„მძიმე ჯვარი“ - სახალხო გვარდიელის ჩანაწერები“ - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიის მეთაურმა ვალერიან (ვალიკო) ჯუღელმა თავის სახალხოგვარდიელი ამხანაგების ხსოვნას მიუძღვნა.
ამ მიძღვნით მან თქვა ყველაფერი, რასაც გრძნობდა და განიცდიდა სახალხო გვარდიის და თავისი თანამებრძოლების მიმართ. იმ ადამიანების, რომელთა მთავარი მიზანიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის, მისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვა იყო.
საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, სოციალ-დემოკრატი, საქართველოს სახალხო გვარდიის სარდალი (1917-1921 წწ.) და „დამკომის“ წევრი ვალიკო ჯუღელი, რომელიც მოგვიანებით, 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობდა და ამისთვის დახვრიტეს, თავისი ჩანაწერების ბოლოსიტყვაობაში წერს, არ მეგონა, თუ გამოქვეყნდებოდა და თან ასე მალეო. „უხერხულად და უინტერესოდ“ მიმაჩნდა, მაგრამ ბოლოს დავრწმუნდი, რომ ეს ჩანაწერები მხოლოდ მე არ მეკუთვნის, რადგან მასში აღწერილია უმნიშვნელოვანესი და სრულიად ახალი მოვლენა ჩვენს ცხოვრებაშიო:
„რევოლუციამ მე დემოკრატიის ინტერესების შეიარაღებული დაცვის აქტიურ მონაწილედ მაქცია. ეს ძალიან საპატიო, მძიმე, წმინდა და დანაშაულებრივი საქმეა. არ შეიძლება რევოლუციის კეთება ლაიკის ტყავის ხელთათმანებით! ხშირად არა მარტო ხელები ბინძურდება, არამედ სულიც... მაგრამ ვის ეყოფა გამბედაობა და კეთილსინდისიერება, რომ ქვა მესროლოს? ეს ქვა ხომ ჩვენი საფლავების ბორცვებს დაეცემა...
და დარჩება ტკივილი. სასტიკი, გაუყუჩებელი ტკივილი“.
ვალიკო ჯუღელის „მძიმე ჯვარი“ პირველად რუსულ ენაზე, 1920 წლის ბოლოს გამოქვეყნდა, თუმცა დაზუსტებით არ ვიცით, დღიურები რუსულად დაიწერა თუ ამ ენაზე შემდგომ, უფრო ფართო საზოგადოებამდე მისი მიტანის მიზნით ითარგმნა. ფაქტია ის, რომ გამოცემა „სახალხო გვარდიელში“ ნაწყვეტები „მძიმე ჯვრიდან“ ქართულადაც იბეჭდებოდა. საბოლოოდ კი წიგნი, როგორც ანტისაბჭოთა ლიტერატურა, 1921 წლის საბჭოთა რუსული ოკუპაციის შემდეგ აკრძალეს.
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის სპეცსაცავში ამ წიგნის მხოლოდ რამდენიმე რუსულენოვანი ეგზემპლარი იყო დაცული.
ასი წლის შემდეგ კი, 2022 წელს, გამომცემლობა „ზიარისა“ და „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის (SOVLAB)” თანამშრომლობით ვალიკო ჯუღელის „მძიმე ჯვარი“ პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე სრულფასოვნად და წიგნადაც გამოიცა.
ჩანაწერების ტექსტს ერთვის ვალიკო ჯუღელის ახლახან აღმოჩენილი, 1924 წლის დღიურის ფრაგმენტებიც. ამ დღიურებში მხოლოდ ერთი - საქართველოში დაბრუნების და მიზნის მიღწევის ოცნება ჩანს.
„მძიმე ჯვარი“ კი, ძირითადად, 1917-დან 1920 წლების ჩანაწერებს მოიცავს. თბილისი, სოხუმი, ფოთი, კასპის სადგური, ჭალადიდის მატარებელი, გუდაუთა თუ სოფელი თაგილონი - საიდან არ წერს და რას არ გვიყვება ვალიკო ჯუღელი თავის ჩანაწერებში, რომელშიც მშვიდობას - ომის დღეები ცვლის და, „სოვლაბის“ მკვლევრის და ამ წიგნის ერთ-ერთი რედაქტორის, დავით ხვადაგიანის სიტყვებით რომ ვთქვათ. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ყოველდღიურობას აღწერს.
