"ალტ-ინფოს" პარტია სასამართლომ 218 ათასი ლარით დააჯარიმა

"კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერები

პარტია "კონსერვატიული მოძრაობა", რომელიც საზოგადოებაში "ალტ-ინფოს" სახელით არის ცნობილი, სასამართლომ 218 ათასი ლარით დააჯარიმა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ.

პარტიის წინააღმდეგ სასამართლოს აუდიტის სამსახურმა მიმართა. იგი ორ საკითხს აყენებდა:

  • სადავო იყო 2021 წლის დეკლარაცია. აუდიტის სამსახური აცხადებდა, რომ ეს დოკუმენტი არასწორად იყო შევსებული - პარტია უთითებდა, რომ დეკემბერში ფინანსური ბრუნვა არ ჰქონია - სწორედ ამ დროის გაიხსნა "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისები;
  • გარდა ამისა, საუბარი იყო არაფულადი შემოწირულებების დამალვაზე. კერძოდ, პარტიამ აუდიტის სამსახურში არ წარადგინა ინფორმაცია არაფულად შემოწირულებებზე - ბრენდირებული მასალის დაბეჭდვასა და რეგიონული ოფისების რემონტზე. იყო შემთხვევები, როცა პარტიამ ოფისი ხელშეკრულების გარეშე იქირავა. საუბარი იყო 72 ათას ლარზე.
ასევე ნახეთ როგორ შეაყვარო თავი რუსული ტანკით - “ალტ-ინფო” რეგიონში მიდის
ასევე ნახეთ პრორუსული პარტიის შემომწირველებს შორის სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებულებიც არიან

სასამართლომ გაიზიარა აუდიტის სამსახურის მოსაზრება და პარტიას სავარაუდოდ დამალული თანხის სამმაგი ოდენობა დააკისრა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი კონსტანტინე მორგოშია ამბობს, რომ არ ეთანხმებიან სასამართლოს პოზიციას და გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.