საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ კომპანია "ბორჯომის" თანამფლობელი საქართველოს მთავრობა გახდება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე თქვა, თუმცა არ დაუზუსტებია, რა პირობების დაკმაყოფილება მოუწევს სახელმწიფოს.
"ეკონომიკის სამინისტრომ პრაქტიკულად დაასრულა მოლაპარაკებები. ერთი კვირის თავზე მთავრობის სხდომაზე ჩვენ გამოვიტანთ საკითხს და "ბორჯომის" აქციონერები გავხდებით ჩვენ - მთავრობა. სახელმწიფო გახდება "ბორჯომის" თანამფლობელი, ამით ეს პრობლემაც მოგვარდება", - თქვა ღარიბაშვილმა.
„ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტს 2013 წლიდან ფლობს Alfa Group-ი, რომლის დამფუძნებელი სანქცირებული რუსი მილიარდერი, ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანია. კომპანია “IDS ბორჯომის საქართველოს" ორივე ჩამომსხმელმა ქარხანამ 29 აპრილიდან დროებით შეაჩერა მუშაობა, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო.
მინერალური წყლების კომპანია ბორჯომის მოსახლეობის დასაქმების მთავარი წყაროა. გარდა ამისა, "ბორჯომის" ქარხნებიდან ბიუჯეტში ყოველწლიურად 12 მილიონ ლარამდე თანხა შედიოდა. ადგილობრივ ოპოზიციაში ამბობენ, რომ ქარხნების გაჩერება არა მარტო იქ დასაქმებულ თითოეულ ადამიანს, არამედ მთლიანად მუნიციპალიტეტს მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს.
ასევე ნახეთ “ბორჯომის” ქარხნების გაფიცული თანამშრომლები აქციების გამართვას თბილისში გეგმავენ