პუტინი დასავლურ ყულფსა და ჩინურ მაშველ რგოლს შორის

ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინაში გაჩაღებულმა ომმა უკან მოიტოვა ასდღიანი ეტაპი, გამორჩეული ფრონტზე განცდილი წარუმატებლობებითა და რუსეთის ეკონომიკისთვის მიყენებული მასშტაბური ზიანით. გარდა იმისა, რომ მცირდება რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი (პატარავდება ეკონომიკა), რუსეთმა პირველად ვერ შეასრულა ობლიგაციებთან დაკავშირებული ვალდებულებები ანუ დაუშვა დეფოლტი - საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P-ის შეფასებით, რუსეთის მთავრობამ გადააცილა საგარეო ვალის გარკვეული ნაწილის გადახდის ვადას.

შექმნილ უმძიმეს ვითარებაში, რომელსაც ეკონომისტების ნაწილი ყულფში თავგაყოფილი კაცის მდგომარეობას ადარებს, რუსეთი არ კარგავს ჩინეთის დახმარების იმედს, თუმცა ჩინეთი, როგორც ჩანს, რუსეთზე მეტად ანგარიშს უწევს დასავლეთს, რომელთან ვაჭრობის მასშტაბი თითქმის ათჯერ აღემატება რუსეთთან საქონელბრუნვას.

ვლადიმირ პუტინი მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში, 2022 წ. 23 აპრილი

რუსეთის შეჭრამ უკრაინაში გამოიწვია ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ეკონომიკური კრიზისი თანამედროვე რუსეთის ისტორიაში.

„აპრილში რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 3%-ით შემცირდა“, - ასეთია რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია. უწყების თანახმად, რუსეთის ეკონომიკის შემცირების მთავარი მიზეზები „უპრეცედენტო სანქციები“ და ლოგისტიკური პრობლემებია. არადა, რუსი ეკონომისტების შეფასებითვე, ეს მხოლოდ დასაწყისია: 2022 წლის ბოლოსთვის რუსეთის მშპ, დაახლოებით, 8-12%-ით შემცირდება, რასაც დიდწილად განაპირობებს ევროკავშირის მიერ მიღებული სანქციების მეექვსე პაკეტი.

მაკსიმ ბლანტი

„ამ პაკეტში მთავარია რუსული ნავთობის შესყიდვის ნაწილობრივი ემბარგო, რომელიც საბოლოოდ ძალაში შევა 6 თვეში. მანამდე დაშვებულია ერთჯერადი გარიგებები ან იმ ხელშეკრულებების შესრულება, რომლებიც 4 ივნისამდე დაიდო. გამონაკლისი, რომელსაც დაჟინებით მოითხოვდნენ უნგრეთი და სლოვაკეთი, შეეხო ნავთობსადენ „დრუჟბას", ისიც მხოლოდ მის სამხრეთ განშტოებას. გერმანიამ და პოლონეთმა, რომლებიც ნავთობს მილსადენის ჩრდილოეთი ნაწილიდან იღებდნენ, ცალმხრივად თქვეს უარი რუსულ ნავთობზე. ამგვარად, რუსეთი წლის ბოლომდე ევროპული ბაზრის დაახლოებით 90%-ს დაკარგავს“, - ამბობს ეკონომიკის ანალიტიკოსი მაქსიმ ბლანტი.

OPEC vs RUSSIA

ცხადია, რუსეთი შეეცდება დანაკარგის კომპენსირებას აზიაში ექსპორტის გაზრდით, თუმცა, მაღალი ალბათობით, ამ მცდელობიდან არაფერი გამოუვა. საქმე ის არის, რომ ევროპამ მაქსიმალურად გაართულა რუსული ნავთობის მიყიდვა მესამე ქვეყნებისთვის. აკრძალვას, რომელსაც გაერთიანებული სამეფოც შეუერთდა, დაექვემდებარა რუსული ნავთობის საზღვაო გადაზიდვისათვის ნებისმიერი ტექნიკური ან ფინანსური ხელშეწყობა, მათ შორის, სადაზღვევო მომსახურებაც, რაც, თავის მხრივ, მკვეთრად გაზრდის რუსული ნავთობის ექსპორტირების ხარჯებს. მყიდველებმა ამის გამო, შეიძლება მოითხოვონ არა 30%-იანი ფასდაკლება, რომლითაც რუსული Urals-ის ტიპის ნავთობი იყიდებოდა ბოლო თვეებში, არამედ 50%-იანი ფასდაკლება. მეტიც, ბევრი გადამზიდავი ვერ აიღებს თავის თავზე მეორადი სანქციების ქვეშ მოქცევის რისკს, თუნდაც სუპერმოგების გამო.

