საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში "მეორე ფრონტის" საკითხს დაშვებული შეცდომების გადასაფარად იყენებს.
ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ რუსეთთან "მეორე ფრონტის" გახსნის საფრთხე არ არსებობს და არც არავინ ითხოვს ამას საქართველოსგან.
"ჩვენთვის მეორე ფრონტი არ არსებობს, რამეთუ არ ვაპირებთ ომით გადავწყვიტოთ ის, რაც გვინდა შერიგებით, გაერთიანებით. არ არის ეს სცენარი ჩვენთვის შესაძლებელი. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ეს თემა უნდა განვავითაროთ თვით ქვეყანაში და ამ თემით შევაშინოთ მოსახლეობა. მოსახლეობა, რომელიც ყოველდღიურად უყურებს ეკრანებთან, თუ რა ხდება უკრაინაში და ვუთხრათ, რომ შენი არჩევანი არის ან ეს შენც მოგივიდეს, ან ამ ხელისუფლებას შეეგუო და არაფერი არ მოსთხოვო.
ეს არის ფორმა, რითაც ზოგჯერ ხელისუფლება ცდილობს, რომ თავისი მოსახლეობა რაღაც წნეხის ქვეშ მოაქციოს. არ არსებობს ეს "მეორე ფრონტის" რისკი, საფრთხე.
ეს არის შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი, რომ ხალხი ხელისუფლების შეფასებიდან გადაერთოს და საკუთარ უსაფრთხოებაზე იფიქროს, რაც სრულიად ადამიანურია", - თქვა ზურაბიშვილმა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სალომე ზურაბიშვილმა ამ საკითხზე ისაუბრა. 2 ივნისს "პალიტრანიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში მან თქვა:
"არსაიდან არ არის მოთხოვნა ჩვენი პარტნიორების მხრიდან "მეორე ფრონტის" გახსნაზე, არსად, მე სადაც ვიყავი, არავისგან [არ არის].
ის, რომ უკრაინის მთავრობაში მყოფი ზოგიერთი პირისგან ეს მოთხოვნა, სურვილი უფრო სწორად, მოვისმინეთ, ეს გასაგებია - როცა ომში ხარ, გინდა ყველანაირად ამ სიტუაციაში, გინდა გამარჯვებული იყო და ეძებ, საიდან შეიძლება იყოს რაღაცა ფორმის შველა. შეიძლება რაღაცები თქვა, მაგრამ ჩვენ რომ ვამბობთ, რომ არის მოთხოვნები "მეორე ფრონტის" გახსნის, ეს არასწორია.
იმასაც ვიტყვი, არ მგონია ვინმე იყოს ამ ქვეყანაში ომის მომხრე. ეს თემა, მე ვფიქრობ, ჩვენთვის, ყველასთვის დამაზიანებელია. ჩვენ ვიცით, რომ არც მეორე ფრონტის საშუალება, არც სურვილი არ გვაქვს... არ არის საჭირო ამ თემით აპელირება და მანიპულირება".
ასევე ნახეთ ზურაბიშვილი: საქართველოში "ომის პარტია" არ არსებობს, არავინ გვთხოვს მეორე ფრონტის გახსნასპრეზიდენტმა იმავე, "პალიტრანიუსის" ინტერვიუში არასერიოზული უწოდა მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ნათქვამს, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის, შვეიცარიულ ბანკთან შექმნილი პრობლემა საქართველოს ომში ჩართვის სურვილს უკავშირდება.
ასევე ნახეთ კობახიძე ივანიშვილის ბანკთან დავაზე: ადგილი აქვს "კოორდინირებულ ქმედებებს", მიზანი შესაძლოა, ომში ჩართვა იყოს"მე ვლაპარაკობ სერიოზულ საკითხებზე - "მეორე ფრონტის" თუ ომი თემა. არ არსებობს "მეორე ფრონტის" საფრთხე, არ არსებობს "ომის პარტია" თუ პარტიები საქართველოში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ ტოტალურად სოლიდარულები უკრაინასთან", - თქვა ზურაბიშვილმა.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან ხშირად იმეორებენ, რომ საქართველოს ომში ჩართვის სურვილი აქვთ ოპოზიციას და დასავლელი პარტნიორების ნაწილს. საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ოპოზიციონერებს, მეტწილად კი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს, "ომის პარტიის" წევრებად მოიხსენიებენ. მმართველი გუნდის წარმომადგენლები საჯარო კომენტარებში ამბობენ, რომ ოპოზიციას სურს, საქართველო უკრაინაში მიმდინარე ომში ჩართოს და "მეორე ფრონტი" გაიხსნას.
ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილი: ყველას ვაწყენინეთ და ვიმუქრებით... საფრთხე ჩნდება იზოლაციის ასევე ნახეთ პრეზიდენტი 20 ივნისის აქციის ორგანიზატორებს შეკრების გადადებისკენ მოუწოდებს ასევე ნახეთ ზურაბიშვილი საზოგადოებას 16 ივნისს ევროპის მოედნიდან რიყემდე შეკრებას სთავაზობსპრეზიდენტის განცხადებების ფონია ევროკავშირიდან პასუხის მოლოდინი გაწევრიანების განაცხადზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი 3 მარტს, მას შემდეგ მოაწერა, რაც 28 თებერვალს, რუსეთის აგრესიის ფონზე, უკრაინამ გააკეთა ანალოგიური განაცხადი. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე მოთხოვნა 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.
ევროპარლამენტმა უკრაინის და მოლდოვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდამჭერი რეზოლუციები, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებით, კრიტიკული რეზოლუცია მიიღო, რომელშიც მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების, ასევე საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების შესახებ არის საუბარი. რეზოლუცია ახსენებს "მთავარი არხის" დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასაც.
ევროკომისიამ მოსაზრება საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის განაცხადზე 17 ივნისს უნდა მიაწოდოს ევროპულ საბჭოს, რომელმაც სამი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება 23-24 ივნისს უნდა გამოაცხადოს.