თუმცა, იმ დროის სურათების გაცოცხლების გარდა, ვალიკო ჯუღელის ჩანაწერებით პირველ რესპუბლიკაზე გავრცელებული არაერთი მითიც იმსხვრევა, მაგალითად, ის, რომ თითქოს საქართველოს მაშინდელი მთავრობის თხოვნით დატოვა ბრიტანეთის ჯარმა სამხრეთი კავკასია:
„ვალიკო ჯუღელი წერს, ბრიტანელები 1919 წელს გასვლას აპირებენ, ისევ მარტო შეიძლება დავრჩეთ მტრის წინააღმდეგ და მთავრობამ და ყველამ გადავწყვიტეთ და ვთხოვეთ, არ გავიდნენო“, - გვეუბნება დავით ხვადაგიანი.
ამ ჩანაწერებში, მკითხველი, პირველ რიგში, მეომარ ვალიკო ჯუღელს გაიცნობს, რომელიც მუდმივად ფრონტის წინა ხაზზეა - ბრძოლებში ის გამუდმებით კარგავს მეგობრებს და დარდობს ამაზე, შეიტყობს, მაგალითად, რა სპექტაკლები იმართებოდა იმ დროის თბილისში, რას წერდა პრესა ამა თუ იმ მოვლენაზე, როგორი იყო საზოგადოების განწყობები, როგორ მუშაობდა დამფუძნებელი კრება, როგორ გადადიოდნენ ბრძოლის დროს შეტევაზე და სხვა უამრავ დეტალს, რომელიც ამ ჩანაწერებში მოქცეული სამი წლის ისტორიას ავსებს და აღადგენს.
14 ივნისი, 1918 წელი, სადახლოს სადგური
გუშინ ცხელი საომარი დღე გვქონდა! ბრძოლით ავიღეთ სოფელი დიდი ყოშა-ქილისა, სადაც ჩვენი ვალიკო (შარაშიძე) მოკლეს, მას ჩვენს შორის ტოლს ვერავინ დაუდებდა, ნეტა ვინ უნდა ჩაანაცვლოს ის? მის სიკვდილში, ნაწილობრივ, მეც მიმიძღვის ბრალი, რადგან ალყაშემორტყმული ულავრის გათავისუფლებისთვის შეტევა ჩემი იდეა იყო“...
25 ივლისი, 1918 წელი. დილა
„მივიღეთ პასუხი თერგის მთავრობისგან. თერგის რესპუბლიკა თანახმაა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ჩვენი ყველა ტყვე, ხოლო დანარჩენ საკითხებთან დაკავშირებით, შემოგვთავაზა შეხვედრა ძველ ლარსში. მაშ ასე, დღეს უნდა შევხვდეთ ერთმანეთს... საბჭოთა რესპუბლიკა თანდათან გვნებდება“...
1 იანვარი, 1919 წელი, ტაბახმელა
ჩვენი ცხენოსანთა დივიზიონი ტაბახმელაში სდგას. მოწინააღმდეგე არსად სჩანს. ცხადია, ის სავსებით დაშლილა და მოუხედავად გარბის!.. ტაბახმელა ქართულ-სომხური სოფელია. ყველა მაცხოვრებელი ადგილზე დარჩა. მე სიამოვნებით ვხედავ, რომ აქ ქართველები და სომხები კეთილ მეზობლურ განწყობილებაში არიან“...
2 იანვარი. 1919 წელი, ეკატერინენფელდი
კოშმარი! დღეს ჩემი მაუზერით ერთი სახალხო გვარდიელი მოვკალი! მან საცოდავი ათი წლის გოგო გააუპატიურა! ამ მხეცს დანაშაულის ცხელ კვალზე მივუსწარი და თავი ვერ შევიკავე“...
