სულ უფრო ცოტა რჩება ნატოს 29-30 ივნისის დიდ სამიტამდე მადრიდში და თურქეთის ვეტოს საკითხი შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ჯერ გადაჭრილი არ არის.
ბრიუსელში, სტოკჰოლმსა და ჰელსინკიში განწყობილება დამძიმდა - ისე ჩანს, რომ ესპანეთის დედაქალაქში შეხვედრამდე ვითარება შეიძლება აღარც შეიცვალოს. მოლოდინი, რომ ჩრდილოელი დუეტი ზაფხულის ბოლოს ალიანსის 31-ე და 32-ე წევრები გახდებოდნენ და მათი გაწევრიანება ყველა სწრაფი იქნებოდა ამ კლუბის ისტორიაში, როგორც ჩანს, არ გამართლდება. ახლა უკვე ლაპარაკია იმაზე, რომ დაპირისპირებამ შესაძლოა წლის ბოლომდე გასტანოს.
პირველ რიგში ყველას ყურადღება მიპყრობილია თურქეთის ლიდერის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის მისამართით. ახლა მის მკაცრ პოზიციას ფინეთისა და შვედეთის წინააღმდეგ უფრო სერიოზულად აღიქვამენ, ვიდრე თავიდან. ბევრი გადასცქერის ატლანტის ოკეანეს იმ იმედით, რომ ყველაფერს აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უშველის. ასევე ელიან, რომ იქნებ შვედეთისა და ფინეთის პრემიერებმა, მაგდალენა ანდერსონმა და სანა მარინმა მოახერხონ პოლიტიკური მანევრის განხორციელება.
თუმცა, არის კიდევ ერთი პიროვნება, რომელმაც შესაძლოა მოახერხოს ჩიხიდან გამოსავლის მონახვა ან, იქნებ, პირიქით, ვითარება კიდევ უფრო გაართულოს. ეს არის ამინე კაკაბავე, ირანში დაბადებული ქურთი, პეშმერგას ყოფილი მებრძოლი, რომელიც ამჟამად გავლენიანი დამოუკიდებელი დეპუტატია შვედეთის პარლამენტში.
კაკაბავე ცალსახად ყველაზე საინტერესო, წინააღმდეგობრივი და ცნობადი პოლიტიკოსია შვედეთში. სხვა თუ არაფერი, მისი 2016 წლის ავტობიოგრაფიის სათაურს შეხედეთ - „ამინე - არც ისე დიდი, როგორც კალაშნიკოვი“ (Amineh - inte större än en kalasjnikov).
ამინე ირანის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქურთისტანის პროვინციაში დაიბადა 1970 წელს, 13 წლისა ქურთ პარტიზანებთან ერთად იბრძოდა, 6 წლის შემდეგ კი შვედეთს შეაფარა თავი. დღის განმავლობაში მოახლედ მუშაობდა, საღამოს კი სწავლობდა. ასე მოახერხა სტოკჰოლმის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამის დამთავრება. 2008 წელს პარლამენტარი გახდა მემარცხენე პარტიიდან და მას შემდეგ ყოველ არჩევნებში იმარჯვებს. ერთხელ დასახელდა „წლის შვედად“ ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური გამოცემის მიერ.
პარტიიდან სამ წელიწადში გარიცხეს - ამინე აკრიტიკებდა პატრიარქალურ-კლანურ სტრუქტურებს იმიგრანტებით დასახლებულ უბნებში, პარტიული კოლეგები კი მას „ისლამოფობიაში“ სდებდნენ ბრალს და ამას უმწვავესი დაპირისპირება მოჰყვა.
ამინე დამოუკიდებელი კანდიდატი გახდა და მისი გავლენა ერთიორად გაიზარდა. სწორედ მისი მხარდაჭერით მოახერხა ანდერსონის სოციალ-დემოკრატიულმა მთავრობამ სათავეში მოსვლა. თავისი ხმის სანაცვლოდ კი ამინემ მოითხოვა, სტოკჰოლმს ქურთებთან დაკავშირებული არაერთი საკითხისთვის დაეჭირა მხარი.
