რუსეთის ახალი სამიზნეები უკრაინაში - რა არ უნდა გამოგრჩეს 6 ივნისს

პუტინი იმუქრება, რომ ევროპული შეიარაღება უკრაინაში რუსეთის ახალი სამიზნე გახდება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში თქვა, რომ თუ დასავლეთი კიევს გრძელი რადიუსის რაკეტებს მიაწვდის, „რუსეთი დარტყმებს განახორციელებს სამიზნეებზე, რომლებიც აქამდე ჰქონდა“. პუტინი არ აკონკრეტებს, რა სამიზნეებს გულისხმობს, თუმცა მისი ბოლო განცხადება გაგრძელებაა მოსკოვის რიტორიკისა, რითაც დასავლეთს ომის წაქეზება-გაჭიანურებაში სდებს ბრალს.

დასავლეთის მიერ კიევისთვის მიწოდებული შეიარაღება რომ მოსკოვს განსაკუთრებით აღელვებს, ბოლო დღეების შეტევებზეც აისახა. რუსეთის ჯარებმა კიევის ვაგონშემკეთებელ ქარხანაზე მიიტანა იერიში, სადაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის, იგორ კონაშენკოვის თქმით, ევროპის მიერ მიწოდებული ჯავშანტექნიკა იყო განლაგებული.

თუმცა ოფიციალური კიევი აცხადებს, რომ ქარხანა მარცვლეულის ვაგონებზე მუშაობდა. უკრაინის რკინიგზის ხელმძღვანელმა, ოლეკსანდრ კამიშინმა მედია მიიწვია ქარხნის დასათვალიერებლად.
ერთ-ერთი ბოლო სამხედრო დახმარება, რომელიც უკრაინას დასავლეთიდან გაუწიეს, აშშ-ისგან არის. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასულ კვირას განაცხადა, რომ კიევს სამხედრო დახმარების ახალი, 700 მილიონი დოლარის პაკეტი გადაეცემოდა. მასში მაღალი მობილურობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემა HIMARS-იც შედის.

წაიკითხე მეტი.

ასევე ნახეთ უკრაინა აკონტროლებს სევეროდონეცკის ნახევარს - გაიდაი

ძალოსანი ლაშა ტალახაძე მეექვსედ გახდა ევროპის ჩემპიონი

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრმა ლაშა ტალახაძემ ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი სამი ოქროს მედლით დაასრულა და ზედიზედ მეექვსედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული. ოლიმპიური თამაშების ორგზის და მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ქართველმა მძიმეწონოსანმა ტირანაში გამართულ ევროპირველობაზე, პირველ მოძრაობაში სამივე ცდა გამოიყენა - 208, 212 და 217-კილოგრამიანი შტანგები აიტაცა და მცირე ვერცხლის მომპოვებელ სომეხ ვარაზდატ ლალაიანს ექვსი კილოგრამით გაუსწრო.

მეორე მოძრაობა - აკვრა ლაშა ტალახაძემ 245 კილოგრამით და წარმატებული ცდით დაიწყო და სწორედ ამ წონამ გაანაღდებინა ევროპის ჩემპიონის ტიტული როგორც აკვრაში, ისევე ორჭიდის ჯამშიც. მეორე ცდაზე კი, 253-კილოგრამიანი შტანგის აწევა ვერ შეძლო და წელის ტკივილის გამო, ფიცარნაგზე მესამედ ასვლისგან თავი შეიკავა.
თანამედროვე მსოფლიო ძალოსნობის ქართველმა სუპერვარსკვლავმა ორჭიდში 462 კილოგრამი მოაგროვა და თერთმეტი კილოგრამით აჯობა უახლოეს მდევარს - ლალაიანს.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ბულგარეთი სტუმრად დაამარცხა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში მეორე შეხვედრა ჩაატარა და ისევ მოიგო. ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა ბულგარეთის ნაკრებს სტუმრად, საკმაოდ ადვილად აჯობა - ანგარიშით 5:2.

ქართველთაგან გოლები გაიტანეს ზურიკო დავითაშვილმა, ბუდუ ზივზივაძემ, ხვიჩა კვარაცხელიამ და ვაკო ყაზაიშვილმა. ერთი საგოლე კომბინაცია კი ხრისტოვის ავტოგოლით დასრულდა.

საქართველოს ნაკრები ჯგუფის ლიდერია ექვსი ქულით და მომდევნო შეხვედრას ისევ სტუმრად გამართავს - 9 ივნისს, ჩრდილოეთ მაკედონიასთან. 12 ივნისს კი უკვე თბილისში დაუპირისპირდება ბულგარეთს.

