საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, შეიწყალოს "მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც გვარამია დააპატიმრეს, "სამართლებრივი მსჯელობის, ანალიზისა და თანმიმდევრულობის უკიდურესი სიმწირის გამო, შეიძლება შეფასდეს, როგორც არსებითად დაუსაბუთებელი".
"სასამართლომ ყველა მნიშვნელოვან სამართლებრივ კითხვაზე პასუხს თავი აარიდა. შესაბამისად, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი, სამართლებრივი მსჯელობის, ანალიზისა და თანმიმდევრულობის უკიდურესი სიმწირის გამო, შეიძლება შეფასდეს, როგორც არსებითად დაუსაბუთებელი.
საერთოდ არ იმსჯელა, თუ რა შემთხვევებში შეიძლება გახდეს მენეჯერის გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივად რელევანტური და რატომ იყო ეს შემთხვევა ამ განზომილების მქონე, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველს მოცემულ საქმეზე წარდგენილი ჰქონდა დეტალური სამართლებრივი მსჯელობისა და არგუმენტაციის შემცველი სასამართლოს მეგობრის მოსაზრება", - ვკითხულობთ განცხადებაში.
სახალხო დამცველი გამოტანილ განაჩენში რამდენიმე საკითხს გამოყოფს:
- "ნებისმიერი სამეწარმეო გადაწყვეტილება არ შეიძლება გახდეს სახელმწიფოს სისხლისსამართლებრივი შეფასების საგანი. ჩვეულებრივი სამეწარმეო გადაწყვეტილების გამო პირის დასჯა არღვევს კანონიერების პრინციპის მთავარ ელემენტს - ნორმის განჭვრეტადობას";
- "სამეწარმეო განსჯის წესისა და ხელშეკრულების დადების საკორპორაციო შინაარსში შესვლის გარეშე, გაუგებარია, თუ როგორ შეუძლია სასამართლოს, მხოლოდ ფასებს შორის სხვაობის დადგენით, გამოიტანოს დასკვნა, რომ ხელშეკრულების დადება კომპანიის ინტერესებს უხეშად აზიანებდა";
- "სრულად დაუსაბუთებელია კონკრეტული სასჯელის სახისა და ზომის გამოყენების მართებულობა. სასამართლო მხოლოდ ერთი წინადადებით შემოიფარგლა სასჯელის სახის (თავისუფლების აღკვეთა) განსაზღვრის დასაბუთების დროს და საერთოდ არ მიუთითა, თუ რატომ შეუფარდა ბრალდებულს 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა და რატომ არ გამოიყენა მეტი ან ნაკლები ოდენობა";
- "ე.წ. ფულის გათეთრების ეპიზოდი - განაჩენის ერთადერთი მონაკვეთია, სადაც სასამართლოს მსჯელობა შეიცავს მითითებებს საერთაშორისო-სამართლებრივ ნორმებზე. ნიშანდობლივია, რომ სწორედ ამ ეპიზოდში ბრალდებული გამართლდა".
"სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ დაუშვებელია მენეჯერის დასჯა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის, როცა სასამართლო ვერ ასაბუთებს მის პირად დაინტერესებას, თაღლითობას, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას, ან სხვა დანაშაულებრივ ქმედებას...
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან წინამდებარე განაჩენი წარმოადგენს კონსტიტუციით, ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით განმტკიცებული კანონიერების პრინციპისა და დასაბუთებულობის სტანდარტის უხეშ დარღვევას, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული შეწყალების უფლებამოსილება", - აღნიშნავს სახალხო დამცველი გავრცელებულ განცხადებაში.
ნიკა გვარამიას შეწყალებაზე პოზიცია საქართველოს პრეზიდენტს ჯერ არ დაუფიქსირებია.
ასევე ნახეთ ზურაბიშვილი გვარამიას განაჩენზე: პოლიტიკურად არ მიმაჩნია, რომ იყო დროული16 მაისს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ასევე ნახეთ როგორ განმარტავს მოსამართლე ნიკა გვარამიას განაჩენს - დეტალები დასაბუთებიდან
გვარამიასთვის გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს და საპატიმრო სასჯელს უკანონოდ, პოლიტიკურად მოტივირებულად და დამოუკიდებელი მედიისთვის საფრთხის შემცველად აფასებენ უფლებადამცველი ორგანიზაციების, მედიასაშუალებების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. თავის მხრივ, მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" წევრებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს უწოდეს სამართლებრივი და ნიკა გვარამიასა და კრიტიკული მედიის პოლიტიკური დევნა გამორიცხეს, რადგან, მათი განცხადებით, "მთავარი არხი" საქმიანობას უპრობლემოდ განაგრძობს.