რუსი სამხედრო ინჟინრის გაქცევა ორენბურგიდან ევროპაში

დმიტრი დომოვეცკიხი

როცა უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრიდან სამ კვირაში დმიტრი დომოვეცკიხის კარზე რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა დააკაკუნეს, მან იცოდა, რომ ქვეყანა უნდა დაეტოვებინა.

ასე დაიწყო 38 წლის ელექტროინჟინრის მრავალკვირიანი ოდისეა მშობლიური ორენბურგიდან ლიეტუვამდე, სადამდეც მან მალვით, ღამ-ღამობით მოძრაობითა და ჭაობების გადალახვით მიაღწია.

ორენბურგში დომოვეცკიხი რვა წელზე მეტ ხანს მუშაობდა კომპანია „ორიონში“, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მსხვილ კონტრაქტორთან, "VPK NPO მაშინოსტროენიასთან“ არის დაკავშირებული. სხვა პროდუქციასთან ერთად ისინი ფრთოსან რაკეტებს აწარმოებენ რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის.

დომოვეცკიხი „ზუმით“ ელაპარაკა რადიო თავისუფლებას ვილნიუსის მახლობლად მდებარე ლტოლვილთა ბანაკიდან. მისი თქმით, უკვე ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გაუჩნდა შიში თავისი სამსახურის გამო, რომელიც იარაღის წარმოებაში მონაწილეობდა.

როცა 24 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა, ინჟინერი უკვე აქტიურად ფიქრობდა სამსახურის გამოცვლის შესახებ.

როცა უკრაინაში შეჭრის შესახებ გაიგო, სამსახურში იმყოფებოდა. როგორც იხსენებს, ის კოლეგებთან მივიდა და ერთ-ერთ ამხანაგს უთხრა, რომ უკრაინაში ნამდვილი ომი მიმდინარეობდა.

დომოვეცკიხის თქმით, ზოგი კოლეგა უემოციოდ ეჩვენა, ზოგი კი აღელვებული იყო.

„ამან დამატებით შემაძრწუნა. იცოდნენ, რომ ხალხს ბავშვები ჰყავდათ, ისინი კი მაღალი სიზუსტის დარტყმებზე ლაპარაკობდნენ,“ იხსენებს ის.

ასევე ნახეთ „ვაღიაროთ - წარმოდგენა არ გვაქვს, კიდევ რამდენ ხანს გასტანს ეს ომი” - პოლკოვნიკი დევიდ ჯონსონი

3 მარტს სამსახურის დატოვების განცხადება დაწერა. ის და მისი მეუღლე, ვლადა, რომელიც კლინიკურ ფსიქოლოგად მუშაობდა, ფიქრობდნენ ან ორენბურგში დარჩენას, ან სანქტ-პეტერბურგში გადასვლას.

ეროვნული უსაფრთხოების ძველი წესების თანახმად, თავდაცვით ქარხანაში მუშაობა ზრდიდა იმის ალბათობას, რომ მას რუსეთის დატოვების უფლებას არ მისცემდნენ. ადრე მას უკვე ჰქონდა ამასთან შეხება - ის უცხოეთში არ გაუშვეს იმ მოტივით, რომ გასაიდუმლოებულ მასალებთან ჰქონდა შეხება. მაგრამ, როგორც დომოვეცკიხმა თქვა, სამსახურიდან წასვლის მომენტში, მასზე აღარ ვრცელდებოდა ეს წესები.

18 მარტს, სამსახურიდან ოფიციალურად წასვლიდან ორი კვირის შემდეგ, მის ბინაში ფსბ-ს თანამშრომლები მივიდნენ ჩხრეკის ორდერით. ჩხრეკა 3-4 საათს გრძელდებოდა, მაგრამ არაფერი წაუღიათ. შეამოწმეს მისი ტელეფონები, კომპიუტერი, დაათვალიერეს ფოტოები, ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა ვინმესთან კონტაქტი უცხოეთში.