15 აპრილი, 1920 წელი, ტფილისი
ვიყავი „ალუბლის ბაღზე“. კარგად თამაშობდნენ. სულის შემძვრელად. მაგრამ აღარ არის უკვე ძველი არომატი, ძველი სურნელება. მე კი „ალუბლის ბაღთან“ ჩემი საუკეთესო მოგონებები მაკავშირებს. ისინი უკვე აღარ არიან...“
26 მაისი. 1920 წელი. მატარებელში
მივემგზავრები ფრიონტზე. დღეს 12 საათზე უკანასკნელი შეხვედრაა აზერბაიჯანლებთან. შეთანხმება ან ომი!.. დღეს 26 მაისია, მაგრამ ჩემს გულს არ ედღესასწაულება. ომის დროს დღესასწაული ვერ შედგება. თვით გამარჯვების მომტანი ომებიც კი საკუთარ თავში დიდ გლოვას ატარებს. თუ იქნება მშვიდობა, პატიოსანი მშვიდობა, დიდი დღესასწაულიც მექნება და ჯვრისგანაც გავთავისუფლდები. მძიმე ჯვრისგან!“
13 აგვისტო, 1920 წელი, ტფილისი, დამფუძებელი კრების სხდომა
ცხელი ზაფხულია, დეპუტატები სიცხით არიან მოთენთილი და დეკრეტების კითხვას დუნედ უსმენენ... ბოლშევიკები სომხეთთან დაზავდნენ. ზანგეზურსა და ყარაბაღს საბჭოთა ჯარები დაიკავებენ. ბოლშევიკები ახლა უბედურ პოლონეთს უტევენ. ჩვენს ყველა ფრონტზე სიწყნარეა...“
მოკლედ ვალიკო ჯუღელზე
„სოვლაბის“ მკვლევარი „მძიმე ჯვრის“ შესავალ წერილში შენიშნავს, რომ „თავზეხელაღებული რადიკალ-რევოლუციონერი ბოლშევიკი - ვალიკო ჯუღელი გადამწყვეტ მომენტში ისტორიის სწორ მხარეს დადგა და საქართველოს თავისუფლებისა და დემოკრატიის თავგამეტებულ დამცველად იქცა“.
მისი ჩანაწერებიც ცხადყოფს, რომ ოთხი წელი, ფაქტობრივად უწყვეტ ომებში მეთაურობდა სამშობლოს დამცველ გვარდიელებს, ჯარისკაცებსა და მოხალისეებს.
დავით ხვადაგიანი წერს, რომ 1917 წლიდან, სამხედრო-ფრონტული ცხოვრების პარალელურად, ვალიკო ჯუღელი დემოკრატიული რესპუბლიკის ინსტიტუციურ მშენებლობაშიც ჩაება - 1917 წლის ნოემბერში საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად აირჩიეს, შემდეგ - ამიერკავკასიის სეიმის დეპუტატად, საქართველოს პარლამენტის დეპუტატად, ხოლო 1919 წლის თებერვალში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად.
თუმცა მას, როგორც სამხედროს, პოლიტიკური ტრიბუნისთვის არ ეცალა და, როგორც დავითიც წერს, „სამოქალაქო და პარტიულ ცხოვრებაზე ფრონტი აღარც გაუცვლია“.
სახალხო გვარდია მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უსაფრთხოებისა და შიდა წესრიგის გარანტი იყო.
