შოტლანდიამ დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმისთვის მზადება დაიწყო

შოტლანდიის პირველი მინისტრი ნიკოლა სტერჯენი

შოტლანდიის პირველმა მინისტრმა (არაოფიციალურმა პრემიერ-მინისტრმა) ნიკოლა სტერჯენმა სამშაბათს ედინბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა შოტლანდიის დამოუკიდებლობის თაობაზე მეორე რეფერენდუმის შესახებ.

შოტლანდიის მთავრობის ოფიციალურ საიტზე 14 ივნისს გამოქვეყნდა დოკუმენტი სახელწოდებით „დამოუკიდებლობა თანამედროვე მსოფლიოში. უფრო ჯანსაღი, უფრო ბედნიერი, უფრო სამართლიანი: რატომ არა შოტლანდია?“, რომელშიც წარმოდგენილია სახელმწიფოს რეფორმირების გეგმა. დოკუმენტის წინასიტყვაობაში სტერჯენმა დაწერა, რომ ახლა საუკეთესო დროა „ახალი შოტლანდიის“ ასაშენებლად - „კორონავირუსის, ბრექსიტისა და ბორის ჯონსონის“ შემდეგ.

ახალი კენჭისყრის ჩასატარებლად საჭიროა დიდი ბრიტანეთის მთავრობის თანხმობა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ახლა არ არის რეფერენდუმზე ლაპარაკისთვის შესაფერისი დრო. ადრე მან პირობა დადო, რომ არ დაუშვებს შოტლანდიის გამოყოფას და განაცხადა, რომ საკითხი გადაწყდა 2014 წელს, პირველი რეფერენდუმის დროს.

მაშინ შოტლანდიის მოსახლეობის 55%-მა კენჭისყრაში მხარი არ დაუჭირა დამოუკიდებლობას. რეფერენდუმი ჩატარდა ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლამდე, შოტლანდიელი ნაციონალისტები დარწმუნებული არიან, რომ ბრექსიტის შემდეგ რეფერენდუმის შედეგი კარდინალურად განსხვავებული იქნებოდა.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ცხადყოფს, რომ დამოუკიდებელი შოტლანდიის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების რაოდენობა დაახლოებით თანაბარია. მაგრამ მოსახლეობის მხოლოდ ერთი მესამედი ემხრობა ახალი რეფერენდუმის გამართვას, როგორც მეტყველებს მაისში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვა. ამის შესახებ გაზეთი The Scotsman-ი იტყობინებოდა.