ჩვენი მისამართია სტუდქალაქი - როგორ ცხოვრობენ პავლე, მედეა, დათო და სხვები

ბაგების სტუდქალაქის პირველი სართული

ოთხი საათი ხდება. ბაგებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის მეორე კორპუსთან კურიერის მოპედი მორახრახდა. მძღოლი მაღალი, ხმელი ბიჭია. მტვერში ამოგანგლული ნაცრისფერი მაისური და მოკლე შარვალი აცვია. უფრო კარგად თუ დააკვირდები, კედები და შარვლიდან გამოჩრილი გამხდარი წვივები მტვერში კი არა, მგონი, ცემენტში უნდა ჰქონდეს ამოვლებული.

პავლე ანდღულაძე, სტუდენტი

- მოხვედი თუ მიდიხარ? - შორიდან ვეკითხები.

- მოვედი, - მპასუხობს, თან ჩაფხუტს იხსნის.

- აქ ცხოვრობ?

- აქ ვცხოვრობ.

- მაშინ, შენი დახმარება მჭირდება. სტატიას ვწერ. რამდენიმე კითხვაზე იქნებ მიპასუხო.

- ჭუჭყიანი რომ ვარ? სამუშაოდან მოვდივარ.

- არაუშავს, დაგელოდებით.

- გამოვიცვლი და მერე.

- ეგრე იყოს.

პავლე

ეს მაღალი და ხმელი ბიჭი პავლე ანდღულაძეა. ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი. კურიერის ჩანთას დერეფანში, სხვა ჩანთების გვერდით ტოვებს - ეს ჩანთები იმის ნიშანია, რომ აქ ბევრი სტუდენტი მუშაობს კურიერად.

პავლე სტუდენტების საერთო საცხოვრებლის ბოლო, მეოთხე სართულზე ცხოვრობს.

სანამ პავლეს ოთახამდე ახვალ, გასული საუკუნის 70-იან წლებში აშენებული და მას შემდეგ, ფაქტობრივად, ხელშეუხებელი სართულები უნდა აიარო. გზა და გზა გადაეყარო ზოგან ქვის იატაკს, ზოგან გადაქექილ პარკეტს, ზოგან, ე.წ. ლინოლიუმს, კედლებს ღრმა ბზარებით, ჭერს წლობით ნადენი წვიმის მსუყე ლაქებითა და ნაფლეთებით, დერეფნებში უსასრულოდ დაკლაკნილ ელექტროგაყვანილობას, სტუდენტების მოხატულ ნაირ-ნაირ კარს, მძიმე ნესტის სუნს და სიჩუმეს. სტუდქალაქის გრძელ და ბნელ დერეფნებში სიჩუმეა. სტუდენტების ნაწილი უნივერსიტეტშია, ნაწილი სამსახურში.

პავლეს ოთახში ორი საწოლი დგას. ორი ძველი საწერი მაგიდა და კარადა საწერ მაგიდებზე უფრო ძველი - ჩამსხვრეული შუშით. სკამიც დგას რამდენიმე და კედელზე თარო კიდია - ხატებით. პავლე სამტრედიიდანაა. იქ მამა და უმცროსი და ჰყავს. დედა თურქეთშია. "რომ არა ოჯახი, აქ მარტო კურიერობითაც გავიტანდი თავს, მაგრამ ოჯახს ფული სჭირდება", - ამბობს პავლე, რომელსაც მზისგან დამწვარი სახე და დიდი ლურჯი თვალები აქვს.

პავლეს წუხელ არ სძინებია. გვიანობამდე კურიერად იმუშავა, საკვებს დაატარებდა, გამთენიისას კი დღიურ სამუშაოზე, მშენებლობაზე წავიდა:

პავლე ანდღულაძე

„სხვანაირად არ გამოდის. მამა უკვე პენსიონერია, ვერ მუშაობს. მე და დედა ვინახავთ ოჯახს. ბოლო რამდენიმე კვირაა დატვირთული გრაფიკით ვმუშაობ. ღამით მეცადინეობა მიჭირს. ამიტომ მირჩევნია ღამე ვიმუშაო და დღისით ვიმეცადინო, მიუხედავად იმისა, რომ ღამენათევი ვარ ხოლმე. ახლა რამდენიმე დღეში ფინალური გამოცდები გვეწყება და ასე მუშაობას ვეღარ შევძლებ. მეტი დრო დამჭირდება სამეცადინოდ. ისე კი ხან მტვირთავი ვარ, ხან მშენებლობაზე ვარ, ხან ბოსტნებში ვმუშაობ, ვბარავ და ხან კიდევ კურიერი ვარ. ხანდახან ისეც მიწევს, რომ ლექტორს ვთხოვ ხოლმე, რომ გამათავისუფლოს. ხუთშაბათი დღეც თავისუფალი მაქვს და მუშაობა შემიძლია. მიუხედავად ამ გრაფიკისა, ცუდ სტუდენტად არ ვითვლები, საშუალო დონის სტუდენტი ვარ“.

