დმიტრი ანატოლის-ძე მედვედევმა (დამ - ДАМ), რომელიც რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის (ე.ი. ვლადიმირ პუტინის) მოადგილეა, საჯაროდ გაკეთებული უხეში, ქსენოფობიური, მილიტარისტული და უბრალოდ ვულგარული განცხადებებით უკან მოიტოვა ყველა რუსი პოლიტიკოსი თუ პროპაგანდისტი.
მედვედევმა ფაქტობრივად შეავსო ვლადიმირ ჟირინოვსკის გარდაცვალების შემდეგ გამოთავისუფლებული ნიშა ბოროტი, აგრესიული კლოუნისა, რომელიც რუსეთის ხელისუფლების ყველაზე ბნელ ზრახვებს ახმოვანებს.
არადა, იყო დრო, როცა რუსეთის ლიბერალურ წრეებში დმიტრი მედვედევს განიხილავდნენ როგორც ახალი თაობის კონსტრუქციულ ლიდერს, რომელსაც რუსეთი დასავლეთთან თანამშრომლობისა და დემოკრატიის გზაზე უნდა დაებრუნებინა, თუმცა რუსეთის ფედერაციის ექსპრეზიდენტი და ექსპრემიერ-მინისტრი ახლა კოლექტიურ დასავლეთს „გადაგვარებულ ნაძირალებს“ უწოდებს და ბირთვული იარაღით ემუქრება.
დმიტრი მედვედევი ყველაზე მეტად აქტიურობს თავის ტელეგრამარხზე, სადაც ხშირად და ვრცლად გამოხატავს ნეგატიურ პოზიციას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. როგორც წესი, აკრიტიკებს, ლანძღავს ან უბრალოდ დასცინის „რუსეთის მტრებს“ - უკრაინას, კოლექტიურ დასავლეთსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს.
დმიტრი მედვედევმა საერთაშორისო თანამეგობრობა ჯერ კიდევ უკრაინაში შეჭრის წინა დღეებში გააოცა, როცა უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:
„თუ ვილაპარაკებთ ვითარებაზე, რომელიც შეიქმნა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში, - ეს ტერიტორიები, პრინციპში, უკრაინას არ სჭირდება“.
თუმცა მედვედევის ლექსიკა, ინტონაცია და ქცევის მანერა განსაკუთრებით რადიკალურად შეიცვალა უკრაინაში შეჭრის შემდეგ.
„მოლაპარაკებაზე უარი უკრაინას უქმნის ეროვნული სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხეს. ეს უნდა ესმოდეთ კიევში და გადაწყვეტილების მიღებისას ცოტა ტვინი უნდა გაანძრიონ, თანაც არა კოკაინისა და სხვა სტიმულატორების ზემოქმედების ქვეშ, არამედ ფხიზელ გონებაზე“.
შეურაცხყოფის მიყენების გარდა, დმიტრი მედვედევი, ხშირად, ოპონენტებს განადგურებითაც ემუქრება.
„ნაცისტი უკრაინელებისთვის გაკვეთილი იქნება არა მხოლოდ მიმდინარე სპეცოპერაცია, არამედ ეპიზოდები დიდებული წარსულიდან. მაგალითად, როდესაც პაველ სუდოპლატოვმა გაანადგურა ნაციონალისტი ევგენ კონოვალეცი, როდესაც ტკბილეულის მოყვარულს როტერდამში თავაზიანად გადასცა კანფეტების ყუთი, რომელშიც ბომბი იდო - "აი, შენთვის საჩუქარი კიევიდან". ნაცისტი დამნაშავეებისთვის კიდევ ბევრი ასეთი "საჩუქარი" იქნება!“
მედვედევს უყვარს ბირთვული იარაღით მუქარაც.
„როდესაც განხორციელებულია აგრესიის აქტი რუსეთის ფედერაციის მიმართ, რომლის შედეგადაც საფრთხის ქვეშაა დაყენებული რუსეთის არსებობის ფაქტი, თუნდაც ბირთვული იარაღის გამოუყენებლად... უნდა იცოდეთ, რუსეთი არც კუბაა და არც კორეის სახალხო რესპუბლიკა. ეს ბირთვული სახელმწიფოა“.
