პოლონეთში, ქმრის მიერ მოკლულ 26 წლის როზეტა ყალიჩავას საქართველოში 4 ივნისს ჩამოასვენებენ. ოჯახი ახლა როზეტას სამი მცირეწლოვანი - ექვსი, ოთხი და ორი წლის შვილების საქართველოში ჩამოყვანას ცდილობს. ბავშვები ამჟამად პოლონეთში, თავშესაფარში იმყოფებიან და დეიდის ინფორმაციით, მათთან ექიმები და ფსიქოლოგები მუშაობენ.
„ბავშვებმა არ იციან, რომ დედა აღარ ჰყავთ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას როზეტას და, ლორიტა ყალიჩავა:
„ბავშვების სანახავად ჩემი ძმა იყო მისული, ისიც პოლონეთში ცხოვრობს. ტირიან და დედას კითხულობენო. უცხო გარემოში არიან, არავის იცნობენ, პატარები არიან და ძალიან განიცდიან. ყველას ვთხოვ, ვისაც კი შეიძლება, რომ ეს ამბავი ეხებოდეს, იქნებ როგორმე დროულად მოხერხდეს ბავშვების საქართველოში ჩამოყვანა. დაგვეხმარონ, რომ ბავშვები სახლში დავაბრუნოთ“.
ბავშვების საქართველოში დაბრუნების პროცესში საქართველოს ზრუნვის სააგენტოა ჩართული. მხოლოდ მცირე წერილობითი კომენტარით შემოიფარგლა სააგენტო რადიო თავისუფლებასთან:
„სააგენტო საჭიროების ფარგლებში ჩართულია აღნიშნულ საქმეში. ვიმოქმედებთ საჭიროებისამებრ“.
მეტი ინფორმაცია მოგვაწოდა მოკლული ქალის შვილების საქართველოში დაბრუნების პროცესსა და პროცედურებზე არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ იურისტმა თამარ ლუკავამ. სწორედ თამარ ლუკავა ცდილობდა საქართველოდან როზეტას დახმარებას, სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე.
ამჯერად ორგანიზაცია „საფარი“ როზეტა ყალიჩავას შვილების საქართველოში დაბრუნების პროცესშია ჩართული და როზეტას ოჯახს იურიდიულ დახმარებას უწევს.
თამარ ლუკავას თქმით, ამ ეტაპზე, საქართველოში მზადდება დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც, როზეტას დედასა და ბავშვების ბებიას, მეურვის სტატუსი უნდა მიენიჭოს.
როგორც თამარ ლუკავა გვიხსნის, პროცესის დასაჩქარებლად ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ მეურვეობის მინიჭების დროებითი განკარგულება უნდა გამოსცეს:
„ჩვეულებრივი პროცედურით რომ დაიწყოს სასამართლომ ბებიისთვის მეურვეობის მინიჭების საკითხის განხილვა, ეს ძალიან დიდ დროს წაიღებს და ბავშვებს მოუწევთ პოლონეთში დიდი დროის გატარება. ამიტომ პირველი შუამდგომლობა, რაც საქართველოს მეურვეობისა და მზრუნველობის სააგენტოს აქვს, არის ის, რომ სასამართლომ უნდა გამოსცეს დროებითი განკარგულება და ამ განკარგულებით ბებიას მიანიჭოს მეურვის სტატუსი. ამის შემდეგ, ბებია ნოტარიულად დამოწმებულ მინდობილობას გააკეთებს ოჯახის ახლობელზე, რომელიც პოლონეთში იმყოფება და ბავშვებს სწორედ ის ჩამოიყვანს საქართველოში. დროებითი განკარგულების გამოცემა არ არის დროში გაწელილი პროცესი. ბავშვები ამჟამად თავშესაფარში არიან და ბიძასთან და ნათესავთან აქვთ კონტაქტი. მათ შესახებ დეტალურ ინფორმაციას არ ვფლობ, რადგან ეს პოლონური მხარის ინფორმაციაა და სამწუხაროდ, მათთან პირდაპირი კონტაქტი, არ გვაქვს. ჩვენ საკონსულო დეპარტამენტის საშუალებით გვაქვს კომუნიკაცია პოლონურ მხარესთან და ასე ვცვლით ინფორმაციას“.