კედელი პავლეს ოთახში

პავლე ძირითადად მშრალი საჭმლით იკვებება. თუკი დრო და საშუალებაც აქვს, მაშინ შეიძლება წვნიანიც მოიმზადოს. ბაგების სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში სამზარეულო არ არსებობს. ამიტომ სტუდენტები ძირითადად ოთახებში ან აივნებზე მოწყობილ ე.წ. სამზარეულოებში, სპირალიან, პატარა ელექტრო-ქურებზე ამზადებენ საჭმელს:

„ოსტრი“ მიყვარს ძალიან. კიდევ სოკო. ზოგადად, მიყვარს საჭმლის კეთება. ახლა ჩემი ქურა გადამწვარია და მეზობელს აქვს გატანილი გასაკეთებლად. აქ ასეა, ვინც ერთმანეთთან ახლოს ვართ, ერთად ვამზადებთ საჭმელს. მერე ამ საჭმელსაც ვიყოფთ. გამიჭირდება რამე, დამეხმარებიან. იმათ გაუჭირდებათ რამე, მე ვეხმარები“.

მიუხედავად მძიმე საცხოვრებელი პირობებისა, პავლე ამბობს, რომ სტუდქალაქში ცხოვრება მისთვის მაინც ხელსაყრელია:

„თბილისში ბინის ქირის გადახდას ჩემი და ჩემი ოჯახის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ვერ მოვახერხებდი. აქ თვეში 50 ლარს ვიხდით. ახლა, გამოცდების პერიოდში, უნივერსიტეტმა გამონაკლისი დაუშვა და უფასოდ ვიცხოვრებთ. აქ ხალხსაც შევეჩვიე. მართალია „გადამრიე“ პირობები არ არის, მაგრამ რა ვქნა. ხან ცხელი წყალი არ არის. ხშირად „პლიტები“ გვიფუჭდება. კარგი იქნება, სამზარეულო იყოს, სადაც საჭმლის მომზადებას შევძლებდით. ზამთარში აქ გათბობა არ არის და სტუდენტებს ელექტროგამათბობლებით უწევთ გამოზამთრება. აქ ძველი ელექტროგაყვანილობებია და ამიტომ ხშირად გვიფუჭდება „პლიტები“ და ელექტროხელსაწყოები. ნათურებიც კი ძალიან მალე იწვება და ძვირიანი, შვიდლარიანი ნათურები უნდა დააყენო“.

პავლეს ახლა უნდა, რომ იმ ოთახში, სადაც, სავარაუდოდ, მომდევნო წლების გატარება მოუწევს, სულ მცირე კომფორტი მაინც მოიწყოს:

„აუცილებლად მინდა, რომ კედლები შევცვალო. ეს ძველი ხის კედლები არ მომწონს. შპალერი მინდა გავაკრა. იქნებ ვენტილატორი ვიყიდო ან თუ ხელი მომემართა, პატარა კონდენციონერი დავაყენო. სახურავის ქვეშ ვცხოვრობ, აქ რომ მზე დააჭერს, ძალიან დაცხება“.

გასული საუკუნის 70-იან წლებში აშენებულ სტუდენტურ საცხოვრებელში ე.წ. კაპიტალური რემონტი არასდროს გაკეთებულა. ერთადერთი, რაც ამ 50 წლის განმავლობაში შენობაში მეტ-ნაკლებად მოწესრიგდა, ეს საერთო საპირფარეშოები, საშხაპეები, სამრეცხაო და კომპიუტერული ცენტრია. სტუდქალაქის ადმინისტრატორი აზა ბენიძე გვეუბნება, რომ საპირფარეშოები და სამრეცხაო აქ დაახლოებით ხუთი წლის წინ გარემონტდა.

დღეს ბაგების სტუდქალაქში 232 სტუდენტი ცხოვრობს - თითო ოთახში ორი სტუდენტი. შუადღეს, საერთო საცხოვრებელში, კანტი-კუნტად თუ გადაეყრები სტუდენტებს, მაგრამ ისინიც ლაპარაკს ერიდებიან. ოთახის კარს ოდნავ გიღებენ, ბოდიშს გიხდიან, რომ ან სამეცადინო აქვთ, ან რამდენიმე წუთის წინ დაბრუნდნენ სახლში და საჭმელს ითბობენ - შეღებული კარიდან ჩანს, როგორ თუხთუხებს წყალი სპირალიან ქურაზე შემომდგარ ქვაბში. ან უბრალოდ პირდაპირ გეუბნებიან, რომ ლაპარაკის სურვილი არ აქვთ. მიზეზსაც გიხსნიან - ბოლო დღეებია, სტუდქალაქს უამრავი ჟურნალისტი აკითხავს - „მერე ზოგი ისე ამბობს ჩვენზე და ზოგი ასე, ზოგი იმას წერს და ზოგი ამას“.