ბოლო დრომდე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ამკვიდრებდნენ აზრს, რომ რუსული ნავთობის ჩანაცვლება უბრალოდ შეუძლებელია და, რომ მასზე უარის თქმით ევროპა საკუთარ თავს და მსოფლიოს მძიმე ენერგეტიკულ კრიზისში ჩააგდებდა. რუსი ანალიტიკოსები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ნავთობის ფასების გაზრდის პროგნოზის კეთებაში, ასახელებდნენ ფასებს - 300 და 400 დოლარს ბარელზე, მედია კი ხატავდა საშინელ სურათებს გაყინული ევროპის შესახებ.

თუმცა, ზაფხულის დასაწყისში კრემლსა და მასთან დაახლოებულ „ანალიტიკოსებს“ პირველი უსიამოვნო სიურპრიზი ელოდათ. 2 ივნისს გამართულ OPEC+-ის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ნავთობის წარმოება გაზრდილიყო 1,5-ჯერ (მანამდე დაგეგმილი იყო დღეში მხოლოდ 648 000 ბარელის ამოღება).საუდის არაბეთისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებებმა მიანიშნეს, რომ ისინიც მზად არიან დააკომპენსირონ რუსული წარმოების შემცირება, რათა თავიდან აიცილონ დეფიციტი ბაზარზე და გლობალური რეცესია.

„ეს გარემოება ძირეულად ცვლის ვითარებას ევროპისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის. როგორც იტყვიან, ენერგეტიკული აპოკალიფსი აღარ იქნება. რუსეთს კი მოუწევს გაძლების ზღვარზე, დემპინგური ფასებით ოპერირება და, შესაბამისად, მნიშვნელოვანი შემოსავლების დაკარგვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოუწევს ბაზრის წილის დათმობა ოპეკის ქვეყნებისთვის, რომლებიც სიამოვნებით გაინაწილებენ ამ წილს ერთმანეთში“, - ამბობს ეკონომიკის ანალიტიკოსი მაქსიმ ბლანტი.

მხოლოდ ფულით ვერაფერს იყიდი

2021 წელს ნავთობი და ნავთობპროდუქტები შეადგენდა რუსეთის მთლიანი სასაქონლო ექსპორტის 37%-ს. 2022 წლის პირველ ნახევარში ნახშირწყალბადების როლი კიდევ უფრო გაძლიერდა ფასების ზრდისა და საერთაშორისო სანქციების გამო, ახლა კი „ქვეყნის არსებობის“ განმსაზღვრელ ამ სექტორს უმძიმესი დღეები დაუდგა.

დასავლეთის მთელი სტრატეგია აგებულია პუტინის რუსეთის ეტაპობრივ გარიყვაზე მსოფლიო ეკონომიკური სისტემიდან. საერთაშორისო სანქციები ქმნიან ეკონომიკური ბლოკადის მრავალმხრივ და მრავალეტაპიან სისტემას. ფინანსური შეზღუდვებისა და ქვეყნის უმსხვილეს ბანკებზე დაწესებული სანქციების გამო, უკიდურესად რთულია იმ ვალუტით სარგებლობა, რომელიც რუსმა ექსპორტიორებმა ბოლო თვეებში რეკორდული რაოდენობით მიიღეს, მაგრამ მაშინაც კი, თუ ისინი მოახერხებენ გამოსავლის პოვნას და გადახდის ალტერნატიული სქემების ჩამოყალიბებას, ეს არ იძლევა გარანტიას, რომ რუსეთი მიიღებს იმ საქონელს, რომელიც სჭირდება მის მრეწველობასა და მომხმარებელს, რადგან:

  • სანქციებით რუსეთში აკრძალულია უამრავი სახის პროდუქტის ექსპორტი;
  • ბევრმა ისეთმა კომპანიამ, რომელიც აწარმოებდა პროდუქტებს და არ ექვემდებარებოდა სანქციებს, ნებაყოფლობით დატოვა რუსეთის ბაზარი;
  • ევროპიდან საქონლის რუსეთამდე მიტანა ფიზიკურადაც გართულდა იმავე საერთაშორისო შეზღუდვების გამო;
  • აკრძალვა მოიცავს მომსახურების სფეროსაც - პიარიდან და აუდიტიდან დაწყებული, ე.წ. ღრუბლოვანი სერვისებით (public cloud services) დამთავრებული.

როგორც დასავლელი ანალიტიკოსები ამბობენ, პუტინის წარუმატებელმა ბლიცკრიგმა რუსული ეკონომიკა ალყაშემორტყმულ ციხესიმაგრეს დაამსგავსა. ალყის ყოველი დღე რუსეთის წინააღმდეგ მუშაობს. შესაბამისად, არავინ აპირებს ამ ციხესიმაგრის შტურმს - დრო ყველაფერს თავისით გააკეთებს იმიტომ, რომ არ გამართლდა კიდევ ერთი და, ალბათ, კრემლის მთავარი იმედი - ჩინეთი, რომლის დახმარება გადაჭრიდა ყველა პრობლემას, რომელიც წარმოიშვა საერთაშორისო შეზღუდვების გამო.

