ხუნდაძე: მაინცდამაინც ისეთი ევროპელობა უნდა დავივალო, რომ ღირსება დავთმო?!

დიმიტრი ხუნდაძე, "ქართული ოცნების" წევრი, პარლამენტის დეპუტატი

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, „ქართული ოცნების" წევრი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ მისი ოჯახი „ბულინგის ქვეშაა“, ევროპარლამენტის რეზოლუციაზე მისი შეფასების გამო.

„რომელია ევროპული სტანდარტი? სიტყვის ამგვარი თავისუფლება? როცა ბინძური ენა ყველაფერს კადრულობს? თუ ერთი ჯგუფის სახალხო დამცველის დეპუტატისადმი სიჩუმისკენ მოწოდება? თუ მაინცდამაინც ისეთი ევროპელობა უნდა დავივალო, რომ ღირსება დავთმო?!“ - წერია ხუნდაძის ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში.

დიმიტრი ხუნდაძემ 10 ივნისს ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის შეფასებისას თქვა, რომ თუკი საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს „ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით“ მიიღებს, მაშინ მასზე უარი უნდა თქვას.

ხუნდაძე განმარტავს, რომ მისთვის ქვეყნის „ღირსება და მისი უსაფრთხოება უპირატესია და უალტერნატივო“ და მიუღებელია ევროპარლამენტარებისგან საქართველოსთვის „საზიანო სიცრუე“.

ხუნდაძე „პასუხისმგებლობიდან ამოვარდნილს“ უწოდებს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, რომელმაც იგი 9 ივნისის რეზოლუციის საკითხზე გამოთქმული კომენტარისთვის გააკრიტიკა.

„ლომჯარია „მიბრძანებს“, რომ გავჩუმდე: - „როგორ ბედავ ამის თქმას?!“, მეუბნება არჩეულ დეპუტატს. არადა, ასეთ ვითარებაში ჩემი გაჩუმებაც დანაშაულია და მისიც!“ - წერს ხუნდაძე.

ის გამოდის მოწოდებით, რომ პატივი სცენ საწინააღმდეგო აზრს და წერს: „მე მინდა ღირსეული ევროპელობა და არა ევროპელობა მის გარეშე!“

10 ივნისს დიმიტრი ხუნდაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციას ქართველი ხალხის შეურაცხყოფა უწოდა.

„ასეთი უსამართლო ევროპა საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ჯერ არ გვინახავს. სტატუსის მისაღებად ღირსებას ვერ დავთმობთ!“ - თქვა მან.

ხუნდაძის შეფასებას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა. მათ შორის, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ და კონსტიტუციამ უკვე გადაწყვიტეს ქვეყნის ევროპული არჩევანი.