საყოველთაოდაა ცნობილი დმიტრი მედვედევის სიტყვები რუსეთში სიკვდილით დასჯის აღდგენაზე, რაზეც რუსმა პოლიტიკოსმა ქვეყნის ევროსაბჭოს შემადგენლობიდან გარიცხვის პასუხად ილაპარაკა:
„ახლა ყველგან განდევნილები ვართ, გვსჯიან შეშინებულები, მაგრამ ისევ არ გვეშინია… ევროპის საბჭომ და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ შეაჩერა რუსეთის წევრობა. ველური უსამართლობა. მიუხედავად ამისა, კარგი მიზეზია, რომ საბოლოოდ გამოვიხუროთ კარი და სამუდამოდ დავივიწყოთ ეს უაზრობა… მეტიც, ეს ასევე კარგი შესაძლებლობაა, აღდგეს მთელი რიგი მნიშვნელოვანი ინსტიტუტები ქვეყანაში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების პრევენციისთვის. ისევე, როგორც სიკვდილით დასჯა ყველაზე საშიში დამნაშავეებისთვის“.
მედვედევი ცდილობს ილაპარაკოს ე.წ. ხალხის ენით და ასე აუხსნას რუსეთის მოქალაქეებს, რომ სანქციები მიმართულია არა ხელისუფლების, არამედ რუსეთის კულტურის, რუსეთის ეკლესიისა და რუსი ხალხის წინააღმდეგ:
„რაც არ უნდა იბოდიალონ ამერიკელმა და ევროპელმა ბებია-ბაბუებმა, რომ ჩვენ ვსჯით არა რუს ხალხს, არამედ ხელმძღვანელებს, თქვენ კი გვიყვარხართ, უბრალო მოქალაქეებოო, წმინდა წყლის სისულელეა“.
როგორც ჩანს, მედვედევის აგრესიულმა ტონმა და ვულგარულმა ლექსიკამ მის მხარდამჭერებსაც გაუჩინა კითხვები. ყოველ შემთხვევაში, 6 ივნისს რუსმა პოლიტიკოსმა ტელეგრამში დაწერა:
„ხშირად მეკითხებიან, რატომ არის ჩემი Telegram-პოსტები მკაცრი. პასუხი ასეთია: მე მძულს ისინი. ისინი გადაგვარებული ნაძირალები არიან. მათ ჩვენი, რუსეთის სიკვდილი უნდათ. სანამ ცოცხალი ვარ, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ისინი გაქრნენ“.
რა დაემართა?
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, დმიტრი გუდკოვის თქმით, მიუხედავად მედვედევის მცდელობისა, გამოიყურებოდეს მრისხანედ, ის მაინც იწვევს რაღაც სიბრალულს და ირონიულ დამოკიდებულებას.
გუდკოვი იხსენებს მედვედევის პრეზიდენტობის პერიოდს, როცა ერთ-ერთ მიღებაზე მედვედევის გვერდით აღმოჩნდა ფოტოს გადაღებისას, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ ფოტოების დათვალიერებისას აღმოაჩინა, რომ პრეზიდენტის ტანმორჩილობა დაძლეული იყო ფოტოშოპის საშუალებით.
