ხანდახან შეიძლება ფიქრობდე, რომ ყველამ შენზე უკეთ იცის, როგორი დედა ან მამა უნდა იყო შენი შვილისთვის. შენზე უკეთ იცის, როგორ უნდა აჭამო შენს შვილს, მაგალითად, შენმა მეზობელმა. შენზე უკეთ იცის, როგორ უნდა ჩააცვა ზამთარში შენს შვილს, მაგალითად, შენმა მამიდამ. შენზე უკეთ იცის, როგორ უნდა მისცე შენიშვნა შენს შვილს, მაგალითად, მეუღლის ბიცოლამ. შენზე უკეთ იცის, როგორ უნდა ამეცადინო საკუთარი შვილი, მაგალითად, მეგობრის რძალმა.
ან შეიძლება არსებობდეს მეორე მოცემულობაც - მაგალითად, გაქვს კითხვები საკუთარ თავთან, როგორც მშობელთან, იწყებ ამ კითხვებზე პასუხის ძებნას, მაგალითად, წიგნებში, ინტერნეტში და უცებ დაგადგება თავზე ან ოჯახის წევრი, ან მეგობარი და ნახევრად ხუმრობით და ნახევრად სერიოზულად გეკითხება - „და რა, ეგ რო არ წაიკითხო, ისე არ იცი, როგორი მშობელი უნდა იყო?“... და შენც ამ კითხვებზე პასუხების ძებნას „მერესთვის“ დებ ან სულაც ფიქრობ, - „ჰო, ისე, ჩემზე უკეთ ვინ იცის, როგორი მშობელი უნდა ვიყო“.
როგორი მშობელი ვარ?
ეს კითხვა ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველა მშობელს დაუსვამს საკუთარი თავისთვის. ამ მთავარი კითხვის მიღმა, როგორც წესი, სხვა უამრავი, ყოფითი, ყოველდღიური კითხვები დგას ხოლმე. მაგალითად, ასეთი: გუშინ რომ ტიროდა და ვუყვირე, იქნებ არ უნდა მეყვირა? რაღაცის მოყოლა რომ უნდოდა და ვთხოვე, დაღლილი ვარ და მერე მომიყევი-მეთქი, იქნებ იმ მომენტში უნდა მომესმინა? დაბალი ქულის გამო რომ გავებუტე, იქნებ ჯობდა, სხვა რეაქცია მქონოდა? მეგობრებთან ერთად რომ არ გავუშვი, იქნებ უნდა გამეშვა? ოთახს რომ ვულაგებ და პურზე კარაქს ვუსვამ, ხომ კარგად ვიქცევი? და ა.შ. დაუსრულებლად.
და ხვდები, რომ ამ კითხვებზე პასუხი გჭირდება.
სწორედ ეს და სხვა უამრავი მსგავსი კითხვა შეაგროვა მეგი კავთუაშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისათვის“ ხელმძღვანელმა და ზუსტად ერთი წლის წინ, გადაწყვიტა, რომ ამ კითხვებზე პასუხი შეძლებისდაგვარად ბევრ მშობელს უნდა მიეღო. ეს პასუხები უნდა მიეღო მათ უფასოდ, მათთვის სასურველ დროს, სივრცესა და გარემოში. ასე დაიბადა ონლაინ-კურსების, „პოზიტიური მშობლობის კურსისა“ და „ქცევის მართვის კურსის“ იდეა.
მაგალითად, „პოზიტიური მშობლობის უპირატესობის“ კურსის გასავლელად და შემდეგ სიმბოლური სერტიფიკატის ასაღებად, მაქსიმუმ ერთი საათი დაგეხარჯება. მთავარია, ყურადღებით მოისმინო სამი ვიდეო-სეანსი, რომელთა ხანგრძლივობა 11-დან 18 წუთამდე მერყეობს და შეავსო სამი ტესტი, რომელიც მიღებული ცოდნის დასადასტურებლად დაგჭირდება.