რატომ იგვიანებს ჩინური მაშველი რგოლი?

გაზეთ Washington Post-ის ცნობით, რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ მოსთხოვა პეკინს ომამდე აღებული სავაჭრო ვალდებულებების შესრულება. გამოცემის თანახმად, ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა თავის მრჩევლებს დაავალა, მოეფიქრებინათ მოსკოვისთვის ფინანსური დახმარების გზები საერთაშორისო სანქციების დარღვევის გარეშე. ეს „წამოცდენა“ („სანქციების დარღვევის გარეშე“) პუტინისთვის ძალიან უსიამოვნო უნდა იყოს, რადგან მისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა ფინანსური, არამედ ჩინეთის ტექნოლოგიური მხარდაჭერა. ამის გარეშე არა მხოლოდ შეუძლებელია ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანა, არამედ შეუძლებელი იქნება თანამედროვე იარაღის მარაგის შევსებაც, რომელიც გვარიანად შეთხელდა ომის სამი თვის განმავლობაში, მაგრამ პეკინი, როგორც ჩანს, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევას არ ჩქარობს.

სი ძინპირი და ვლადიმირ პუტინი

ეს ყველაფერი კიდევ უფრო აუარესებს რუსეთის ეკონომიკის ისედაც ბუნდოვან პერსპექტივას. ნავთობის სექტორზე დარტყმა ძალიან მტკივნეული იქნება. წარმოების იძულებითი შემცირება (არა მხოლოდ ევროპული ემბარგოს გამო, არამედ ნავთობის საბადოების სერვისებისა და სხვა დასავლური კომპანიების რუსეთიდან გასვლის გამო) გავლენას მოახდენს როგორც მრეწველობის წარმოებაზე, ასევე დასაქმებასა და ბიუჯეტის შემოსავლებზე. დაზარალდებიან დარგთან დაკავშირებული ინდუსტრიებიც. არაბული ქვეყნების მზადყოფნა, ჩაანაცვლონ რუსული ნავთობი, უაზროს ხდის საუბარს მსოფლიო ეკონომიკიდან რუსეთის „გათიშვის“ შეუძლებლობაზე. დიდად არც ჩინეთის ნედლეულის დანამატად ქცევა გაამართლებს და არც ახალი საწარმოებისთვის აღჭურვილობის, ან თუნდაც არსებული წარმოებისთვის საჭირო მარაგნაწილების მიღების პერსპექტივა. „ცისქვეშეთიდან“ მაღალტექნოლოგიური იმპორტის შესახებ საუბარიც კი ზედმეტია. საუკეთესო შემთხვევაში, აღმოსავლელი მეზობელი რუსებს სამომხმარებლო საქონელს თუ მიაწვდის ნახშირწყალბადების, ლითონებისა და სასუქების სანაცვლოდ.

„ვაშინგტონ პოსტი“ ეყრდნობა ანონიმურ წყაროს ჩინეთის ხელისუფლებიდან, რომელსაც რუსმა დიპლომატებმა მინიმუმ ორჯერ სთხოვეს, მოეძებნა პეკინს ეკონომიკური მხარდაჭერის ახალი ფორმები 24 თებერვლამდე აღებული სავაჭრო ვალდებულებების შესასრულებლად. ჩინეთის ოფიციალურმა პირმა ამ თხოვნასა და მოლაპარაკებებს „დაძაბული“ უწოდა.

„გვესმის [მოსკოვის] რთული მდგომარეობისა, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია უგულებელვყოთ საკუთარი პოზიცია ამ დიალოგში. ჩინეთი ყოველთვის იმოქმედებს ჩინელი ხალხის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე“, - ციტირებს ამერიკული გამოცემა თავის წყაროს პეკინიდან.

წყარომ ასევე თქვა, რომ ომი უკრაინაში იმაზე დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე ჩინეთი მოელოდა, რის გამოც, პეკინმა მოსკოვს განუცხადა, რომ ომის შეწყვეტა „მეტ თავისუფლებას მისცემდა სანქციების დაძლევისა და საქმიანი კავშირების განვითარებისთვის“.

თუ რატომ არ ჩქარობს ჩინეთი რუსეთისთვის მაშველი რგოლის გადაგდებას, კარგად ჩანს მშრალი სტატისტიკური მონაცემების ანალიზიდან:

2021 წელს ჩინეთის საქონელბრუნვამ რუსეთთან დაახლოებით 150 მილიარდი დოლარი შეადგინა, აშშ-სთან - 755 მილიარდი დოლარი, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებთან - თითქმის 600 მილიარდი დოლარი.