„შემდეგ შევიტყვე, რომ მედვედევმა რამდენიმე ალბომი დაარედაქტირა, ანუ მისთვის მნიშვნელოვანი იყო როგორ გამოიყურებოდა ფოტოზე. როგორც ჩანს, მას რაღაც ძლიერი კომპლექსები აქვს, რომელიც თავს ახსენებს. ის ყოველთვის ტოვებდა საბრალო, არასერიოზული და სუსტი ადამიანის შთაბეჭდილებას, ახლა კი, როგორც ჩანს, აშკარად ცდილობს თავი მოაწონოს ძალოვნებს. გრძნობს, რომ აუცილებლად იქნება რაიმე სახის ტრანზიტი. რომ არ ჩაიკარგოს, ცდილობს აჩვენოს: აი, მე ჩავიცვი 56 ზომის პიჯაკი, ხედავთ, როგორი მრისხანე ვარ?“
დმიტრი გუდკოვი ასევე იხსენებს მედვედევის მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს, რომლებითაც კომპლექსებით შეპყრობილი პოლიტიკოსი მისთვის, როგორც ჩანს, ძალიან მნიშვნელოვან 5 თუ 10 სანტიმეტრს იმატებდა სიმაღლეში:
„სხვისი სანტიმეტრები უკარგავს მოსვენებას, სხვისი წარმატებები უკარგავს მოსვენებას, სხვა დამოუკიდებელი ქვეყანა, უკრაინა უკარგავს მოსვენებას. სინამდვილეში, ნაპოლეონად გამოჩენის ეს მცდელობა ძალიან საცოდავად გამოიყურება, რადგან მედვედევმა უკვე შეიქმნა იმიჯი, როდესაც პრეზიდენტი იყო. მართლაც, ბევრს ახსოვს მედვედევის პრეზიდენტობის წლები, როგორც ზოგადად კარგი დრო, როცა მედვედევს შეეძლო ეთქვა, „თავისუფლება სჯობს არათავისუფლებასო“. როცა პირველად შევხვდი მას და ველაპარაკე, კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ რასაც ახლა აკეთებს, უბრალოდ წარმოუდგენელია. არ ესმის, რომ არ უხდება ეს ყველაფერი. ეს იგივეა, კომუნისტების ლიდერი ზიუგანოვი რომ ახლა ლიბერალური იდეების კამპანიას აწარმოებდეს ან უცებ კანიბალები ხალხის მოყვარულები რომ გახდნენ, ან პუტინმა რომ დაიწყოს ლაპარაკი იმაზე, თუ როგორ ღვრის ცრემლებს დილაობით, როცა ადამიანების ტანჯვას ხედავს. იგივე ხდება მედვედევთან დაკავშირებითაც. რაც მთავარია, ის ნამდვილად ცდილობს ასიამოვნოს ძალოვნებს, აჩვენოს, რომ ერთ-ერთი მათგანია, არადა, ძალოვნები არასოდეს მიიღებენ მას თავისიანად. მედვედევი დაკარგავს ელიტის იმ მცირე ნაწილის მხარდაჭერას, რომელიც მას ოდესღაც ნორმალურ პოლიტიკოსად აღიქვამდა, ხოლო ნამდვილ კანიბალებს (არა სათამაშო კანიბალებს, არამედ ნამდვილ კანიბალებს) ალბათ უკვე ეცინებათ მედვედევის უბადრუკ მცდელობაზე, დაემსგავსოს მათ“.
რუსი პოლიტიკური მიმომხილველების ნაწილი ირონიულად ვარაუდობს, რომ რეალურ ძალაუფლებას ჩამოშორებულმა და დამცირებულმა მედვედევმა სმა დაიწყო. ასე ფიქრობს დმიტრი კოლეზევი:
„როგორც ჩანს, ის ნამდვილად ყლურწავს. პრინციპში, შეგვიძლია გავუგოთ კიდეც მას. ყველაფერი წაართვეს, გათელეს, დაამცირეს. თანამებრძოლები ჩამოაშორეს. ყველა სახის მემკვიდრეობა გაუუქმეს. დატოვეს მასხარის თანამდებობაზე უფლებამოსილების გარეშე, მხოლოდ ტელეგრამის არხზე წერის უფლებით. მერე, სხვათა შორის, შეიძლება ისიც თქვას, რომ „ისინი“ (ვისი გაქრობაც ისურვა მედვედევმა) პუტინი და მისი მეგობრები არიან. თვითონ კი ყოველთვის თავისუფლებისა და დემოკრატიის მომხრე იყო, ის უბრალოდ ინიღბებოდა რთულ დროში. ვინმეს გაუკვირდება?“
დენის კამალიაგინი, გაზეთ „პსკოვსკაია გუბერნიას“ მთავარი რედაქტორი, ამბობს, რომ მედვედევი ყოველთვის ისეთი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომელიც თავის ადგილზე არ იმყოფება.