ინჟინრის თქმით, სამი დღის შემდეგ, 21 მარტს, მას ყოფილი სამსახურიდან დაურეკეს და მიიწვიეს ახალი წესების გასაცნობად, რომლებიც მას კიდევ ხუთი წლით უკრძალავდა საზღვარგარეთ გამგზავრებას.

ის არ გამოხმაურებია ამ მიწვევას.

მან და მისმა ცოლმა გადაწყვიტეს, ქვეყანა დაეტოვებინათ.

დომოვეცკიხის, თქმით, მისი ხანდაზმული მშობლები უფრო ადრეც ხვდებოდნენ, რაში იყო საქმე და გაგებით მოეკიდნენ შვილის გადაწყვეტილებას.

მინსკში გაქცევა

დომოვეცკიხმა იფიქრა, რომ მოსკოვიდან სადმე გაფრენა სარისკო იყო მისთვის და მისი მეუღლისთვის და რომ უფრო იოლი იქნებოდა უცხოეთში მოხვედრა ბელარუსიდან, რომელთანაც რუსეთს უვიზო რეჟიმი აქვს.

მათ 21 საათი იმგზავრეს ტაქსით მოსკოვამდე, იქიდან შეეძლოთ მიკროავტობუსით ჩასულიყვნენ მინსკამდე, მინსკიდან კი გაფრენილიყვნენ თბილისში, რომელსაც ამჟამად რუსეთიდან გაქცეული ბევრი ადამიანი აფარებს თავს.

მინსკის აეროპორტამდე 8-საათიანი მგზავრობის შემდეგ ბელარუსის სასაზღვრო-საპასპორტო კონტროლმა მათ ბეჭედი ჩაურტყა პასპორტებში და მალე ცოლ-ქმარი თბილისში მიმავალ თვითმფრინავში აღმოჩნდა. მაგრამ ფრენა ერთი დღით გადაიდო ტექნიკური პრობლემების გამო.

სასაზღვრო ბოძები ბელარუსისა და ლიეტუვის საზღვარზე. დმიტრი დომოვეცკის ფოტო.

მომდევნო დღეს მათ ხელახლა გაიარეს საპასპორტო კონტროლი. დომოვეცკიხი გააჩერეს, მისი მეუღლე კი გაატარეს. ინჟინრის სიტყვებით, სასაზღვრო კონტროლის მაღალი რანგის ოფიცერმა მას უთხრა, რომ ისინი მის პასპორტს იტოვებენ, ვინაიდან რუსეთის ხელისუფლებამ ის გააუქმა.

დომოვეცკიხის ცოლი ორენბურგში დაბრუნდა, თვითონ კი მინსკში დარჩა. სამი კვირის განმავლობაში სწავლობდა, როგორ მოხვედრილიყო ლიეტუვის საზღვართან.

„თან მქონდა პატარა ზურგჩანთა ორენბურგიდან წამოღებული შემთხვევითი ნივთებით,“ თქვა მან. „მეცვა საკმაოდ თბილი ზამთრის ქურთუკი, ჯინსი, ზამთრის ფეხსაცმელი და ორი პულოვერი. ეს დამეხმარა, ვინაიდან ღამით ციოდა. თან მქონდა შოკოლადის ფილები, ცოტაოდენი წყალი, ტელეფონი და დოკუმენტები.“

როგორც დომოვეცკიხი ჰყვება, ტელეფონი ძალიან დაეხმარა ჭაობებში გზის გაგნებაში. დროდადრო მზის მიხედვითაც იგნებდა გზას.

მოსაღამოებულზე მიადგა ბელარუსის სასაზღვრო სოფელს, რომლის დასახელების საიდუმლოდ შენახვა ითხოვა, რათა სხვებს არ შეეშალოთ ხელი მსგავსი მარშრუტის გავლაში.

დაღამებამდე ტყეში დამალული იცდიდა. შემდეგ რადიოგადამცემის ხმას მოჰკრა ყური. იფიქრა, რომ მესაზღვრეებმა აღმოაჩინეს და იქაურობას გაეცალა. ნელა მიიწევდა წინ.

