“გარბენი უკრაინისთვის“- კახეთში ამ სახელწოდების მარათონის გამარჯვებულები ცოტა ხნის წინ გამოავლინეს. მამაკაცებში პირველი ადგილი თბილისში მცხოვრებმა დავით ხარაზიშვილმა, ხოლო ქალებში რუსეთის მოქალაქემ ირინა ოვჩარენკომ აიღეს. მათ სხვადასხვა პრიზები გადაეცათ.
მედიასთან კომენტარი მხოლოდ დავით ხარაზიშვილმა გააკეთა.
"მიხარია, რომ მსგავსი ღონისძიება ტარდება და არის საქველმოქმედო. ორმაგად მოხარული ვარ, რომ ამ მარათონს აქვს გარბენის სახე, რადგან თავად ვარ მორბენალი. გამარჯვებული მხოლოდ მე არ ვარ, აქ დღეს ყველა გამარჯვებულია. ჩვენ ვაკეთებთ სასიკეთო საქმეს“, - თქვა დავით ხარაზიშვილმა.
გარბენის დისტანცია იყო 8 კილომეტრი - დასასვენებელ კომპლექს ლოპოტას გადასახვევიდან გრემის მონასტრამდე.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გარბენში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 1500-მა ადამიანმა, რისთვისაც თითოეულმა მათგანმა 30 ლარი გადაიხადა.
შეგროვილი თანხა სრულად ომით დაზარალებულ უკრაინელებს მოხმარდება.
გარბენის დასრულებისა და გამარჯვებულების დაჯილდოების შემდეგ, გაიმართა ჯგუფ "მგზავრების" საქველმოქმედო კონცერტი.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ომის გამო საქართველოში დროებით ჩამოსულმა უკრაინელებმაც. ადგილზე უკრაინელი ბავშვების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც მოეწყო.
საქველმოქმედო გარბენი ყოველ წელს აერთიანებს 6 კონტინენტს ერთი მიზნით – გახდეს ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი, თუმცა წელს თანხა უკრაინაში გადაირიცხება. გასულ წლებში ღონისძიებიდან შესული თანხა მიემართებოდა ფონდში, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.
2014 წლიდან გარბენი ყოველ წელს კახეთში ტარდება.