12 ივნისს "რუსეთის დღე" აღინიშნება: ათობით ქვეყანაში ომის საწინააღმდეგო აქციები გაიმართება

ანტისაომარი აქცია პრაღაში. 26 მარტი, 2022 წელი

12 ივნისს, რუსეთის სახელმწიფო დღესასწაულზე - რუსეთის დღეს - უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ მსოფლიოს ათობით ქალაქში გაიმართება საპროტესტო მსვლელობები.
აქციებს, როგორც წესი, ამ ქვეყნებში მცხოვრები ის რუსები აწყობენ, რომლებიც ვლადიმირ პუტინის პოლიტიკას არ ეთანხმებიან და ომს ეწინააღმდეგებიან. თუმცა საპროტესტო აქციებში სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც მონაწილეობენ.

12 ივნისს საპროტესტო აქციები ჩვეულებრივ გაიმართება რუსეთის საელჩოების მახლობლად ან ქალაქების ცენტრალურ მოედნებზე. აქტივისტები, კერძოდ, ერევანში, ვენაში, პრაღაში, ჰელსინკიში, თბილისში, პარიზში, ბერლინში, ლონდონში, ვაშინგტონში და კიდევ ათობით ქალაქში შეიკრიბებიან.

უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან მიმდინარე ფართომასშტაბიანი ინტერვენციის განმავლობაში თავად რუსეთში ომის მოწინააღმდეგე 15 000-ზე მეტი მომიტინგე დააკავეს. ბოლო პერიოდში რუსეთში ომის წინააღმდეგ მასობრივი ქუჩის გამოსვლები არ გამართულა. ტარდება მხოლოდ ერთკაციანი პიკეტები, რომლის მონაწილეებსაც პოლიცია სწრაფად აკავებს.