„ახლა, ომის დაწყების შემდეგაც აშკარაა, რომ ის საკუთარ თავს ეძებს. მეჩვენება, რომ PR-ის ხალხი ცდილობს მოარგოს მას ისეთი ადამიანის იმიჯი, რომელიც სამხედრო ფორმაში დადის, რომელიც მხარს უჭერს ომს და მიეკუთვნება ქორთა პარტიას, მაგრამ სინამდვილეში ასეთი იმიჯი არ უხდება. ვხედავ, როგორ მუშაობს ანდრეი ტურჩაკი (რუსეთის ფედერალური კრების ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე), რომელიც გარდა იმისა, რომ ქორის იმავე იმიჯს ირგებს, მედვედევისგან განსხვავებით, მიემგზავრება მარიუპოლში, დარბის, ცდილობს აჩვენოს, როგორ უჭერს მხარს ომს, როგორი პატრიოტია და ა.შ. მედვედევი კი ამას აჩვენებს Telegram-ის არხებზე - ეს, რა თქმა უნდა, სასაცილოა“, - ამბობს დენის კამალიაგინი.
დმიტრი მედვედევი რომ რადიკალურად შეიცვალა, ამაზე მეტყველებს მისი შვილის, ილია მედვედევის ამბავიც, შვილისა, რომელსაც ძველმა, ნორმალურმა მედვედევმა დასავლეთში სწავლისა და მუშაობის საშუალება მისცა. ილია მედვედევს დამთავრებული აქვს МГИМО (მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი), თუმცა დასაქმებულია ციფრული ტექნოლოგიების კერძო ბიზნესში ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. გავრცელებული ინფორმაცია, რომ ილია მედვედევს აშშ-ის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, ჯერ არ დაუდასტურებია არც ამერიკის მთავრობასა და არც დმიტრი მედვედევს. რუსი მიმომხილველების თქმით, დღევანდელი შეხედულებების მქონე მედვედევი შვილს დასავლეთში არც სასწავლებლად გაუშვებდა და არც საცხოვრებლად.
რა მომავალი აქვს?
დენის კამალიაგინის თქმით, მედვედევი თავისი მკვეთრი გამონათქვამებით ცდილობს მედიის ყურადღება მიიქციოს, რათა კვლავ დაბრუნდეს დღის წესრიგში.
„არცერთი ნორმალური ადამიანი, რომელიც საჯარო სფეროშია, არ დაწერს ასეთ გამომწვევ პოსტებს Telegram-ის არხებზე. აშკარაა, რომ მას გარკვეული ყურადღება სჭირდება და ამგვარი განცხადებებით სასურველ მიზანსაც აღწევს“.
მართლაც, დმიტრი მედვედევის აგრესიული აქტიურობა შეუმჩნეველი არ დარჩა ფილოსოფოს ალექსანდრ დუგინს, რომელმაც მედვედევის 7 ივნისის განცხადებას დაუკავშირა მოვლენათა მთელი რიგი:
„იმ დღეს, რომელიც დაიწყო მედვედევის მრისხანე და სამართლიანი გამოსვლით, ერთმანეთის მიყოლებით მნიშვნელოვანი ამბები მოხდა: ეკლესიის გლობალისტი და მესამე რომის მოწინააღმდეგე ილარიონის დამხობა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოდან გამოსვლა, მავნებელ გლუხოვსკის ძებნაში გამოცხადება. ასევე ითქვა, რომ ზოგიერთ პატარა რუსოფობ ნაძირალებს აეკრძალათ საქმიანობა. ბოლოს კი გამჭოლი სხივი - სვიატოგორსკის ლავრის გათავისუფლება უწმინდურებისგან. მართლაც რომ dies fastus“.