ონლაინ-კურსები ინტერნეტ-სივრცეში ერთი კვირის წინ ჩაეშვა და ის უკვე რამდენიმე ასეულმა მშობელმა გაიარა. მეგი თვლის, რომ კურსის გავლის შემდეგ, რომელიც თავის თავში აერთიანებს ე.წ. ვიდეო-სეანსებს, პრეზენტაციასა და სახელმძღვანელოს, მშობლებს და არა მხოლოდ მათ, მინიმუმ რამდენიმე მთავარი კითხვაზე პასუხის გაცემაში მაინც დაეხმარება:
„აბსოლუტურად არ ვფიქრობ, რომ ამ კურსით რევოლუციას მოვახდენთ. ერთი, რაც ზუსტად ვიცით, არის ის, რომ მშობლებში ამ თემის მიმართ არის შიმშილი. არ არსებობს მშობელი, რომელსაც ეს კითხვები არ ჰქონდეს. მეორე, მშობლების მიმართ ძალიან ღრმად არის გამჯდარი სტიგმა და ითვლება, რომ ბავშვს რომ გააჩენ, უკვე პროფესორი ხარ. ამიტომ, შეიძლება, მშობელს ერიდებოდეს ასე საჯარო ლექციებზე სიარული, სადაც ბავშვების ქცევისა თუ მშობლობის ტიპების შესახებ ინფორმაციას მიიღებს. მშობლები ხშირად არიან ბულინგის მსხვერპლნი. ადამიანს რომ წამოაძახებენ, ახლა სწავლობ მშობლობას, სამი შვილი რომ გააჩინე? აი, ამგვარი წამოძახებით, მათ თითქოს ამუნათებენ, არცხვენენ და აღარ უტოვებენ შანსს, რომ კითხვებზე პასუხები ეძებონ. ეს კურსი კი საშუალებას მისცემს მათ, რომ ის ინფორმაციული შიმშილი დაიკმაყოფილონ, რომელიც აქვთ და რაც მთავარია, ინფორმაცია მიიღონ კომპეტენტური ადამიანისგან იმ სივრცეში, სადაც უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს - სახლში, საკუთარ ტელეფონში, გაჯეტში... გარდა ამისა, კერძო სეანსებზე სიარული საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, ამიტომ თავიდანვე შევთანხმდით, რომ ონლაინ-კურსების ეს ფორმა, იქნებოდა უფასო. გვინდა, რომ კურსები მაქსიმალურად ბევრი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი. ეს ინფორმაცია მხოლოდ მათთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ვისაც ფული აქვს“.
როგორი აღზრდის სტილი მაქვს?
ვიდეო-სეანსების ავტორი “თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრის” ფსიქოდიაგნოსტი და ფსიქოკონსულტანტი, ზანდა ჩეჩელაშვილია. სწორედ ის უყვება მშობლებს სამ ე.წ. მოკლემეტრაჟიან ვიდეოში, როგორი აღზრდის სტილი აქვთ მათ, რა შეცდომებს შეიძლება უშვებდნენ ისინი შვილების აღზრდის პროცესში და როგორი შეიძლება იყოს „პოზიტიური მშობლობის“ სტრატეგია.
კურსის წერისას, ზანდას მიზანი იყო, რომ ვიდეო-სეანსების ნახვის შემდეგ, მშობლებს კარგად გაეცნობიერებინათ შვილების აღზრდის პროცესში რა სტილს იყენებენ და ამასთანავე, აღმოეჩინათ, აღზრდის ის ალტერნატიული მეთოდები, რომლებიც ითვლება უნივერსალურ, დადებით, არაძალადობრივ მეთოდებად:
„ეს კურსი არის ზოგადი, რადგან როდესაც ასეთ დისტანციურ კურსს აკეთებ, ის ყველა მშობელს უნდა მოერგოს. მაგალითად, ამ კურსის ერთ-ერთი თემაა შეცდომები, რომლებსაც ვუშვებთ. ამ შეცდომებზე საუბარი და ლექცია იმას კი არ ეძღვნება, რომ მშობლებს თითი დავუქნიოთ და გავაკრიტიკოთ. მიზანი ისაა, რომ გვერდიდან შევხედოთ საკუთარ თავს და აღმოვაჩინოთ გზები, თუ როგორ შეიძლება, რომ ეს შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ. ამ კურსის ხიბლი სწორედ ის არის, რომ ის თვითმართვადია და მშობელს არ სჭირდება სხვა ადამიანის დახმარება და სპეციალისტის ჩართულობა. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ თუკი მშობელი ჩათვლის, რომ ამ კურსის გავლის შემდეგ, ძალიან ბევრი ახალი კითხვა გაუჩნდა, მას უკვე ექნება მეტი მზაობა და ეცოდინება, რა შეკითხვებით შეიძლება მიმართოს სპეციალისტს, თუკი ჩათვლის, რომ ეს მისთვის აუცილებელია“.
