უკრაინის რკინიგზა უარყოფს რუსეთის მტკიცებას კიევში ევროპული ჯავშანტექნიკის განადგურებაზე

კვამლი ვაგონშემკეთებელი ქარხნის დაბომბვის შემდეგ. კიევი. 5 ივნისი, 2022 წელი

უკრაინის რკინიგზის ხელმძღვანელმა ოლეკსანდრ კამიშინმა უარყო რუსული მხარის განცხადება, რომ კიევზე სარაკეტო თავდასხმების სამიზნე ევროპული ჯავშანტექნიკა იყო. მან ჟურნალისტები ქარხნის დასათვალიერებლად მიიწვია.

„ოფიციალურად ვაცხადებ, რომ ქარხნის ტერიტორიაზე არ არის სამხედრო ტექნიკა. ამ ქარხანაში აკეთებენ გონდოლების ვაგონებს და მარცვლეულის მატარებლებს, რომლებიც გამოიყენება პროდუქციის ექსპორტისთვის, - განაცხადა მან და დაამატა, - ჩვენ დავადასტურებთ, რომ რუსეთმა კიდევ ერთხელ მოიტყუა. და რომ მათი რეალური მიზანი ეკონომიკა და მშვიდობიანი მოსახლეობაა. მათ უნდათ, დაკეტონ უკრაინული პროდუქციის ექსპორტის შესაძლებლობა“.

მისივე ინფორმაციით, ოთხი რაკეტა მოხვდა კიევის მარცხენა სანაპიროზე მდებარე დარნიცკის საავტომობილო სარემონტო ქარხანას. რკინიგზის ერთ-ერთი თანამშრომელი დაიჭრა, მას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

ასევე ნახეთ რუსეთი: კიევზე თავდასხმის სამიზნე იყო ევროპის მიერ მიწოდებული ჯავშანტექნიკა

მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ კიევზე თავდასხმის სამიზნე იყო უკრაინული ჯავშანტექნიკა.

„რუსეთის საჰაერო ძალებმა, მაღალი სიზუსტის შორ მანძილზე საჰაერო გაშვების რაკეტებით, კიევის გარეუბანში გაანადგურეს T-72 ტანკები და სხვა ჯავშანტექნიკა, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა მიაწოდეს [უკრაინას]“, - თქვა კონაშენკოვმა.