ათობით ადამიანი დაშავდა სომხეთში, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლისას

ერევნის ცენტრში განთავსებულ საცხოვრებელ ვილებთან, სადაც სომხეთის მთავრობის მაღალჩინოსნები ცხოვრობენ, შეხლა-შემოხლა მოხდა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის, რის შედეგადაც დაშავდა ათობით ადამიანი. დემონსტრანტები კვლავ აპროტესტებენ, მათი თქმით, ხელისუფლების მიმართებას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან, აზერბაიჯანთან ურთიერთობაში.

3 ივნისს, გვიან ღამით პოლიციამ ხმოვანი ჭურვები გამოიყენა საიმისოდ, რომ დემონსტრანტები არ მიახლოებოდნენ ვილებს, სადაც პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანიც ცხოვრობს.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, დახმარება დასჭირდა 50 ადამიანს, მათ შორის 34 პოლიციელს. პოლიცია ამბობს, რომ დაკავებულია 11 დემონსტრანტი, პოლიციის მიმართ ძალადობის და დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებებით.

3 ივნისის დემონსტრაცია ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივი იყო გამოსვლების სერიაში, რომელიც სომხეთის ოპოზიციამ აპრილის ბოლოდან დაიწყო. დემონსტრაციები თითქმის ყოველდღიურად იმართება, ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით და მისი მთავრობის მიერ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯების გასაპროტესტებლად.

ფაშინიანს მწვავე კრიტიკა დაატყდა თავს მას შემდეგ, რაც ის და აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი აპრილში შეთანხმდნენ მუშაობის დაწყებაზე სამშვიდობო ხელშეკრულების გასაფორმებლად, რათა კონფლიქტი გადაიჭრას და შეიქმნას ერთობლივი კომისია საზღვრის დემარკაციის მიზნით. სომხეთმა 2020 წელს დაკარგა კონტროლი აზერბაიჯანის ამ სეპარატისტული რეგიონის ნაწილებზე, ომით, რომელიც დასრულდა მოსკოვის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით. ამ შეთანხმების განხორციელებას რუსეთის ჯარები მეთვალყურეობენ.