თელავში მდებარე აეროპორტი „მიმინო“, რომელიც ერეკლე მეორის სახელობისაა, 1992 წლის შემდეგ პირველად, მიმდინარე წლის ივლისის ბოლოდან ან ოქტომბრიდან შიდა რეისების შესრულებას დაიწყებს. 2012 წლიდან „მიმინო“ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ბალანსზეა და იქ პრაქტიკულ მომზადებას გადიან საფრენოსნო და საინჟინრო ფაკულტეტის ქართველი და უცხოელი სტუდენტები.
რადიო თავისუფლებას საავიაციო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა დავით ტეფნაძემ უთხრა, რომ შიდა ფრენები ბათუმისა და მესტიის აეროპორტების მიმართულებით შესრულდება და საწყის ეტაპზე კვირაში 4 რეისი განხორციელდება.
თელავის აეროპორტი სერტიფიცირებულია კატეგორიით, რომელსაც 5 500 კილოგრამამდე საჰაერო ხომალდების მიღება შეუძლია, შესაბამისად, ფრენები განხორციელდება 16-ადგილიანი თვითმფრინავით.
„საქართველოში შიდა ფრენები ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამჟამად არსებულ კონტრაქტს ვადა ეწურება და ახალი გაფორმდება ოქტომბერში. ახალ კონტრაქტში აუცილებლად იქნება ფრენები თელავის „მიმინოდან“. იმაზეც მიდის მუშაობა, რომ იქნებ ზაფხულიდანვე განხორციელდეს ავიარეისები. ამიტომ არის ორი ვადა დასახელებული: ივლისი ან ოქტომბერი. ამ ყველაფერს აგვარებს კომპანია „აკეარ ჯორჯია“. სწორედ ეს კომპანია განახორციელებს ფრენებს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას დავით ტეფნაძემ.

საავიაციო უნივერსიტეტის თვითმფრინავები
საავიაციო უნივერსიტეტის წარმომადგენელი გვეუბნება, რომ მხოლოდ ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მოსაწყობად 3-მილიონიანი ინვესტიცია განხორციელდა.
აეროპორტი აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო, მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და მცირე ზომის თვითმფრინავებით. აქვს სანავიგაციო კოშკურა, აეროვაგზლის შენობა მგზავრებისთვის და საერთო საცხოვრებელი პილოტ-ინსტრუქტორებისა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის.
თელავის აეროპორტი აშენდა 1983 წელს და თითქმის 10 წელი უწყვეტად იმუშავა. მუშაობა 1992 წელს შეაჩერა. შემდეგ აეროპორტი მთლიანად გაიძარცვა და განადგურდა.