მერკელმა ახსნა, რატომ დაუბლოკა საქართველოს და უკრაინას ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა

ანგელა მერკელი

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა 2008 წელს, უკრაინისა და საქართველოსთვის ნატოში გაწევრების სამოქმედო გეგმის(MAP) დაბლოკვა იმით ახსნა, რომ არ სურდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პროვოცირება.

საქართველომ და უკრაინამ MAP-ი ვერ მიიღეს ნატოს ბუქარესტის სამიტზე, რომელიც 2008 წლის აპრილის დასაწყისში გაიმართა. ოთხ თვეში რუსეთმა საქართველოში საომარი მოქმედებები დაიწყო.

კანცლერის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, მერკელმა პირველი დიდი ინტერვიუ 7 ივნისს მისცა გერმანელ მწერალს და ჟურნალისტს, ალექსანდერ ოზანგს. ინტერვიუს, რომელიც ბერლინში, თეატრის შენობაში შედგა, დარბაზიდან თვალ-ყურს ადევნებდა 700-მდე ადამიანი.

მერკელის თანახმად, დარწმუნებული იყო, რომ პუტინი ნატოს გაფართოებას არ დაუშვებდა და ომის გამოცხადებად ჩათვლიდა. გერმანიის ყოფილი კანცლერის თქმით, არ იზიარებს პუტინის წარმოდგენას იმის შესახებ, რომ მთელი დასავლეთი მისი მტერია და მუდმივად ამცირებენ, მაგრამ იცოდა, რომ ასე ფიქრობს და მისი პროვოცირება არ სურდა. ამასთან, მერკელი ამბობს, რომ ამით არ ამართლებს პუტინის დღევანდელ ქმედებებს. გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ისიც განაცხადა, რომ 2008 წელს, უკრაინაში დიდი პოლიტიკური განხეთქილება იყო და ქვეყანას არ ჰქონდა მყარი დემოკრატია და სტაბილურობა.

უკრაინაზე რუსეთის არმიის თავდასხმის შემდეგ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი გააკრიტიკა იმის გამო, რომ 2008 წელს, ნატოს ბუქარესტის სამიტზე უკრაინას MAP-ი დაუბლოკეს და ამით რუსეთს მისცეს საფუძველი ეფიქრა, რომ უკრაინა მისი გავლენის სფეროში რჩებოდა.

ასევე ნახეთ ანგელა მერკელი ზელენსკის კრიტიკის პასუხად აცხადებს, რომ 2008 წლის ნატოს სამიტის გადაწყვეტილება სწორი იყო

ჟურნალისტ ალექსანდერ ოზანგთან ინტერვიუში ანგელა მერკელმა დაგმო უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა და განაცხადა, რომ ამას არანაირი გამართლება არ აქვს. მერკელის თქმით, პუტინის სიძულვილი და მტრული დამოკიდებულება მიმართულია დასავლური დემოკრატიული მოდელის წინააღმდეგ და სურს გაანადგუროს ევროპა და ევროკავშირი, რადგან მასში ხედავს პირველ საფეხურს ნატოსკენ.

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა აღიარა, რომ ვერ შეძლეს უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნა და დღესაც ფიქრობს, შესაძლებელი იყო თუ არა მეტის გაკეთება, რათა აღეკვეთათ ტრაგედია უკრაინაში. მერკელის თანახმად, საკუთარ თავს ვერ უსაყვედურებს, რომ ამას არ ცდილობდა. გერმანიის ყოფილი კანცლერის განცხადებით, დიპლომატია არ შეიძლება შეცდომა იყოს მხოლოდ იმიტომ, რომ მან არ იმუშავა.