ამ საკითხებს შორის იყო თანამშრომლობა სირიაში მოქმედ ქურთულ მემარცხენე პარტია PYD-სთან, რომელიც ანკარას სძულს; მხარდაჭერა YPG-სთვის, სირიელი ქურთი მებრძოლებისთვის, რომლებსაც ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს; მოთხოვნა, რომ თურქეთმა ციხიდან გამოუშვას ქურთული წარმოშობის თურქი პოლიტიკოსი სელაჰათინ დემირთაში... და ეს ყველაფერი არ არის.
წინა კვირას შვედეთის მთავრობა კინაღამ დაემხო მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ უნდობლობა გამოუცხადა იუსტიციის მინისტრს. კენჭისყრაზე ერთი ხმა დააკლდათ - კაკაბავესი. მართალია, მას ამ ხმის სანაცვლოდ ოფიციალური მოთხოვნები არ წაუყენებია, მაგრამ მედიასთან საუბრისას ახსენა, რომ გარკვეული მოლოდინი აქვს - რომ შვედეთი შეინარჩუნებს იარაღის ემბარგოს თურქეთის წინააღმდეგ და შეამსუბუქებს შვედეთში მცხოვრები 130 ქურთის ბედს, რომლებსაც ქვეყნის უშიშროება საფრთხედ მიიჩნევს, YPG-სთან მათი ასოციაციის გამო.
მან ასევე გაიხსენა, რომ პარლამენტში მომავალ კვირას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კენჭისყრა ჩატარდება - გაზაფხულის ბიუჯეტის მისაღებად. ახლა, ან მთავრობა მოახერხებს და მემარჯვენე პარტიებთან შეთანხმებას მიაღწევს, - რაც ნაკლებსავარაუდოა, - ან კი მისი ხმა კიდევ ერთხელ იქნება გადამწყვეტი ბიუჯეტის მისაღებად.
ფინეთმა ნატოს წევრობაზე განაცხადი შვედეთთან ერთად შეიტანა და წინ, სავარაუდოდ, მარტო არ ან ვერ წაიწევს. შვედეთის შიდა პოლიტიკა კი არ იძლევა საშუალებას, რომ თურქეთთან რაიმე სახის შეთანხმება დაიდოს. დასავლეთის ბევრმა ქვეყანამ - ოფიციალურად ან არაოფიციალურად - უარი თქვა თურქეთის წინააღმდეგ ემბარგოზე. ახლა, როგორც ჩანს, შვედეთი მათ არ შეუერთდება. არც ის ჩანს სავარაუდო, რომ შვედეთი YPG-ს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს. შვედეთში მცხოვრები თურქეთის მოქალაქეების ექსტრადიცია კი საერთოდ წარმოუდგენელია.
შიდაპოლიტიკური ვითარება წარმართავს თურქეთის საგარეო გადაწყვეტილებებსაც. თურქეთში არჩევნების დრო ახლოვდება, ერდოანის რეიტინგი კი ეცემა ქვეყანაში ინფლაციის ზრდასთან ერთად. სწორედ კარგი დროა ნაციონალისტური გრძნობების გასაღვივებლად.
მანამდე კი, სექტემბერში, არჩევნები შვედეთში ჩატარდება.
ამ კენჭისყრის შემდეგ კაკაბავეს შესაძლოა აღარ ეჭიროს ეს განსაკუთრებულად გავლენიანი პოზიცია და სტოკჰოლმიც შეძლებს თავი დაიძვრინოს მისდამი დადებული პირობებისგან. კიდევ ერთი ვარიანტია, რომ სოციალ-დემოკრატებმა მომავალი კვირის საბიუჯეტო კენჭისყრა გადააგორონ და მაშინვე უგანონ კაკაბავეს იმ გათვლით, რომ შვედეთის მოსახლეობა უფრო დიდ მნიშვნელობას მიანიჭებს ნატოში სწრაფ გაწევრიანებას და საკუთარი უსაფრთხოების გაზრდას, ვიდრე ერდოანთან დაპირისპირებას და ქურთების ინტერესების გატარებას.
ვინმემ რაიმე უნდა დათმოს იმისთვის, რომ მადრიდის შეხვედრაზე გარღვევა მოხდეს.