„ერთ-ერთმა პირველმა ვთქვი უარი, აფიშაზე ჩემი რეგალია მიეწერათ. სხვებს აწერდნენ, ჩემს შემთხვევაში კი მხოლოდ სახელი და გვარი იყო: „რეჟისორი თემურ ჩხეიძე“. ვამბობდი, არ დააწეროთ: „სახალხო არტისტი“, ამის გარეშე დაბეჭდეთ. ყველაფერს მშვიდად უნდა შეხედო“... ამბობდა თემურ ჩხეიძე რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში 2016 წელს. რეჟისორი 5 ივნისს 78 წლისა გარდაიცვალა.
თემურ ჩხეიძე 1943 წლის 18 ნოემბერს იყო დაბადებული, მსახიობების მედეა ჩახავასა და ნოდარ ჩხეიძის ოჯახში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. რეჟისორად მუშაობდა როგორც საქართველოს, ისე რუსეთის თეატრებში. დადგმული აქვს 80-მდე სპექტაკლი.
„არაფერში არ გარეულა და არ გასვრილა, საბჭოთა ეპოქაშიც კი. ოჯახიდან გამომდინარე ყველა შესაძლებლობა ჰქონდა იმისთვის, რომ პრივილეგიებით ესარგებლა, მაგრამ არაფერი გამოუყენებია“, - ასე აფასებს ხელოვნებათმცოდნე ლელა ოჩიაური თემურ ჩხეიძეს. ის ამბობს, რომ ჩხეიძე ერთ-ერთი იყო, ვინც ქართული თეატრი შექმნა და სცენის ცენტრში ადამიანი დააყენა, თავისი განცდებით და პრობლემებით, - „ის ყოველთვის ძალიან თანადროული იყო. მისი ბოლო სპექტაკლიც „სეილემის პროცესი“, რომელსაც სტუდენტებთან ერთად დგამდა, თითქოსდა დღევანდელობაზეა - კუდიანებზე ნადირობა, ეკლესიასთან, სასამართლოსთან დაპირისპირება, როდესაც სისტემა ადამიანს სპობს. მის სპექტაკლებში მუდამ არის ეს შინაგანი ჭიდილი, არჩევანი, ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანი, ღირსება, ფასეულობები“.
საზოგადოებამ თემურ ჩხეიძე უფრო დაიმახსოვრა ფილმიდან „მშობლიურო ჩემო მიწავ“, სადაც მან რაიკომის მდივნის როლი შეასრულა. 2016 წელს რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში თემურ ჩხეიძე ასეთ რამეს ამბობს: „მე გავიაზრე, რომ არანაირი პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი ფორმაცია არ ათავისუფლებს ადამიანს სინდისისგან. სინდისი ყველას უნდა ჰქონდეს! ჩემთვის გადავწყვიტე: სანამ ეს სისტემაა, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ის მამულის გადასარჩენად გამოვიყენოთ“.
ინტერვიუში მან ისიც გაიხსენა, თუ როგორ შეაფასა ეს ფილმი რეჟისორმა ნიკიტა მიხალკოვმა. „გულწრფელად გეტყვით, - გვითხრა, მიხალკოვმა, - რუსეთში რომ გადაეღოთ ფილმი რაიკომის მდივანზე, მთელი ფილმი თათბირი იქნებოდა. თქვენ კი გადაიღეთ ფილმი მიწაზე, რომელიც გადასარჩენია. მომეწონა ეს მიდგომა“.
ამ ფილმის შემდეგ თემურ ჩხეიძეს ლენინური პრემია მიანიჭეს. ამ პრემიას თავისი პრივილეგიებიც მოჰყვებოდა, თუმცა, როგორც რეჟისორმა თქვა, ბინის რიგში მაინც რვა წელი იდგა, მანქანის გამოსაყვანად კი ფული არ ეყო.
„არასდროს ყოფილა გაბოროტებული, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ჰქონდა კიდეც ამის მიზეზი. არც გადიდგულებულა, ბოლომდე თავმდაბალი დარჩა და მისი სპექტაკლებიც ასეთი იყო. შინაგანად ძალიან ემოციური და ტკივილიანი, გარეგნულად სიმშვიდეს ინარჩუნებდა. ბევრ პიროვნულ წყენას მალავდა და ფიზიკურ ტკივილსაც, ბოლო წლებში ძალიან ავადმყოფობდა, როგორც მახსოვს, ბავშვობაშიც, ერთი ხელი უფუნქციო ჰქონდა. არ იყო ძალიან აქტიური, მაგრამ არავისი არც კარგი გამოეპარებოდა, არც - ცუდი. ყოველთვის ძალიან კარგი შემფასებელი იყო“, - ამბობს ლელა ოჩიაური.
„აუხდენელი ოცნება“ - ასეთად დარჩა თემურ ჩხეიძე დრამატურგ სანდრო ლორთქიფანიძისთვის. თუ ვინმესთან მუშაობას ვინატრებდი, გინდა როგორც მსახიობი, ან როგორც დრამატურგი, ის იყოო.
„იმ იშვიათ შემთხვევებში, როდესაც შევხვედრივართ, იმხელა სიბრძნე, სითბო და მოკრძალება მიგრძვნია მასში, როგორიც მხოლოდ გენიალურ ადამიანებს ახასიათებთ. მასთან ურთიერთობისას გრძნობდი, რომ რაღაც მნიშვნელოვანს ეხებოდი, მას შეეძლო მართლა დიდი სპექტაკლები დაედგა“, - ამბობს სანდრო ლორთქიფანიძე.
თემურ ჩხეიძის სპექტაკლებიდან სანდრო იხსენებს „ანტიგონეს“, „მარად ქმარს“, „ART ხელოვნებას“.
„ანტიგონემ“ ჩემი როგორც მსახიობის გემოვნება ჩამოაყალიბა, გემოვნების საზღვრები სინამდვილეშია, თემურ ჩხეიძეს, რაც ჰქონდა - არ ვიცი, თანდაყოლილი ნიჭი იყო თუ შეძენილი - ეს იყო სინამდვილე. ის ახერხებდა ნაღდი და ნამდვილი ყოფილიყო. „ანტიგონეშიც“ კი, პერსონაჟებს რომ უყურებდი, მამას, დედას, დას ხედავდი, იმდენად ახლობლები იყვნენ ისინი“.
რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თემურ ჩხეიძე ამბობს, მე ცხოვრებაშიც და ხელოვნებაშიც საკუთარ შეცდომას ვეძებ, მუდმივად ვაანალიზებ, სად შეიძლება ისეთი შეცდომა მომივიდეს, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელი გახდებაო. შეკითხვაზე, უწევდა თუ არა კომპრომისზე წასვლა, თუნდაც იმავე საბჭოთა ეპოქაში, რეჟისორი ასე უპასუხებს:
„მე გამიმართლა, ყოველთვის იმას ვდგამდი, რაც თავად მსურდა. ამ კუთხით ბედის ნებიერი ვიყავი“.