„ძალიან ნელა ვმოძრაობდი, ხოხვით,“ ამბობს დომოვეცკიხი. „საათ-ნახევარს მოვუნდი სულ რაღაც 600 მეტრის გავლას.“

დაახლოებით ღამის 3 საათზე მიაღწია ბელარუსის ერთ-ერთ სოფელს და თავი ბელარუსის მაცხოვრებლად გაასაღა. ამის შემდეგ კიდევ ექვსი კილომეტრი იარა ფეხით, სანამ ლიეტუვის საზღვრამდე მიაღწევდა.

„იქ მავთულხლართების ნაცვლად ჭაობნარში ამოთხრილი იყო საკმაოდ ღრმა და ფართო თხრილი, რომელიც წყლით იყო სავსე,“ ჰყვება დომოვეცკიხი.

მისი თქმით, ამის შემდეგ აიღო ტანსაცმელი და შევიდა წყალში, რომელიც მკერდამდე სწვდებოდა. ასე გადავიდა ლიეტუვაში.

ლტოლვილთა ბანაკი ლიეტუვაში. დმიტრი დომოვეცკიხის ფოტო.

„ტელევიზიის კლიშეები“

ლიეტუვის უახლოესი სოფელი სენოვე ათი წუთის სავალზე იყო. იპოვა ადგილობრივი მაცხოვრებელი, რომელმაც რუსული იცოდა და ლიეტუვის სასაზღვრო დაცვას დაუკავშირდა.

„მთლიანობაში 16 საათი დამჭირდა საზღვრის გადაკვეთისთვის,“ იხსენებს დომოვეცკიხი.

მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღე დაყო ლტოლვილთა ბანაკში, სადაც ძირითადად იმყოფებოდნენ ლტოლვილები ახლო აღმოსავლეთიდან და ავღანეთიდან, ის დაკითხეს, შემდეგ გაუშვეს და სამსახურის ძებნის უფლება მისცეს, სანამ თავშესაფარზე მის განაცხადს დაამუშავებდნენ.

დომოვეცკიხმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თქვა, რომ ის რამდენიმე დღე ასრულებდა სხვადასხვა სახის შემთხვევით სამუშაოს. ძირითადად მშენებლობებზე მუშაობდა.

ამასობაში მისმა მეუღლემ მოახერხა რუსეთიდან საქართველოში ჩასვლა. მათ გადაწყვეტილი აქვთ, რომ ცოლიც ლიეტუვაში ჩავიდეს.

ინტერვიუში დომოვეცკიხი შეეხო რუსეთში პროპაგანდის მეშვეობით ხალხის „ტვინების გამორეცხვის“ თემასაც.

რუსეთის მთავრობამ „თაობების განმავლობაში მოახდინა ხალხის ტრავმირება და ჩემი ასაკის ადამიანები იმათ შორის გაიზარდნენ, ვინც საბჭოთა კავშირის მხრიდან იყო ტრავმირებული,“ თქვა მან. „ყველას სურს, იყოს ძლიერთა გვერდით, ანუ იმათ გვერდით, ვინც უფრო ძლიერია და ვინც უფრო თავდაჯერებულია, უფრო აგრესიულია. საპირისპირო პოზიციაზე დგომა ერთგვარად არაპოპულარულია, შენ განიკვეთები, თუკი ხელისუფლებას ეკამათები.“

დომოვეცკიხის სიტყვებით, რუსეთს „თავი მოაქვს, ვითომ ძლიერი იყოს. მაგრამ სინამდვილეში ვხედავთ, რამდენად უგუნურია ის, ვხედავთ, რომ ის მზადაა ყველაფერზე წავიდეს, მზადაა იოლად დაანგრიოს, მთლიანად, განურჩევლად და სრულად გაანადგუროს ხალხი სხვა ქვეყანაში, მზადაა გაანადგუროს საკუთარი მოქალაქეები, მზადაა იქნიოს ბირთვული კომბალი.“

„არის რამე, რასაც ამის კვლავ უკან დაბრუნება შეუძლია? არა მგონია. უბრალოდ არ მესმის, როგორ შეიძლება ადამიანების ცნობიერების ასე სწრაფად შეცვლა, ერთი ღილაკის დაჭერით, რომ ყველამ იხილოს სინათლე.“