EU რუსეთს ყოველდღე უხდის $1 მილიარდს; ჩვენ არ გვაქვს ეროვნული ინტერესები?! - პრემიერი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობს და დასძენს, რომ ქვეყანა რუსეთთან სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობას არ შეწყვეტს.

„ევროკავშირი რუსეთს ყოველდღე უხდის ერთ მილიარდ დოლარს. ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთში შევიდა 90 მილიარდი დოლარი ამ ვაჭრობის შედეგად, რომელიც რუსეთს დღემდე აქვს ევროპასთან. ჩვენ რა ხდება?! არ გვაქვს ეროვნული ინტერესები? თუ ჩვენთან არ ცხოვრობენ ადამიანები?! თუ ქართველმა ხალხმა ისევ უნდა მოითმინოს, დაიჩაგროს, ომში ჩაებას, დავკარგოთ ტერიტორიები, სახელმწიფოებრიობა?!“ - თქვა ღარიბაშვილმა 13 ივნისს მთავრობის სხდომაზე.

ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ამ კითხვებს ღიად სვამს და „კიდევ უფრო ღიად“ დასვამს. მისივე თქმით, ელოდება „სამართლიან გადაწყვეტილებას“ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.