და ქმართან ერთად.

მედვედევებმა იცოდნენ, რომ გარეთ გასვლა სახიფათო იყო. მათ ქუჩებში ბევრი სამოქალაქო პირის ცხედარი ენახათ – ზოგიერთი რუსული დაბომბვის მსხვერპლი გამხდარიყო, სხვებისთვის კი მდინარიდან ან ჭიდან წყლის ამოტანისას ესროლათ.


სურათი ქუჩებში იმდენად საზარელი იყო, რომ ანდრეი და დენისი უარს ამბობდნენ ნანახის აღწერაზე მას შემდეგ, რაც სიცოცხლის რისკის ფასად აუცილებელი საჭიროებისთვის გარეთ გასულები შინ ბრუნდებოდნენ.
ადამიანები, რომლებიც მარიუპოლსა და სხვა ადგილებში ხოცვა-ჟლეტას გადაურჩნენ, ამბობენ, რომ რუსული ძალები უკრაინელ სამოქალაქო პირებს, განსაკუთრებით კაცებს, ხშირად სდებენ ბრალს ადგილობრივ თავდაცვის დანაყოფებთან თანამშრომლობაში ან მათთვის სამხედრო ინფორმაციის მიწოდებაში, მათ ქუჩებიდან იტაცებენ და ხანდახან ხოცავენ.
როცა მარტის ბოლოს დენისმა იეჭვა, რომ შენობაში ცეცხლი იყო გაჩენილი, ანდრეი გააღვიძა და ისინი გარეთ გავიდნენ, რათა გამოერკვიათ, რომელი ბინიდან მოდიოდა ცეცხლი.


სწორედ ამ დროს დენისს, სავარაუდოდ, რუსი სნაიპერის პირველი ტყვიები მოხვდა. მეზობელი გაიქცა, რომ შეეტყობინებინა მედვედევასთვის, რომელმაც ის იყო გარეთ გააღწია, რომ მის ქმარსაც ესროლეს.


მარიუპოლში დახოცილი სამოქალაქო პირების ზუსტი რიცხვი უცნობია. ისინი იდენტიფიცირების გარეშე უწესრიგოდ დამარხეს საფლავებში, რომლებზე წვდომის საშუალებასაც საერთაშორისო ორგანიზაციებს რუსეთი არ აძლევს აწ უკვე მის მიერ კონტროლირებად მარიუპოლში.


განადგურებული ქალაქი ერთ-ერთია უკრაინაში იმ ბევრ ადგილს შორის, სადაც კიევი, დასავლეთის ხელისუფლებები და მსოფლიოს უფლებადამცველი ჯგუფები, რუსეთს ომის დანაშაულების ჩადენაში სდებენ ბრალს.


მედვედევა, რომელიც კრასნოდარის მხარეში გაიზარდა უკრაინელი და სომეხი მშობლების ოჯახში, თითქმის 30 წელი ცხოვრობდა მარიუპოლში.


მისი თქმით, 2014 წლიდან მიმდინარე დონბასის ომის მიუხედავად, ქალაქში ცხოვრება უმჯობესდებოდა. რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტულმა ძალებმა წარუმატებლად სცადეს დონეცკის სიდიდით მეორე ქალაქის ხელში ჩაგდება.

“ბოლო რვა წლის განმავლობაში, ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ქალაქში ცხოვრება კარგი იყო. ის ვითარდებოდა, უფრო ლამაზი ხდებოდა”, – თქვა მან და დაამატა, რომ ახლა რუსული თავდასხმის შედეგად ქალაქი “სასაფლაოდაა” გადაქცეული.


მარიუპოლის ბევრი მცხოვრების მსგავსად, ინტენსიური ბრძოლების გამო მედვედევამ ვერ შეძლო მისთვის ძვირფასი ადამიანების სხეულების წესისამებრ მიწისთვის მიბარება.

ანჟელიკა ოჯახთან ერთად.

რუსმა ჯარისკაცებმა ანდრეისა და დენისის ხრწნაშეპარული სხეულები მათი სიკვდილიდან 1 კვირის შემდეგ სატვირთო მანქანაზე სხვა გვამებთან ერთად დააწყვეს და უცნობ ადგილას წაიღეს, – თქვა მედვედევამ.


იმის გამო, რომ ქალაქი რუსული ძალების მიერ იყო გარშემორტყმული და უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა ვერ ხერხდებოდა, მედვედევამ ვალერია და კაროლინა წაიყვანა კრასნოდარში, სადაც კვლავ ცხოვრობენ მისი მშობლები.


მან თქვა, რომ მშობლების მუდარის მიუხედავად, მას შემდეგ, რაც მის ოჯახს დაემართა, რუსეთში დარჩენას არ აპირებდა.
“ვიცი ჩემი შვილის დამოკიდებულება რუსეთისადმი და ის არასოდეს მაპატიებდა, მისი შვილი რომ რუსეთში წამეყვანა საცხოვრებლად”, – თქვა მან.


მედვედევა ლიტვაში ჩავიდა, სადაც კაროლინასა და ვალერიაზე ზრუნავს.


“ჩემს ტკივილზე ფიქრის დრო არ მაქვს”, – თქვა მან და დაამატა, რომ ეძებს სამსახურს, სტაბილურ თავშესაფარს და სურს, იზრუნოს ვალერიასა და კაროლინას ბედნიერებაზე.


“მე მაინც მსურს, რომ ჩვენ ცხოვრების შანსი მოგვეცეს, სხვანაირად ვიფიქრებ, რომ ჩემი ქმარი და ვაჟი უმიზეზოდ დაიღუპნენ”, – თქვა მან.


მოამზადა ტოდ პრინსმა რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის კორესპონდენტის – ინა კუზნეცოვას ინფორმაციაზე დაყრდნობით.