რუსეთისა და ბელარუსის საგანმანათლებლო ორგანიზაციები ბოლონიის პროცესიდან გარიცხეს მას შემდეგ, რაც რექტორების უდიდესმა ნაწილმა მხარი დაუჭირა უკრაინაში ომს. „რია ნოვოსტის“ ცნობით, ამის შესახებ რუსეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, დმიტრი აფანასიევმა განაცხადა. მისი თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება 11 აპრილს გამოცხადდა.
აფანასიევმა აღნიშნა, რომ დეკლარაცია არ არის ხელშეკრულება, რომლის გაუქმებაცაა საჭირო. „მე ვიტყოდი, რომ ბოლონიის სისტემა გავიდა ჩვენგან, და არა ჩვენ მისგან.“ - თქვა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ.
რუსეთი 2003 წლიდან მონაწილეობს ბოლონიის პროცესში. ის ითვალისწინებს განათლების ორდონიან სისტემას: ბაკალავრიატსა და მაგისტრატურას.
ბოლონიის პროცესში რუსეთის მონაწილეობის მიზანშეწონილობა უკვე განიხილებოდა დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაუარესების ფონზე, მაგრამ დისკუსია მნიშვნელოვნად გამწვავდა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ.
24 მაისს რუსეთის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მინისტრმა ვალერი ფალკმა განაცხადა, რომ რუსეთს დაგეგმილი აქვს, უარი თქვას ბოლონიის განათლების სისტემაზე და შექმნას საკუთარი.
1 ივნისს რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უმაღლეს სასწავლებლებს მისცა რეკომენდაცია, არ მიიღონ მონაწილეობა სტუდენტთა გაცვლის პროგრამა Erasmus+-ში. ამ პროგრამით ფინანსდებოდა რუსეთის სტუდენტების სასწავლად გაგზავნა ევროპის უმაღლეს სასწავლებლებში და სამეცნიერო გაცვლა.