ვიდეო-სეანსებისა და საკითხავი მასალის გაცნობის შემდეგ, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ბავშვთან ურთიერთობისას თქვენ იყენებთ, მაგალითად, აღზრდის ავტორიტარულ სტილს, როდესაც შვილებს ძალიან ბევრს სთხოვთ და სითბოს მის მიმართ მხოლოდ მაშინ იჩენთ, როცა ის ისე იქცევა როგორც მშობელს სურს. ამ დროს მშობლები არიან ძალიან მკაცრები და იშვიათია უშუალო ურთიერთობები შვილებთან. კომუნიკაცია დისტანცირებული და ცივია. ისინი გამუდმებით აკონტროლებენ შვილებს, ზუსტად უნდა იცოდნენ, სად არიან და რას აკეთებენ. ნაკლებად ინტერესდებიან ბავშვების სურვილებით და განცდებით.
ან შეიძლება გააცნობიეროთ, რომ თქვენ ლიბერალური აღზრდის სტილს ანიჭებთ უპირატესობას. ანუ აღზრდის სტილს, სადაც დაბალია მოთხოვნები ბავშვების მიმართ და ძალიან მაღალია სითბო და უშუალო კომუნიკაცია. ასეთ დროს, მშობლებს აქვთ ძალიან მცირე მოთხოვნა/წესი შვილების მიმართ. ხშირად მშობლები, რომლებიც აღზრდის ამ სტილს ირჩევენ, უფრო მეტად მეგობრის სტატუსს ატარებენ, ვიდრე მშობლის ან აღმზრდელის. მშობელსა და შვილს შორის დამოკიდებულება არის თბილი, უშუალო, ყოველგვარ მოთხოვნებსა და მოლოდინებს მოკლებული. მშობლებს, რომლებიც აღზრდის ამ სტილს ანიჭებენ უპირატესობას, უმეტესწილად ეშინიათ გარკვეული საზღვრების ან ჩარჩოს დაწესების.
ონლაინ-კურსის გავლის შემდეგ, შეიძლება მიხვდეთ, რომ ჰიპერმზრუნველი მშობელი ხართ, მშობელი, რომელიც ყველაფერს შვილის ნაცვლად აკეთებს ან პირიქით, ინდიფერენტულ აღზრდის მეთოდს მისდევთ, როდესაც მშობელი არაა დაინტერესებული და ჩართული ბავშვის ცხოვრებაში.
როგორც დისტანციური სწავლების კურსის ავტორები ფიქრობენ, კურსის გავლის შემდეგ, მშობლებს საშუალება ექნებათ აღმოაჩინონ, რა არის ის ძირითადი შეცდომები, რომლებსაც ისინი ყველაზე ხშირად უშვებენ, როგორ მოქმედებს ბავშვებზე აღზრდის პროცესში დაშვებული შეცდომები და როგორ უნდა დაიცვან საკუთარი თავი და ბავშვი ასეთი შეცდომებისგან.
„მშობლებს მარტო გვეჩხუბებიან, მარტო გვსაყვედურობენ და არავინ არაფერს გვასწავლის“
როზი დევნოზაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ონლაინ-კურსი გაიარა და თვლის, რომ მიღებული ცოდნა ძალიან დაეხმარება 4 წლის ელისაბედთან ურთიერთობასა და მის აღზრდაში.