პოლიტოლოგი სტანისლავ ბელკოვსკი მიიჩნევს, რომ მედვედევმა მიაღწია ყველაზე შთამბეჭდავ შედეგს პრეზიდენტობის შემდეგ: ვიღაც კვლავ აღიქვამს მას სერიოზულად. მეტიც, ის კვლავ მოიხსენიება, როგორც ვ. ვ. პუტინის შესაძლო მემკვიდრე.
თუმცა, სხვაგვარად ფიქრობს ცნობილი რუსი პოლიტოლოგი და პოლიტტექნოლოგი, გლებ პავლოვსკი, რომელმაც ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ დმიტრი მედვედევი გამხდარიყო რუსეთის პრეზიდენტი 2008 წელს.
პავლოვსკიმ უკრაინულ იუტუბარხ Телеканал Прямий-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ 2008 წელსაც ბევრი ფიქრობდა შეცდომით, რომ მედვედევი პუტინის ალტერნატივა იყო.
„პოლიტიკოსს, დიდწილად, ლიდერად აქცევს ხალხი. თუ პოლიტიკოსის ლიდერობას არ აქვს დასაყრდენი, - მედვედევმა კი ვერ შეძლო ამ დასაყრდენის მოპოვება თავისი პრეზიდენტობის ვადაში - არაფერი გამოუვა. რუსეთის განათლებულმა, ლიბერალურმა ნაწილმა მაშინვე დაინახა ეს. ისინი ელოდნენ, ასე ვთქვათ, კარგ პუტინს. საიდან და რატომ უნდა გამოჩენილიყო კარგი პუტინი, არ ვიცი. მედვედევზე თქვეს, რომ რაღაც ისეთი ვერ არისო და მართლაც ვერ იყო ძლიერი ლიდერი. ვერ მოიპოვა მხარდაჭერა საზოგადოების ვერცერთ ფენაში და პუტინმაც იოლად გასწია გვერდზე“, - ამბობს რუსი პოლიტოლოგი, რომელიც დმიტრი მედვედევის ტრანსფორმაციას მიიჩნევს რუსეთის ხელისუფლების დეგრადაციის ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშად:
„სულ რაღაც ორი წლის წინ საერთოდ ხმას არ იღებდა, ახლა კი ყველაზე მძვინვარე ქორია. ადამიანის წახდენა ხშირად მისი მეტყველების წახდენიდან იწყება. იმის მოსმენა, რასაც მედვედევი ლაპარაკობს, შეუძლებელია. თითქოს ცდილობს, დაივიწყოს რუსული ენის ცოდნა. წარმოუდგენელია, რომ ერთ დროს ეს ადამიანი პრეზიდენტ პუტინის შესაძლო მემკვიდრედ განიხილებოდა, თუმცა მედვედევი დღეს უკვე აღარ არის საინტერესო. ცხადია, მისი სურვილია, რომ მოსწონდეს პუტინს, მაგრამ მედვედევი ვერასოდეს იქცევა თავისიანად ომის პარტიისთვის. მედვედევი არ არის ის ადამიანი, რომელიც ომის დროს სამხედრო ლიდერად ივარგებდა“.
პოლიტიკური მიმომხილველი ივან იაკოვინაც ფიქრობს, რომ მედვედევის გამოხტომები იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთში ძალიან მძიმე მდგომარეობაა.
„როცა ქვეყანაში საქმეები შედარებით ნორმალურად ან, თუნდაც, ასატანად მიდის, ასეთ ტექსტებს არავინ წერს. აშკარაა, მნიშვნელოვანი პრობლემები. მედვედევი ტრანსლირებს არა იმასაც, რაც მას უნდა, არამედ მხოლოდ იმას, რაც პუტინის თავში ტრიალებს. ასე რომ, ახლა ჩვენ ვიცით: ის ცუდად გრძნობს თავს, ყველა სძულს და ყველას მოკვლა სურს“, - წერს ივან იაკოვინა.