თბილისის მერი კახა კალაძე ეხმაურება ევროპარლამენტში საქართველოზე მიღებულ რეზოლუციას, რომელიც მედიის თავისუფლების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევებს შეეხება და ამბობს, რომ "არ ეთანხმება არცერთ სიტყვას, რაც ამ დოკუმენტში წერია".
კალაძე საქართველოს მთავრობისადმი კრიტიკულ რეზოლუციას ქართველი ხალხის შეურაცხყოფად აფასებს და დადებითად ახასიათებს მმართველი პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს, რომლის სანქცირებისკენაც მოუწოდებს ევროპარლამენტი ევროკავშირს რეზოლუციის ტექსტში.
„არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაყვეს ქვეყნის ბედი კონკრეტულ პერსონებს. ის, რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ და ვნახეთ რეზოლუციის სახით, იყო აბსოლუტურად სამარცხვინო. ეს იყო ქართველი ხალხის პირდაპირი შეურაცხყოფა. მარტივი ენით რომ ვთქვათ, რას გვეუბნებოდნენ ამ რეზოლუციაში: თითქოს, მიხეილ სააკაშვილი გახლდათ დემოკრატიის შუქურა. მერე რა, თუ ის იყო მთავარი შემოქმედი იმისა, რომ წლების განმავლობაში ადამიანები გამოყავდათ ციხიდან და ავტომობილის „კაპოტზე“ დაბმულს აუპატიურებდნენ. მერე რა?! ის იყო დემოკრატიის შუქურა. ასევე, გვეუბნებიან: მერე რა, რომ ციხიდან ადამიანები გამოყავდათ, ბიზნესებს აფორმებინებდნენ, ტელევიზიებში ვარდებოდნენ. ეს იყო დემოკრატიის შუქურა. ასევე, დავით კეზერაშვილზე იყო იქ საუბარი. დავით კეზერაშვილი ვინ არის, რას წარმოადგენს, ნიკა მელიას ციტატა მოიყვანეთ და მეტი არაფერია საჭირო.
ძალიან სამწუხაროა ეს განცხადებები და ის, რომ ქვეყანა უნდა დაიჩაგროს იმისთვის, რომ ომში არ ჩაერთო. ასევე, მოვისმინეთ: ადამიანი, რომელიც უამრავ კარგ საქმეს აკეთებს ქვეყნისთვის, როგორც ქველმოქმედი, როგორც მეცენატი - მხედველობაში მყავს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც უამრავ ადამიანს ეხმარებოდა, ასეულობით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აქვს აღდგენილი, ჯარისთვის ნატოს სტანდარტის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სკოლების რეაბილიტაცია - ამ ადამიანზე გვეუბნებიან, რომ ის ცუდი კაცია. ეს მიდგომა და დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია და აბსოლუტურად არცერთ სიტყვას, რომელიც რეზოლუციაშია ნახსენები, პირადად მე არ ვეთანხმები“, - თქვა თბილისის მერმა. კალაძის ინტერპრეტაციით, არსებობენ ადამიანები, ვისაც საქართველოს ომში ჩართვა სურს, მათი მცდელობების პასუხად კი ქვეყნის მთავრობა მშვიდობას და ეკონომიკურ განვითარებას უზრუნველყოფს.
„თითოეულ ჩვენგანს რომ სანქციები დაგვიწესონ, ქვეყანა ომში არ ჩაერთვება. ქვეყანაში იქნება მშვიდობა და სიმშვიდე, მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. პირველ რიგში, ისინი ვითომ ქვეყნის მეგობრებად რომ გვევლინებიან, თავიანთი ქვეყნები ჩართონ ომში. ჩვენზე ძლიერი ეკონომიკა აქვთ, ჩვენზე ძლიერი ჯარები ჰყავთ, ტექნოლოგიურად უფრო ძლიერები არიან, ფინანსურადაც უფრო მაგრად არიან, ხალხის რაოდენობითაც მეტნი ცხოვრობენ და საკუთარი ქვეყნები ჩართონ ამ ომში. საქართველოს არასდროს დაუხევია უკან. ჩვენ ძალიან დიდი ხარკი გავიღეთ თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ქვეყნის ტერიტორიები სამწუხაროდ, ოკუპირებულია, არცერთ საერთაშორისო მისიაზე უარი არ გვითქვამს და ჩვენი ბიჭები ძალიან დიდი უმრავლესობით იყვნენ წარმოდგენილი, ერთ-ერთი საუკეთესოები იყვნენ, მაგრამ ეს დამოკიდებულება, რაც გუშინ მოვისმინეთ, კატეგორიულად მიუღებელი და სამარცხვინოა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძის გარდა, ევროპარლამენტში 9 ივნისს მიღებულ რეზოლუციას უარყოფითად აფასებენ და შეურაცხმყოფლად მიიჩნევენ მმართველი პარტიის სხვა წევრებიც.
9 ივნისს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროპარლამენტში საქართველოზე მიღებული რეზოლუცია, რომელიც მედიის თავისუფლების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევებს შეეხება, "ფეიკების შედეგია" და რომ მას "ჩალის ფასი აქვს."
10 ივნისს საპარლამენტო ურავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ ასეთი უსამართლო ევროპა საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ჯერ არ უნახავს და თუკი კანდიდატის სტატუსი უსამართლო ვალდებულებებს დააკისრებს ქვეყანას, მან უარი უნდა თქვას ამ სტატუსის მიღებაზე. პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განმარტებით, ხუნდაძის ეს პოზიცია პარტიის პოზიციას არ გამოხატავს.
ასევე ნახეთ ნინო ლომჯარია დიმიტრი ხუნდაძეს: რას ბედავთ თქვენ?!9 ივნისს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას. მასში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი თამაშობს "დესტრუქციულ როლს" ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა "ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით".
ასევე ნახეთ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი: 4 მარტიდან ვართ ფაქტობრივი სანქციების პირობებში