მედეა

მედეა ქურდაძე ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტია. ბაგების სტუდქალაქში მაისიდან ცხოვრობს. მედეა სოფელ რუისიდანაა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სტუდქალაქში რთული საცხოვრებელი პირობებია, ამბობს, რომ ბინების ძებნასა და შემდეგ ამ ბინებში საკმაოდ ძვირი ქირის გადახდას, ამ ეტაპზე, მაინც სტუდქალაქში ცხოვრება არჩია:

მედეა ქურდაძე

„მთელი ბაკალავრიატი გავწამდი. სტაბილური საცხოვრებელი არ მქონდა. ძალიან ხშირად მიწევდა ბინის დაცლა. ყველგან პრობლემა მხვდებოდა. ერთ ბინაში კინაღამ გაზით გავიგუდე. გადავწყვიტე, რომ სტუდქალაქში გადმოვსულიყავი. აქ ადმინისტრაციაა. როცა რაიმე გაფუჭდება, შემიძლია ვიღაცას ვთხოვო, რომ დამეხმაროს. თავიდან რომ ვნახე, სამზარეულო არ იყო, შემეშინდა, საჭმელი სად უნდა მოვამზადო-მეთქი, მაგრამ ნელ-ნელა მივეჩვიე. წლებია, ვცდილობ, სწორი კვების რეჟიმი დავიცვა და აქაც ვაგრძელებ. დისკომფორტი ისაა, რომ დენის „პლიტაზე“ საჭმლის მომზადებას უფრო მეტი დრო სჭირდება. თითო სართულზე თითო საერთო სველი წერტილიც, ცხადია, დისკომფორტია, მაგრამ რაღაცნაირად ისე მოვახერხე, რომ ჩემი პირადი სივრცე მაინც მოვიწყვე“.

დათო

"არეულ-დარეული ვარ, უხერხულია", - კარი გაგვიღო დათომ. მერე შებრუნდა, ცალი ხელით საწოლი შეასწორა, მეორე ხელით სახლის ჩუსტები შემალა მაგიდის ქვეშ და მობრძანდითო, გვითხრა. დათო სიგუა სამ წელზე მეტია სტუდქალაქში ცხოვრობს. ის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია.

დათო სახლში გამთენიისას დაბრუნდა. პავლეს მსგავსად ისიც ერთ-ერთ საკურიერო კომპანიაში მუშაობს. დათო სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა. მამა რამდენიმე თვის წინ გარდაეცვალა. ახლა სწავლაც და ოჯახის ფინანსური უზრუნველყოფაც მისი მოვალეობაა:

დათო სიგუა

„ჩემთვის აქ ცხოვრება ახლა შეღავათია. ხანდახან ისეც ხდება ხოლმე, რომ თვეში ამ 50 ლარის გადახდაც მიჭირს და ვთხოვ ხოლმე, რომ ცოტა მადროვონ. თუკი შესაძლებელი იქნება, რომ ამ შენობაში ან რემონტი გაკეთდეს ან საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდეს, რა თქმა უნდა, ამაზე უკეთესი რა იქნება, მაგრამ ახლა ის სიტუაცია მაქვს, რომ ესეც რომ არ იყოს, ნამდვილად არ მეცოდინებოდა, სად უნდა წავიდე. მე სოციალურად დაუცველი ოჯახიდან ვარ. ოჯახი იმერეთში ცხოვრობს. სახლში დედა და და-ძმა მყავს. კურიერად დავიწყე მუშაობა, რადგან უფრო მოქნილი გრაფიკი მაქვს. დილით უნივერსიტეტში ვარ. შუა დღეს ვმეცადინეობ. საღამოობით ძიუდოში ვვარჯიშობ,. თუ მშობლებისგან უზრუნველყოფილი არ ხარ, ძალიან ძნელია ამ ყველაფრის შეთავსება. პირველ რიგში ფსიქოლოგიური სტრესია. ბევრ რამეზე გიწევს ფიქრი, ყურადღების გამახვილება. სწავლა დიდ კონცენტრაციას მოითხოვს იმისათვის, რომ კარგი პროფესიონალი დადგე, მაგრამ გულს მაინც არ ვიტეხ და მგონია, რომ ახლო მომავალში თუ არა, რამდენიმე წელში მაინც მივაღწევ იმას, რა გეგმებიც მაქვს დასახული. მინდა, რომ რომელიმე ბანკში, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტში დავსაქმდე. რთულია, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ, რომ ამ სიტუაციიდან მალე ამოვიდე, საკუთარ თავსაც მივხედო და ოჯახსაც“.