როგორც როზი გვეუბნება, ონლაინ-კურსი ზუსტად იმ დროს გამოჩნდა, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა:
„ახლა სწორედ ის პერიოდი მაქვს, როცა ელისაბედი ჩემთვის არასასურველი ქცევებს ავლენს. მქონდა ფსიქოლოგთან კონსულტაციის მცდელობა, მაგრამ ვერ მოვახერხე და ეს კურსი ზუსტად რომ სწორ დროს გამოჩნდა. მიკვირდა, რატომ იქცეოდა ჩემი შვილი ისე, როგორც იქცეოდა, ტანტრუმის მსგავსი ქცევა, გაუჩერებელი ტირილი, როცა არც ჩახუტება უნდა, არც მოფერება. ძალიან მაინტერესებდა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამის მიზეზი და როდესაც მოვუსმინე ვიდეოებს და ვნახე პრეზენტაცია ბავშვის ქცევის მართვის სტრატეგიაზე, ეს ძალიან კარგი შესაძლებლობა აღმოჩნდა, რომ დავფიქრებულიყავი, რა შეიძლებოდა გამხდარიყო ელისაბედის არასასურველი ქცევის მიზეზი. მე ახლა ვფიქრობ ჩემს თავზე და მგონია, რომ ამ ეტაპზე, თავად შევძლებ, ელისაბედის ქცევა ვმართო ისე, რომ ტანტრუმის მსგავსი ღელვა და შფოთვა თავიდან ავარიდო“.
როზი ამბობს, რომ დღეს უამრავი მშობელია, რომელთაც მის მსგავსად დახმარება და ცოდნის გაზიარება სჭირდება, თუმცა, ამის საშუალება მათ ნაკლებად ეძლევათ რეალურ გარემოში:
„ჩვენს ქვეყანაში არის ისეთი გარემო, სადაც მშობლებს, თამამად შეგვიძლია ვთქვა, რომ არანაირი მხარდაჭერა არ გვაქვს არც ბაღში, არც სკოლაში. მშობლების მიმართ არის ასეთი დამოკიდებულება, რომ თითქოს ჩვენ თავიდანვე ბუნებრივად უნდა გვქონდეს უნარები და ხშირად გაიგებთ, რომ მშობლებსაც აღზრდა სჭირდებათ. ჩვენ აღზრდა კი არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა და ინფორმაცია. ბაღის და სკოლის ერთ-ერთი ფუნქცია არის მშობლებთან თანამშრომლობა და ამ თანამშრომლობის ერთ-ერთი კომპონენტია სწორედ მშობლების დახმარება, მათი მხარდაჭერა იმ ინფორმაციით, რაც უკეთეს მშობლობაში დაგვეხმარება. ამგვარი კურსები ჰაერივით მნიშვნელოვანია. ბევრ კითხვის ნიშანს აქრობს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იქცევიან ჩვენი შვილები ისე, როგორც იქცევიან და როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ, რომ შვილებსაც ავარიდოთ შფოთვა და ღელვა და მშობლებმაც მივიღოთ მშობლობით სიამოვნება და არ ვიყოთ მუდმივად დაძაბულები“.