„სახალხო გვარდიის მთავარი შტაბისა და ტერიტორიული პრინციპით მოწყობილი გვარდიის ადგილობრივი შტაბების კონტრდაზვერვა და მზვერავები არ აძლევდნენ გასაქანს საქართველოს დემოკრატიის მთავარ მტრებს, როგორც მაშინ მოიხსენიებდნენ, „მოსკოვის ოქროთი მოსყიდულ“ ბოლშევიკებს და მათ მომხრეებს. სახალხო გვარდიის მზვერავებს, რომლებიც ძველი რევოლუციონერები და კონსპირაციის კარგი მცოდნეები იყვნენ, მნიშვნელოვანი კავშირები ჰქონდათ არა მარტო რუსეთის იმპერიის ყოფილ ტერიტორიაზე, არამედ ირანის და ოსმალეთის ტერიტორიებზეც, ყველგან, სადაც კი რევოლუციისა და რევოლუციონერების კვალი იყო XX საუკუნის დასაწყისის პოლიტიკური ბრძოლების არეალში. 1921 წლის თებერვალში, ლორეს ყოფილ ნეიტრალურ ზონაში მოწყობილი ბოლშევიკური პროვოკაციის წარმატების მიზეზად თანამედროვეები იქ გამოცდილი, რევოლუციური ბრძოლის მეთოდებისა და კონსპირაციის კარგად მცოდნე გვარდიელების არყოფნას ასახელებდნენ, რამაც ქართული შეიარაღებული ძალებისათვის ომის პირველი დღეების კატასტროფა განაპირობა და ფაქტობრივად თბილისის დაცვის ბედიც გადაწყვიტა“, - წერს დავით ხვადაგიანი.
ვალიკო ჯუღელი ფრონტზეა 1921 წლის 11 თებერვლიდანაც, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე საბჭოთა რუსეთის თავდასხმის დროსაც და თბილისის დაცვისას, კოჯორ-ტაბახმელის ბრძოლებშიც გვარდიელებს პირადი მაგალითით ამხნევებდა. უკანდახევის შემდეგ ის დაჭრილა კიდეც სოფელ ოსიაურთან გამართულ ბრძოლაში, 17 მარტს, საქართველოს დევნილ მთავრობას, ბათუმიდან ემიგრაციაში გაჰყვა.
თუმცა ბრძოლა არც საქართველოს საზღვრებს გარეთ შეუწყვეტია და, როგორც დავით ხვადაგიანი მოგვითხრობს, 1921-1922 წლებში, ჯერ კიდევ სტამბოლში ყოფნისას, ვალიკო ჯუღელი აქტიურად იყო ჩაბმული საქართველოს ემიგრაციის პოლიტიკური ცენტრის - პარიზსა და სამშობლოში წინააღმდეგობის იატაკქვეშა ფრონტს შორის მაკავშირებელი ორგანოს - „სტამბოლის პოლიტიკური კომისიის“ მუშაობაში და საბჭოთა რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ საერთო ფრონტის შექმნის მიზნით პარტიათა შორის მოლაპარაკების ხანგრძლივ პროცესშიც მონაწილეობდა.
სტამბოლში, სხვა სამხედრო მეთაურებთან ერთად დაამუშავა 1924 წლის ცნობილი ანტისაბჭოთა აჯანყების გეგმაც, რასაც ბოლოს შეეწირა კიდეც.
„მადლობა ღმერთს! ყინული გატყდა და წყალი დაიძრა!.. მე ვბრუნდები...“, - წერდა ის თებერვლის დღიურში. საქართველოში საიდუმლოდ დაბრუნებამდე ცოტა ხნით ადრე.
თვეებით ადრე აგვისტოს აჯანყებამდე - ამონარიდები 1924 წლის დღიურიდან
1924 წლის თებერვალში, როცა ვალიკო ჯუღელი ბენია ჩხიკვიშვილთან, ვიქტორ ცენტერაძესთან, გრიგოლ ცინცაბაძესა და საქართველოდან არალეგალურად ჩასულ ვასო ნოდიასთან ერთად საიდუმლოდ ბრუნდება საქართველოში ერთიანი, ანტისაბჭოთა აჯანყების ორგანიზებაში წინააღმდეგობის ცენტრის - საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის დასახმარებლად.
„გვარდიის სარდლის ავტორიტეტი და გამოცდილება ამ გადამწყვეტ მომენტში უაღრესად დიდ მნიშვნელობას იძენდა“, - წერს დავით ხვადაგიანი.
წამოსვლის წინ და საქართველოში ჩამოსვლამდე დღეების ქრონიკა კი მის 1924 დღის დღიურებშია აღწერილი. აი, რამდენიმე ამონარიდიც.
