საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პაველ ჰერჩინსკი დაასახელა, ინფორმაციას ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახური ავრცელებს.
პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის საგარეო სამსახურის ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების დირექტორატის ხელმძღვანელია.
მანამდე მას პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში პოლონეთის ელჩის თანამდებობა ეკავა.
ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობას საქართველოში ელჩი კარლ ჰარცელი 2018 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობს, უფლებამოსილების 4-წლიანი ვადა მას მიმდინარე წლის სექტემბერში ეწურება.
ბორელმა დღეს ევროკავშირის 31 დელეგაციის ხელმძღვანელების კანდიდატურები დაასახელა, ისინი თანამდებობაზე მასპინძელი ქვეყნებიდან მიღებული შესაბამისი ოფიციალური შეთანხმებების შემდეგ დაინიშნებიან.