ოკუპირებულ ცხინვალში უარყოფენ, რომ ალან გაგლოევს ქართულ და უცხოურ სპეცსამსახურებთან კავშირი აქვს

ალან გაგლოევი, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის "პრეზიდენტი"

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტი(КГБ) რუსი პოლიტოლოგის, სერგეი კარნაუხოვის ინფორმაციას ეხმაურება და დე ფაქტო რესპუბლიკის "ახალარჩეული პრეზიდენტის", ალან გაგლოევის ქართულ და უცხოურ სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირს უარყოფს.

КГБ-ს სპეციალისტებმა ყურადღება მიაქციეს პირველ ივნისს ქსელში გავრცელებულ სიუჟეტს, რომელშიც რუსი პოლიტოლოგი სერგეი კარნაუხოვი აანალიზებს რა სამხრეთ ოსეთში შექმნილ შიდაპოლიტიკურ მოვლენებს, აცხადებს, რომ რესპუბლიკის ახალარჩეულ პრეზიდენტს, ალან გაგლოევს, თითქოს კავშირი ჰქონდეს სამხრეთ კავკასიაში საქართველოსა და აშშ-ის ინტერესების ლობირებასთან. მოცემული გამონათქვამები არათუ არ შესაბამება სინამდვილეს, არამედ წინააღმდეგობაში მოდის სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის სამოკავშირეო ურთიერთობებთან, ასევე ორი ქვეყნის ძალისხმევასთან უსაფრთხოების საერთო კონტურის ფორმირებასთან მიმართებით“, - ნათქვამია, ოკუპირებული რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტის პრესცენტრის განცხადებაში.

დე ფაქტო უწყების ცნობით, „საპრეზიდენტო არჩევნებში“ მონაწილე კანდიდატები სპეციალურ შემოწმებას ექვემდებარებიან და მაღალ თანამდებობაზე ვერ მოხვდება პირი, რომლის ბიოგრაფიაშიც ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის ნიშნები შეინიშნება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ალან გაგლოევმა საქმიანობა „რესპუბლიკის უსაფრთხოების ორგანოებში“ დაიწყო, ამჟამად კი „КГБ-ს თადარიგის ოფიცერია“, ის აქტიურად მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომში.

რუსმა პოლიტოლოგმა სერგეი კარნაუხოვმა „Соловьев LIVE“ ის ეთერში განაცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთის ახალარჩეული ლიდერი ალან გაგლოევი საქართველოსა და აშშ-ის ინტერებზე დგას“.

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ახალმა "პრეზიდენტმა" ალან გაგლოევმა 30 მაისს შეაჩერა "ექსპრეზიდენტ" ანატოლი ბიბილოვის განკარგულება "სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ". განკარგულება შეჩერებულია მოსკოვთან კონსულტაციების დასრულებამდე. „რუსულ მხარესთან კონსულტაციები მიმდინარეობს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციასთან შემდგომ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხების მთელ სპექტრზე“, - ნათქვამია სამხრეთ ოსეთის ახალი დე ფაქტო ლიდერის განკარგულებაში.

გაგლოევის განკარგულება „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის შემდგომი ინტეგრაციის გზების შესახებ“ ეხება „რეფერენდუმზე წარდგენილი საკითხის სამართლებრივი შედეგების გაურკვევლობას“, ასევე „რეფერენდუმის ჩატარების ცალმხრივი გადაწყვეტილების დაუშვებლობას“ საკითხებზე, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ლეგიტიმური უფლებები და ინტერესებია.