10 თებერვალი, 1924 წელი
„საკვირველი, სასაცილო და თან სამწუხარო მდგომარეობაა: ჩვენი გამგზავრების ამბავი იციან მარტო ევგენიმ, ნორამ, დიდმა ნოემ და კოწია კანდელაკმა. სხვებს ჯერ ვუმალავთ!“
15 თებერვალი, 1924 წელი
„გუშინ საღამოს ჩვენმა გემმა „პატრისმა“ დატოვა მარსელი... მიმაქვს საფრანგეთის დარდი და ოცნებები, მაგრამ გული არ მწყდება, რომ მას მოვშორდი... რადგან მე მივდივარ ჩემი მიზნისკენ. რადგანაც ხორციელდება ჩემი ნატვრა! მეორე სამშობლოს ყოველთვის პირველი და უკანასკნელი სამშობლო ჯობია“...
26 თებერვალი, 1924 წელი, სტამბოლი
დღეს იოსებისგან კვლავ ცუდი დეპეშა მოვიდა: თბილისში დიდი „პროვილები“ (ჩავარდნები)მომხდარა და, სხვათა შორის, სტამბაც ჩავარდნილა, ეს უთუოდ დიდი და საგრძნობი ზიანია ჩვენი საქმისთვის“.
27 თებერვალი, 1924 წელი, სტამბოლი.
სიზმრები, სიზმრები საქართველოზე! დღე და ღამე სულ საქართველო მიდგას თვალწინ და ჩემი გონება და ოცნებაც მაზედ არის მიჯაჭვული“.
29 თებერვალი. 1924 წელი.
დღეს „გულ-ჯემილათი“ მე და ბენია მივდივართ ხოფაში...
აჯანყების ჩახშობისა და მარცხის შემდეგ საქართველოს სსრ-ის საგანგებო კომისიამ (ჩეკა) ვალიკო ჯუღელი თბილისში დააპატიმრა 1924 წლის 6 აგვისტოს პასტერის ქუჩაზე.
„ის საიდუმლო კრებიდან ბრუნდებოდა, თავის საიდუმლო კურიერთან, ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის წევრ ქეთო ხუციშვილთან ერთად. „ზაკჩეკაში“ დაკითხვისას საბჭოთა სპეცსამსახურების შეფობამ, სოლომონ მოგილევსკიმ, ეპიფანე კვანტალიანმა და ლავრენტი ბერიამ ვალიკოს სტამბოლში მის მიერვე დამუშავებული აჯანყების გეგმა დაუდეს წინ, რითაც მისი ფსიქოლოგიური გატეხვა და იმაში დარწმუნება სცადეს, რომ აჯანყება გაცემული იყო. საკანში თვითმკვლელობის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ჯუღელმა მოითხოვა, რომ მიეცათ საშუალება, დაკავშირებოდა თანამებრძოლებს თხოვნით - გაეუქმებინათ აჯანყება. რა თქმა უნდა, საოკუპაციო რეჟიმი ამას არ დაუშვებდა“... - წერს დავით ხვადაგიანი.
გაზეთი „კომუნისტი“ 1924 წლის 8 აგვისტოს წერდა, რომ 6 აგვისტოს, თბილისში, საღამოს 10 საათზე და 35 წუთზე დააპატიმრეს საზღვარგარეთიდან არალეგალურად ჩამოსული, სახალხო გვარდიის შტაბის ყოფილი თავმჯდომარე და მენშევიკური პარტიის წევრი, „მთელ საქართველოში ცნობილი ბანდიტი“ ვალიკო ჯუღელი.
დაპატიმრების დღეს მას ჯიბეში აღმოაჩნდა ორი რევოლვერი პატრონებით.
ვალიკო ჯუღელი, სხვა პოლიტპატიმრებსა და მოქალაქეებთან ერთად, „ჩეკამ“, სავარაუდოდ, აჯანყების უკვე საყოველთაო ფაზის პირველივე ღამით - 30 აგვისტოს დახვრიტა თბილისში. მათი საფლავების ადგილი უცნობია.