ნორვეგიაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კოლეგასთან, მასუდ გარახანისთან შეხვედრის შემდეგ მედიისთვის განცხადება გააკეთა.
პარლამენტის სპიკერმა სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„წარმოვადგენ რა პარლამენტის ახლად არჩეულ თავმჯდომარეს, მეც ვაწყდები გამოწვევებს, მით უმეტეს ამ გამოწვევებით სავსე დროში, როდესაც რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ამის ფონზე, გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი ძმებისა და დების მიმართ, მაგრამ, მეორეს მხრივ, გადავხედოთ და ხელახლა გავიაზროთ NATO-სა და ევროკავშირის მიდგომები, პერსპექტივები და როლი ჩვენს რეგიონში. ამ მხრივ, როგორც მოგეხსენებათ, საქართველომ ცოტა ხნის წინ უკვე გააგზავნა ევროკავშირის წევრობის განაცხადი, რასთან დაკავშირებითაც ქართველ ხალხს აქვს ევროკავშირის დადებითი გადაწყვეტილების იმედი და მოლოდინი“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, ნორვეგია საქართველოს ერთ-ერთი მჭიდრო პარტნიორი, ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისა და ნატოში ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია.
უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს, ხოლო უკრაინის წინააღმდეგ 2014 წელს რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის გათვალისწინებით, პროგნოზის გაკეთება შესაძლებელი იყო.
„ვფიქრობ, რომ დადგა ის მომენტი, როდესაც დასავლურმა და დემოკრატიულმა საზოგადოებამ სოლიდარობის ნიშანი უნდა გაუგზავნოს არა მხოლოდ უკრაინელ ხალხს, არამედ ქართველ და მოლდოველ მოსახლეობას და მხარდაჭერა გამოუცხადოს მათ იმ მისწრაფებაში, რასაც ევროპული ოჯახში დაბრუნება ჰქვია. ასევე, გაუგზავნოს მკაფიო სიგნალი რუსეთს, რომ შეუძლებელია, რომელიმე ქვეყანამ ხელი შეუშალოს ხალხის დემოკრატიული მისწრაფებას დემოკრატიული საზოგადოებისკენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვიზიტის ფარგლებში შეხვდა ასევე ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, ჰენრიკ თუნს.
3 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს.
ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით წარდგენის გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც 28 თებერვალს, მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინამ გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით მოთხოვნა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.
9 ივნისს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ.
რეზოლუციაში შევიდა ასევე ევროპარლამენტის ჯგუფების - „ევროპის სახალხო პარტიის (EPP), „განაახლე ევროპის“ (Renew Europe) და „ევროპის კონსერვატორები და რეფორმატორების“ (ECR) - შესწორება, რომელიც მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას.
ამ სამი ჯგუფის მიერ წარდგენილ შესწორებაში წერია, რომ ევროპარლამენტი „გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციულ როლზე, რომელსაც ერთპიროვნული ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი თამაშობს ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში, შეშფოთებას მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე გავლენის დონის გამო, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით".