თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზაალ მარუაშვილმა არ დააკმაყოფილა ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის სარჩელი "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ. ამ სარჩელით კვესიტაძემ სასამართლოს 2019 წლის ოქტომბერში მიმართა და მოითხოვა დისკრიმინაციული მოტივების გამო მიღებული გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა. ჟურნალისტი ასევე ითხოვდა სამსახურში აღდგენას, იძულებითი განაცდურისა და ნამუშევარი პერიოდის სახელფასო ანაზღაურების (დავალიანების და საშვებულებო პერიოდის ანაზღაურების) გადახდას. კვესიტაძის ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს.
სასამართლომ ეკა კვესიტაძის სარჩელზე გადაწყვეტილება დღეს, 10 ივნისს, გამოაცხადა - სასამართლომ კანონიერად მიიჩნია მისი გათავისუფლება "რუსთავი 2"-დან და სამაუწყებლო კომპანიას მხოლოდ ნამუშევარი პერიოდის სახელფასო ანაზღაურების გადახდა დაავალა. ამის პარალელურად, მოსარჩელეს სამაუწყებლო კომპანიის სასარგებლოდ დაეკისრა 25 000 ლარის გადახდა შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, რაც გულისხმობდა ჟურნალისტის მიერ მუშაობის გაგრძელებას ახალშექმნილ სამაუწყებლო კომპანიაში („მთავარი არხი“).
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დირექტორმა, პაატა სალიამ, ინტერესთა კონფლიქტის არგუმენტით, ეკა კვესიტაძე 2019 წლის აგვისტოში სხვა ჟურნალისტებთან ერთად გაათავისუფლა სამსახურიდან - ეს ტელევიზიაში მენეჯმენტის ცვლილების შემდეგ მოხდა. საია მიიჩნევს, რომ ეკა კვესიტაძე სხვა ცნობილ ჟურნალისტებთან ერთად გახდა დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი, დამსაქმებლის მთავარი მიზანი კი მისი და მისი კოლეგების სამაგალითო დასჯა იყო, ჟურნალისტების კრიტიკული პოზიციის გამო.
საიასთვის მიუღებელია სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილი განაჩენი. იგი დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ გეგმავს მის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში.
ანალოგიურ დავებზე სასამართლომ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო ჟურნალისტების, ნანუკა ჟორჟოლიანისა და ნოდარ მელაძის შემთხვევებში. ისინი პაატა სალიამ იმავე დროს და იგივე არგუმენტით გაათავისუფლა სამსახურიდან, თუმცა სასამართლომ ორივე დავაში "რუსთავი 2" გაამტყუნა. სამაუწყებლო კომპანიას მელაძის შემთხვევაში 80 000 ლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაევალა, ჟორჟოლიანის შემთხვევაში კი - 62 000 ლარის.