რუსეთის უკრაინაში შეჭრისთანავე რამდენჯერმე შემცირდა ჩინური ტექნოლოგიების ექსპორტი რუსეთში.

ვან ი და სერგეი ლავროვი - ჩინეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები

„სავარაუდოდ, ჩინეთი სიფრთხილით ეკიდება აშშ-ის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების დარღვევას“, - განაცხადა აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა ჯინა რაიმონდომ, რომლის თქმითაც, ომის პირველივე თვეში ჩინეთიდან რუსეთში სმარტფონების მიწოდება 67%-ით, ლეპტოპების 40%-ით, ხოლო სატელეკომუნიკაციო ქსელის აღჭურვილობის ექსპორტი 98%-ით შემცირდა.

პირველი და, ალბათ, არაუკანასკნელი დეფოლტი

რუსეთის ეკონომიკაზე სანქციები რომ სათანადოდ მოქმედებს (მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლება საპირისპიროს ამტკიცებს), მეტყველებს არა მხოლოდ მშპ-ს მაჩვენებლების კლება. რუსეთის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, აპრილში რუსეთში მსუბუქი ავტომობილების წარმოება 85,4%-ით დაეცა 2021 წლის აპრილთან შედარებით, ხოლო საყოფაცხოვრებო ქიმიისა და პირადი მოვლის საშუალებების ასორტიმენტი მარტის დასაწყისიდან თითქმის მეოთხედით (22.4%) შემცირდა, თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც რუსეთის საფინანსო სისტემას მოელის და, რომლის პირველი ნიშნები უკვე გამოჩნდა. მაისის ბოლოს დეფოლტისგან დაზღვევის მარეგულირებელმა ორგანომ (CDS) დაასკვნა, რომ რუსეთმა ვერ შეასრულა ობლიგაციებთან (ევრობონდები) დაკავშირებული ვალდებულებები ანუ დაუშვა დეფოლტი*.

ეს მნიშვნელოვანია, რადგან CDS-მ დაადგინა: მოხდა „სადაზღვევო მოვლენა“ (რუსეთის მიერ გამოშვებული ობლიგაციების დეფოლტი). ეს ნიშნავს, რომ დროა „დამზღვევებმა“ გადაუხადონ ფული „დაზღვევის“ მყიდველებს, თუმცა ამ შემთხვევაში „უცნაური“ ვითარება შეიქმნა. ტექნიკურად მოსკოვმა ვალუტა მიაწოდა ობლიგაციების მფლობელებს (სანქციების გამო გაჭირვებით), მაგრამ მეტისმეტი დაგვიანებით. დაგვიანებისთვის „საშეღავათო პერიოდი“ (grace period) - 1,9 მილიონი დოლარის ჯარიმებია დაწესებული, რაც რუსეთმა არ გადაიხადა, ეს კი დეფოლტის აღიარების საფუძველია.

საუბარია რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ობლიგაციებზე, რომლის 552 მილიონი დოლარის ნაშთი რუსეთს 4 აპრილისთვის უნდა დაეფარა.

11 მაისს, ამ ფასიანი ქაღალდების ყოფილმა მფლობელებმა, რომლებმაც ძირითადი თანხის გადასახდელი 2 მაისამდე მიიღეს, რუსეთის დეფოლტის შესახებ შეტყობინებით მიმართეს Euroclear-ის კლირინგ სისტემას, რომ მათ არ მიიღეს დამატებითი 1,9 მილიონი დოლარი, რომელიც დაერიცხა ძირითად გადასახდელს 4 აპრილიდან ობლიგაციების რეალური დაფარვის თარიღამდე.

რუსული რუბლი არავის უნდა

ჯერჯერობით, ეს არის პირველი ნიშანი „რეალური“, ფართომასშტაბიანი დეფოლტისა (როდესაც რუსეთი ვერ შეძლებს უცხოური ვალუტით გაისტუმროს ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, ობლიგაციების გამოშვებით აღებული ვალები): 1,9 მილიონი დოლარი შედარებით მცირე თანხაა, „დამზღვევებმა“ ეს თანხმა იოლად დაფარეს, მაგრამ ჯამურად რუსეთს 40 მილიარდი დოლარის საერთაშორისო ობლიგაცია აქვს გამოშვებული, თანაც ყველა მათგანი ნომინირებულია დოლარებსა და ევროებში. რუსეთის ფინანსთა სამინისტრო ცდილობს ობლიგაციების მომსახურებას რუბლებში, რუსეთის ეროვნულ ვალუტაში, რასაც კრედიტორები არ იღებენ.

*დეფოლტი - აღებული ვალების გადაუხდელობა - დადგენილ ვადებში ვალის არდაბრუნება ან ვერდაბრუნება.