სერბეთის მედია იუწყება, რომ ლავროვის თვითმფრინავს სამმა ქვეყანამ დაუხურა ცა

ბულგარეთმა, ჩრდილოეთმა მაკედონიამ და მონტენეგრომ ცა დაუხურეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თვითმფრინავს, ეს განხორციელდა მინისტრის ბელგრადში ვიზიტის წინ, რომელიც 6-7 ივნისს უნდა გაიმართოს, - იუწყება სერბეთში გამომავალი "ვეჩერნიე ნოვოსტი" და აქვეყნებს ასლს დოკუმენტისა, რომელიც მონტენეგროს ხელისუფლების თავისი ბეჭდით კრძალავს რეისის ფრენას.

ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის. მოსკოვი და ბელგრადი მედიაში გამოქვეყნებულ ცნობაზე კომენტარს არ აკეთებენ.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.

WHO ადასტურებს მაიმუნის ყვავილის 780 შემთხვევას, აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის საფრთხე "საშუალოა"

მაიმუნის ყვავილის ვირუსის 780 შემთხვევა მსოფლიოს გარშემო 27 ქვეყანაში გამოვლინდა. ამ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ადასტურებს. ამ რაოდენობაში არ შედის აფრიკის კონტინენტის სტატისტიკა, სადაც ეს დაავადება ენდემურია.

სააგენტომ 207 შემთხვევა აღრიცხა დიდ ბრიტანეთში, 156 - ესპანეთში, 138 -პორტუგალიაში, 58 კანადაში და 57 გერმანიაში.

WHO-ის განცხადებით, მაიმუნის ყვავილის მიერ შექმნილი საფრთხე ჯერ "საშუალოა", თუმცა „შესაძლოა გაიზარდოს, თუკი ვირუსი ისარგებლებს საშუალებით, თავი დაიმკვიდროს არაენდემურ ქვეყნებში, როგორც ადამიანებში გავრცელებულმა პათოგენმა".

წაიკითხე მეტი.

გაქცევა ბათუმიდან თურქეთში, როგორ გადაცურა პატრუშევმა საზღვარი 1962 წელს

პროფესიულმა მოცურავემ პიოტრ პატრუშევმა (1942-2016) 1962 წელს საბჭოთა კავშირიდან გაქცევა მოახერხა. მან შავი ზღვა ბათუმიდან თურქეთამდე სპეციალური მოწყობილობების გარეშე გადაცურა. პატრუშევის გაქცევის ამბავი დაზვერვის საიდუმლო სახელმძღვანელოებშია შესული.

საბჭოთა ხელისუფლებამ მას დაუსწრებლად შეუფარდა სიკვდილით დასჯა. პატრუშევის მემუარებს სწორედ ასე ჰქვია: „მიესაჯოს დახვრეტა“.

პიოტრ პატრუშევი 1942 წელს, ციმბირში, ტომსკის რაიონის სოფელ კოლპაშევოშია დაბადებული. მამა შვილის გაჩენამდე ფრონტზე დაიღუპა. დედა სამ შვილს ზრდიდა. პიოტრი კარგი სპორტსმენი დადგა, მოცურავე. მისი კანდიდატურა 1964 წლის ოლიმპიური ნაკრებისთვისაც კი განიხილებოდა, მაგრამ უნივერსიტეტში ვერ მოხვდა და ჯარში გაიწვიეს.

გაანაწილეს ნოვოსიბირსკის სპორტკლუბში, რომელსაც ჩემპიონების სამჭედლოსაც უწოდებდნენ. აქ კარიერა მოულოდნელად ჩამოიშალა. უცაბედად პატრუშევი ჩვეულებრივ სამხედრო ნაწილში გადაიყვანეს, მიზეზი 50 წლის შემდეგ გაიგო. ის და მისი მწვრთნელი ჰენრიხ ბულაკინი ტომსკის აუზის დირექტორმა, ვინმე შკოლნიკმა აითვალწუნა. შკოლნიკი ბერიას მოკავშირე იყო, მისი ერთი ზარი ნოვოსიბირსკის სუკში და პატრუშევი სპორტული კლუბიდან ჩვეულებრივ საჯარისო ნაწილში აღმოჩნდა.

წაიკითხე მეტი.

„გარბენი უკრაინისთვის“- კახეთში ამ სახელწოდების მარათონის გამარჯვებულები ცოტა ხნის წინ გამოავლინეს. მამაკაცებში პირველი ადგილი თბილისში მცხოვრებმა დავით ხარაზიშვილმა, ხოლო ქალებში რუსეთის მოქალაქემ ირინა ოვჩარენკომ აიღო. მათ სხვადასხვა პრიზები გადაეცათ.

ნახე დრონის ვიდეო.

ნიკოლოზ წიქარიძე და დავით გაგოშიძე - არქეოლოგები, რომლებიც სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმიდან სხვა კოლეგებთან ერთად გაათავისუფლეს. მღვიმეები, გათხრები, აღმოჩენები, პროფკავშირები ... საუბარი არქეოლოგიის მომავალსა და კულტურის პოლიტიკაზე.