წალენჯიხაში მის ისტორიაში პირველი ლიტერატურული ფესტივალი ჩატარდება - 17-18 და 19 ივნისს, ფესტივალ „გრანელის“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს, წალენჯიხის გარდა, ჯვარი და საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე ფახულანი უმასპინძლებს. ფესტივალი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის და წალენჯიხის მერიის ორგანიზებით ტარდება - ასოციაციას, ამ ფესტივალის დაფუძნების და მისი სწორედ წალენჯიხაში ჩატარების თხოვნით წალენჯიხის მერიამ მიმართა. „გრანელის“ მხარდამჭერი კი წალენჯიხის განვითარების ჯგუფია. ფესტივალში მონაწილეობას არა მხოლოდ თბილისიდან ჩასული, არამედ სამეგრელოში მცხოვრები ავტორებიც მიიღებენ.
„ჩვენ შეგვიძლია, წალენჯიხა, სადაც 125 წლის წინ დაიბადა ტერენტი გრანელი, გადავაქციოთ სამეგრელოს ლიტერატურულ ცენტრადაც“, - ამბობს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის დირექტორის მოადგილე გვანცა ჯობავა.
„თავისუფალ ქვეყანას თავისუფალი ადამიანები ქმნიან, თავისუფლება ღირებულებებია, ღირებულებები - განათლებაა, ხოლო ეს განათლება და ღირებულებები ტექსტებზე დგას. მე ვფიქრობ, რომ მომავალში, ჩვენს განწყობებს და შემონათვალს გაიგებენ აფხაზებიც, აფხაზი ავტორებიც, გაიგებენ უკრაინის და ყველა ერის თავისუფალი ადამიანებიც... წალენჯიხის ფესტივალი კი გახდება ჩვენსა და აფხაზებს შორის გაწყვეტილი ძაფების შეერთების მოტივატორი და გზა“, - ასე გამოეხმაურა თავად წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა ფესტივალის დაარსებას.
რატომ წალენჯიხა? - ამაზე გამომცემლობა „ინტელექტის“ მთავარ რედაქტორი, ზვიად კვარაცხელია უპასუხებს, რომ ეს არის ტერენტი გრანელის, ლეო ქიაჩელის, ნიკოლოზ შენგელაიას, დანიელ ფიფიას, კალისტრატე სალიას სამშობლოა, სივრცე, რომელსაც ტრადიციულად მოსდგამს წიგნიერების, ლიტერატურის, კულტურის სიყვარული.
„ამიტომ მგონია, რომ ეს ფესტივალი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ამ ტრადიციასაც და საბაბიც იქნება იმის, რომ რეგიონში ძალიან წარმატებული და თან სასარგებლო ფესტივალი გაიმართოს“.
ასევე ნახეთ მოსახლეობა, ბიუჯეტი, ფართობი... რა ვიცით წალენჯიხაზე?
ომი და მშვიდობა, ევროპული ღირებულებების გზა იქნება წალენჯიხის ლიტერატურული ფესტივალის მთავარი სასაუბრო თემა.
ფესტივალის ორგანიზატორები მოელიან, რომ წალენჯიხის ღია თვითმმართველობა სხვა მუნიციპალიტეტებსაც მისცემს კულტურის სფეროს მხარდაჭერის მაგალითს.