აივანზე მოწყობილი სამზარეულო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, რომელიც ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს 2019 წლის დასკვნას დაეყრდნო, ბაგების სტუდქალაქს რეაბილიტაცია არ ჩაუტარდება. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო თავისუფლებას 13 ივნისს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ნატა ასათიანმა მიაწოდა. მისი განმარტებით, დასკვნის საფუძველზე, „შენობის გამაგრება-რეაბილიტაცია აზრს იყო მოკლებული“ და გადაწყდა ახალი საერთო საცხოვრებლის აშენება, თუმცა, ახალი სტუდქალაქის მშენებლობის დაწყებას მაშინ პანდემიამ შეუშალა ხელი.

რადიო თავისუფლება დაინტერესდა, კონკრეტულად რა ეწერა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში, უსაფრთხოა თუ არა დღეს იქ სტუდენტების დაბინავება, ექვემდებარება თუ არა შენობა რეაბილიტაციას. უნივერსიტეტის ადმინისტრაციას დოკუმენტის დეტალების გაცნობა ვთხოვეთ, თუმცა, დღის ბოლოს, უნივერსიტეტის პრეს-სამსახურისგან მხოლოდ ერთაბზაციანი განმარტება მივიღეთ, რომელიც არა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, არამედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების დათვალიერების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას შეეხებოდა:

„სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების და დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული ბაგების სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის №1 და №2 კორპუსების დათვალიერების შემდეგ, კორპუსების სიძველიდან და კორპუსების როგორც ერთიანი შენობის, ასევე მათი ცალკეული კვანძების მდგომარეობიდან გამომდინარე შეჯერდა პოზიცია. ექსპერტები თვლიან, რომ კორპუსებში სარემონტო სამუშაოების ჩატარება შესაბამისი გამაგრებებით და კვანძების გაძლიერებით, იქნება თითქმის იგივე ღირებულების, ვიდრე ახალი შენობის აშენება“.

ბაგების სტუდქალაქის მეორე კორპუსი

რაც შეეხება ახალი შენობის აშენებას, 13 ივნისს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ნატა ასათიანმა გვითხრა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს: „არის რამდენიმე ვერსია, რომლებსაც განვიხილავთ და უახლოეს პერიოდში გადაწყდება, აშენდება მხოლოდ თსუ-ს სტუდენტებისთვის დაახლოებით 1000 სტუდენტზე გათვლილი საცხოვრებელი, თუ უფრო დიდი სტუდენტური საცხოვრებელი. ეს ჯადოსნური ჯოხის ერთი აქნევით ვერ მოგვარდება. მშენებლობას ეხება და გრძელვადიანი პროცესია“.

მეტი დეტალის დასაზუსტებლად უნივერსიტეტის პრეს-სამსახურს მივმართეთ, თუმცა, პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა „სამინისტროში“ გადაგვამისამართა, რადგან მისი თქმით, 2019 წელს, ახალი სტუდქალაქის მშენებლობის თაობაზე „მოთხოვნა ინტერესის გამოხატვის შესახებ“ სამინისტრომ მოამზადა.

2019 წელს ეს „სამინისტრო“ კულტურის, სპორტის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უნდა ყოფილიყო, რადგან 2021 წლამდე სწორედ ერთი სამინისტრო აერთიანებდა კულტურისა და განათლების მიმართულებებს.

კონკრეტულად რა დოკუმენტი მოამზადა 2019 წელს კულტურისა, სპორტის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ახალი სტუდქალაქის მშენებლობის შესახებ, რომლის საპირწონედ უარი ითქვა ბაგებში არსებული სტუდქალაქის რეაბილიტაციაზე, რადიო თავისუფლებამ ამ კითხვაზე პასუხი განათლების სამინისტროსგან ამ დრომდე ვერ მიიღო.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილის ორთვიანი პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სტუდენტებისათვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაა.

დღეს თბილისის სახელმწიფოს უნივერსიტეტი ორ სტუდენტურ საცხოვრებელს ფლობს. ერთს ბაგებში, მეორეს კი ლისზე. ჯამში, ეს ორი სტუდენტური საცხოვრებელი დაახლოებით 550 სტუდენტს ჰყოფნის. მათგან 320 ადგილი ლისის საერთო საცხოვრებელზე მოდის, რომელიც 2013-2014 წლებში აშენდა და სადაც ერთი თვის საფასური 150 ლარს შეადგენს.