„პოზიტიური მშობლობის“ კურსის სერტიფიკატი აიღო 37 წლის შალვა ლიპარიშვილმაც. ის შვიდი შვილის მამაა. ყველა მათგანი არასრულწლოვანია. ამბობს, რომ პირველ რიგში, საზოგადოებაში ის სტერეოტიპი უნდა დაინგრეს, როდესაც სიტყვა „მშობლის“ უკან მხოლოდ დედა მოიაზრება და ითვლება, რომ შვილების აღზრდის ტვირთი და უნარები მხოლოდ დედის მოვალეობაა:
„ბავშვების აღზრდაში ორივე მშობელი სრულფასოვნად უნდა იყოს ჩართული. რა მნიშვნელობა აქვს, დედა ხარ თუ მამა. საოჯახო საქმეა თუ ბავშვების აღზრდა, ეს ორივე მშობლის საქმეა. იმდენად ღრმად არის ეს სტერეოტიპი გამჯდარი ჩვენს საზოგადოებაში, რომ მაგალითად, როდესაც მშობელთა კრებაზე მივდივარ ხოლმე შვილებთან, მშობლებიც და მასწავლებლების უცნაურად მიყურებენ. მიგრძვნია და უთქვამთ კიდეც, მამა რატომ მოვიდა. მამა ხომ მხოლოდ მაშინ უნდა მივიდეს სკოლაში, როცა შვილი რაიმეს დააშავებს და დასასჯელია. ეს ონლაინ-კურსები ამგვარი მიდგომების შესაცვლელადაც ძალიან მნიშვნელოვანია“.
„პოზიტიური მშობლობისა“ და „ქცევის მართვის“ დისტანციური სასწავლო კურსი საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision-ის მხარდაჭერით მომზადდა. ორგანიზაციას მშობლებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მათი ინიციატივით მშობლებისთვის მომზადდა როგორც სახელმძღვანელოები, ისე სკოლებში ტრენინგების კურსები. თუმცა, ნათია მჟავანაძე, ორგანიზაციის წარმომადგენელი თვლის, რომ ონლაინ-რესურსი გაცილებით მეტ შესაძლებლობას იძლევა, რომ მშობლებისათვის მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმაცია მასობრივად გავრცელდეს:
„ინტერნეტი ზოგადად არ არის ხოლმე საუკეთესო საშუალება ამ ტიპის ინფორმაციის გასაზიარებლად, თუმცა, მეორე მხრივ, პანდემიამ ისე შემოიტანა "გაჯეტები" ჩვენს ცხოვრებაში, რომ გვინდა თუ არ გვინდა, ადამიანები უფრო მეტად გავხდით მათზე დამოკიდებულები. შეიძლება საუკეთესო ხარისხის ტელეფონი არ გვქონდეს, მაგრამ ინტერნეტისადმი ხელმისაწვდომობა მაინც გაჩნდა. ამიტომ ვიფიქრეთ, რომ ამ ტიპის ვიდეოები, როცა, მაგალითად, თან რაღაცას აკეთებ სახლში და თან ვიდეო გაქვს ჩართული, ნამდვილად მარტივი და მოქნილი ფორმა იქნებოდა. ეს ტესტიც კი, რაც სერტიფიკატის მისაღებად უნდა გაიაროს კურსის მომხმარებელმა, ძალიან საინტერესოდ არის მოცემული, წარმოგიდგენს სხვადასხვა სიტუაციას, თუ როგორ მოიქცეოდი ამ სიტუაციებში შენ. ეს ყველაფერი გვაძლევს გადააზრების საშუალებას, რომ იყო მშობელი, არ არის მარტივი, მაგრამ აქ ვართ, ერთად ვართ და ამ ყველაფრის სწავლა შესაძლებელია“.
დისტანციური სასწავლო კურსის იდეის ავტორები ამბობენ, რომ ახლა მათი მიზანია, მაქსიმალურად ჩართონ ბავშვების აღზრდა-განვითარების საკითხებში ის რგოლები, სადაც მშობლები და ბავშვები ადრეულ პერიოდშივე ხვდებიან, იქნება ეს სამედიცინო დაწესებულებები - პოლიკლინიკები, საბავშვო ბაღები თუ სკოლები: „სწორედ ამ სამმა რგოლმა უნდა აიღოს საკუთარ თავზე მშობლებისთვის საჭირო კითხვებზე პასუხების გაცემა. ისინი უნდა ეხმარებოდნენ მშობლებს, რადგან მშობლებს მარტო გვეჩხუბებიან, მარტო გვსაყვედურობენ და არავინ არაფერს გვასწავლის. და თუ გინდა, რომ ისწავლო, მაშინ ფული უნდა გადაიხადო“, - გვითხრა მეგი კავთუაშვილმა.