თამარ ლუკავა იმედოვნებს, რომ ზუგდიდის საქალაქო სასამართლო დროებით განკარგულებას ბებიის მეურვეობის შესახებ უახლოეს პერიოდში გამოსცემს და მოკლული ქალის შვილები საქართველოში მომავალი კვირის ბოლოს დაბრუნდებიან:
„ჩვენი მოლოდინით, ზუგდიდის საქალაქო სასამართლო სამშაბათს ან ოთხშაბათს [7 ან 8 ივნისი], ზეპირი მოსმენის გარეშე გამოსცემს დროებით განკარგულებას. დღეს „საფარის“ იმერეთის ოფისის წარმომადგენელი იმყოფებოდა ზუგდიდში და სოციალურ სამსახურში უთხრეს, რომ სასამართლოს იმ კვირაში მიმართავენ და შესაბამისად, სასამართლოც იმავე კვირაში მიიღებს გადაწყვეტილებას. როგორც კი განკარგულება გამოიცემა, ბებიას იმ დღესვე ექნება საშუალება, რომ ნოტარიულად გააკეთოს მინდობილობა ნათესავზე საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე ბავშვების წამოყვანას შეძლებს. ბილეთები 11 ივნისისთვისაა აღებული და თუ მანამდე მოესწრება ყველა ამ პროცედურის გავლა, წესით, ბავშვები საქართველოში 11 ივნისს ჩამოვლენ“.
რაც შეეხება როზეტა ყალიჩავას ქმარს, 42 წლის კაცს, რომელმაც ცოლი 24 მაისს, პოლონეთის ქალაქ ლოძში, სახლში მოკლა, კვალის დაფარვის მიზნით ბინას ცეცხლი წაუკიდა და თვითდაზიანებები მიიყენა, თამარ ლუკავას ინფორმაციით, კლინიკაში პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ, ის სამართალდამცავებმა დააკავეს:
„ჩვენ არ გვაქვს საქმესთან წვდომა. ვმუშაობთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოითხოვოს პოლონეთისგან ოფიციალური დოკუმენტაცია და საქმის მთელი მასალები. როგორც პირად საუბარში მითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ამ პირს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია კლინიკაში, რის შემდეგაც პირდაპირ დააკავეს. თუმცა, ეს ვიცით მხოლოდ პირადი საუბრების დონეზე“.
როგორც პოლონური მედია პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, გამოძიებამ როზეტა ყალიჩავას ქმარი 27 მაისს, კლინიკაში დაკითხა. მას ბრალი ცოლის მკვლელობისთვის ოფიციალურად წაუყენეს:
„ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ, ამის შესახებ მას ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა, დაადასტურა მკვლელობის ფაქტი. მან გამოძიებას აცნობა, რომ ცოლთან კონფლიქტი მას შემდეგ მოუვიდა, რაც შეიტყო, რომ ქალი მისი ნების საწინააღმდეგოდ აპირებდა საქართველოში დაბრუნებას. შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე, პროკურატურამ კაცს ბრალი 26 წლის ცოლის მკვლელობისთვის წაუყენა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას უვადო პატიმრობა ელის“, - ამის შესახებ 27 მაისს, პოლონურ მედიასთან საუბრისას განაცხადა ლოძის რაიონული პროკურატურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კშიშტოფ კოპანიამ.
26 წლის როზეტა ყალიჩავა, 24 მაისს ქმრის მიერ მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. მას სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. მკვლელობა საღამოს 10 საათისთვის, პოლონეთის ქალაქ ლოძში, როინას 50 ნომერში, ხუთსართულიანი კორპუსის მესამე სართულზე მოხდა. ამ ბინაში როზეტა ოჯახთან ერთად გასული წლის სექტემბრიდან ცხოვრობდა.
ასევე ნახეთ რატომ ვერ დაიცვა ორმა სახელმწიფომ 26 წლის ქალი გამოცხადებული მკვლელობისგან?სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, როზეტამ დახმარების თხოვნით საქართველოში ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარს“ მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ „საფარის“ იურისტმა ქალის გადასარჩენად საქმის კურსში ჩააყენა როგორც საქართველოსა და პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროები, ისე პოლონეთში საქართველოს საელჩო, ქალის დაცვა მაინც ვერ მოხერხდა.
როზეტა პოლონეთში სამ შვილთან, ქმართან, ძმასთან და მამამთილთან ერთად ცხოვრობდა. ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან, სოფელ დარჩელიდან იყო. რამდენიმე წლის წინ, პოლონეთში სამუშაოდ ჯერ მისი ძმა წავიდა. შემდეგ ქმარი. ერთი წლის წინ კი შვილებთან ერთად ისიც პოლონეთში გადავიდა საცხოვრებლად.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი“ გეგმავს, რომ 26 წლის ქალის მკვლელობის საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წაიღოს.