საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ უსასყიდლოდ მიიღებს ლეგენდარული მინერალური წყლის, „ბორჯომის“ აქციების უმრავლესობას, თუმცა ქარხნის თანამშრომლები კვლავ გაფიცულები არიან და ძვირფასი სითხე პირდაპირ ქალაქთან ჩამომავალ მდინარეში ჩაედინება.
13 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „სახელმწიფო გახდება „ბორჯომის“ ქარხნის, ჩვენი ეროვნული სიმდიდრის, სიამაყის თანამფლობელი“.
ამ სიამაყის საფუძველია შუშხუნა, ოდნავ მარილიანი წყალი, რომელიც თბილისიდან 120 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ ბორჯომში, რამდენიმე წყაროდან მოედინება.
ბორჯომის მწვანე ბოთლები რუსეთის იმპერიაში 1890-იანი წლებიდან გამოჩნდა, მეოცე საუკუნეში კი „ბორჯომის“ ბრენდი ჯერ საბჭოთა კავშირის, შემდეგ კი დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა. ირწმუნებიან, რომ ამ წყალს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო უამრავი თვისება აქვს და 24 თებერვლამდე, რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმამდე, ის 40 ქვეყანაში იყიდებოდა.
29 აპრილს „IDS ბორჯომმა“, მინერალური წყლის მწარმოებელმა საქმიანობა შეაჩერა და განაცხადა, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო პროდუქციის ექსპორტი შეუძლებელი გახდა.
„ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტს 2013 წლიდან ფლობს Alfa Group -ი, რომლის დამფუძნებელი სანქცირებული რუსი მილიარდერი, ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანია, რომელსაც სანქციები ომის დაწყების შემდეგ მალევე დაუწესეს.
მიხაილ ფრიდმანი საბჭოთა უკრაინაში დაიბადა და ის ომის წინააღმდეგ გამოვიდა - „ტრაგედია“ უწოდა ორივე ქვეყნისთვის. დასავლეთის მთავრობები კი მიიჩნევენ, რომ მას კვლავინდებურად ახლო კავშირები აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
„IDS ბორჯომმა“ თანამშრომლებს შესთავაზა სამუშაოს დაჰბრუნებოდნენ დროებითი კონტრაქტებით, განახევრებული ხელფასით. ბევრმა ამაზე უარი განაცხადა და 49 ადამიანი დაითხოვეს. თანამშრომელთა უმეტესობა თვეში დაახლოებით 1600 ლარს გამოიმუშავებდა - ისინი ამბობენ, რომ ამის ნახევრით ოჯახს ვერ შეინახავენ.
მაისის ბოლოს მოლაპარაკებები ხელმძღვანელობასთან ჩიხში შევიდა და თანამშრომლები გაიფიცნენ.
ქარხანა გაჩერდა, ბორჯომის მინერალური წყალი კი გუჯარეთისწყლის მდინარეში ჩაედინება. „ბორჯომის“ ბოთლებიც დახლებზე შემცირდა. ბათუმში „ბორჯომის“ ბრენდირებული მაცივრები ცარიელია, თავად ბორჯომში კი მინერალური წყლების სხვა ბრენდებითაა სავსე.
13 ივნისის შეთანხმების მიხედვით, კომპანიის თანამფლობელი საქართველოს მთავრობა გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ „ბორჯომი“ რუსული კომპანიების წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისგან გათავისუფლდება. თუმცა, ბორჯომის ქარხნის წინ, სადაც თანამშრომლები ჩრდილში სხედან ან ფრენბურთს თამაშობენ, ბევრი არაფერი შეცვლილა.
გიორგი გაბაშვილმა, ერთ-ერთმა გაფიცულმა თანამშრომელმა, რადიო თავისუფლებას 14 ივნისს უთხრა, რომ ამ შეთანხმების შემდეგ თანამშრომლებს „არ ჰგონიათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ფიქრობენ, რომ მთავრობიდან ვინმე მოვა, დაგველაპარაკება და ჩვენც ჩვენს მოსაზრებებს გავაცნობთ“.
გიორგი გაბაშვილი ამბობს, რომ თანამშრომლების მოთხოვნები უცვლელია - გათავისუფლებული თანამშრომლების დაბრუნება და ძველი, შედარებით უკეთესი კონტრაქტების აღდგენა.
ქარხნის ერთმა თანამშრომელმა, რომელიც 12 ივნისს გველაპარაკა და გვთხოვა, მისი სახელი არ გვეხსენებინა, გვითხრა, რომ თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში ყარაულობდნენ ქარხნის შესასვლელს, რათა „ხელმძღვანელობას შესვლა ვერ მოეხერხებინა“.
„IDS ბორჯომი საქართველოს“ ხელმძღვანელობამ ივნისში გაფიცულ თანამშრომლებს მიმართა, რომ „მიუღებელია ულტიმატუმის ენით საუბარი და წარმოებაში ჩართული თანამშრომლების მიმართ აგრესია“.
რამდენიმე ასეული მეტრით მოშორებით იმ ადგილიდან, სადაც ქარხნის გაფიცული თანამშრომლები სხედან და მთავრობის წარმომადგენელს ელიან, ტურისტები რიგში დგანან, რათა დალიონ ის წყალი, რომელსაც რუსეთის მეფეები და საქართველოს პრეზიდენტები სვამდნენ. ზოგს მოზრდილი ბოთლი აქვს მოტანილი, წყლის სახლში წასაღებად, სხვები კი თბილ წყალს პლასტმასის ჭიქებიდან სვამენ.
გიორგი ამბობს, რომ ბორჯომის წყლის ისტორია მათ სამსახურს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს. ქალაქის ერთმა მკვიდრმა რადიო თავისუფლებას უთხრა: „ჩვენ ამ ქალაქიდან ვართ. აქ დავიბადეთ და აქ ვისწავლეთ. ბორჯომის წყალი საქართველოს ისტორიაა და ვამაყობთ, რომ აქ ვმუშაობთ. გვინდა, რომ ასეც გაგრძელდეს“.