არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია"(საია) "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განაჩენის შეფასებას აქვეყნებს. ორგანიზაციის განცხადებით, საქმის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე არსებულ კითხვებს (ბრალის წარდგენის, სასამართლო განხილვის, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის სტანდარტებთან და მოსამართლის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან მიმართებით), სასამართლო არც განაჩენში პასუხობს.
საიას თანახმად, განაჩენი დაუსაბუთებელია, ხოლო სასამართლო სხდომის დარბაზში გამოკვლეული მტკიცებულებებით, "ქმედებაში არ იყო დანაშაულის ნიშნები".
ე.წ 2015 წლის ეპიზოდი
ამ ეპიზოდში ნიკა გვარამიას და კახაბერ დამენიას ბრალად ედებოდათ, 2015 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, სარეკლამო შემოსავლების ხელოვნურად შემცირების გზით ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ისთვის განზრახ ზიანის მიყენება.
საია-ს მოსაზრებით, 2015 წლის ხსენებულ პერიოდში "რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე მოვლენები, რეკლამის განთავსების წესის ცვლილება და მათი გავლენა კომპანიის მიერ შემოსავლის მიღებაზე, სასამართლოს ყოველმხრივ სრულად და ობიექტურად არ აქვს შეფასებული.
"მიგვაჩნია, რომ განაჩენი, ამ ეპიზოდთან მიმართებით ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს", - წერს საია.
ასევე ნახეთ რას ედავებოდნენ და რისთვის დააპატიმრეს ნიკა გვარამია - ოთხი ძირითადი პუნქტიე.წ ავტომანქანის ეპიზოდი
სასამართლომ ამ ეპიზოდშიც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნო ნიკა გვარამია დამნაშავედ. მას ბრალი ედებოდა იმაში, რომ პირადი სარგებლობისთვის შეიძინა ავტომობილი შპს "პროესკო მედიისგან" და თანხის ანაზღაურება კონტრაქტორისთვის "რუსთავი 2"-ის სარეკლამო დროის ანაზღაურების შემცირების ხარჯზე ხდებოდა.
საია მიიჩნევს, რომ განაჩენის ამ ნაწილში მოსამართლის შეფასებები წინააღმდეგობრივია:
"განაჩენში, მოწმის ჩვენებაზე დაყრდნობით, მოსამართლე თავადვე აღნიშნავს, რომ ნიკა გვარამიას შეეძლო ავტომობილი პრემიის სახით მიეღო, მაგრამ როგორც სასამართლო განმარტავს მან დანაშაულებრივი სქემა არჩია, რაც მიგვაჩნია, რომ მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და შესაძლებელია შეფასდეს როგორც ალოგიკური მსჯელობა".
სასჯელის პროპორციულობა
საია აცხადებს, რომ სასჯელის პროპორციულობის ნაწილში სასამართლოს მსჯელობა განსაკუთრებით დაუსაბუთებელია:
"სასამართლო ე.წ ავტომანქანის ეპიზოდზე საპატიმრო სასჯელის გამოყენების ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად ასახელებს იმას, რომ ბრალდებულს ჯარიმის გადახდასთან დაკავშირებით წინასწარ აქვს გაცხადებული პოზიცია, რომ არანაირ ჯარიმას არ გადაიხდის.
სისხლის სამართლის კოდექსი განსაზღვრავს სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის გადახდისგან თავის არიდების სამართლებრივ შედეგებს. ამავე კოდექსით დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელი ინიშნება თითოეული დანაშაულისთვის ცალ-ცალკე".
საიას პოზიციით, მიუხედავად იმისა, რომ ნიკა გვარამია არ არის წარსულში ნასამართლევი და მისი მხრიდან გირაოს პირობებში დანაშაულის ჩადენის ან პირობების დარღვევის ფაქტი არ დადასტურებულა, სასამართლომ შინაპატიმრობის გამოყენებაზე საუბრისას განმარტა, რომ აღნიშნული ვერ დააზღვევდა ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს:
"გაუგებარია, თუ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო იყო დანაშაულის ჩადენის ნაწილში შემაკავებელი ხასიათის, სასჯელის სახით შეფარდებული, თუნდაც შინაპატიმრობა რატომ ვერ მოახდენდა აღნიშნული რისკის დაზღვევას".
მოსამართლის აცილების საკითხი
ორგანიზაცია, ასევე აცხადებს, რომ განაჩენში პასუხგაუცემელია მოსამართლის აცილების საკითხი. ეს უკავშირდება საქმის განმხილველი მოსამართლის ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მფლობელი ჰოლდინგის დირექტორთან, ზაზა გველესიანთან ახლო მეგობრობას.
საია მიიჩნევს, რომ მოსამართლემ ვერ გააქარწყლა საზოგადოებაში გაჩენილი ეჭვები მისი მიკერძოებულობის თაობაზე. მოსამართლე განაჩენში აღნიშნავს, რომ "აცილების მოთხოვნა არ გამომდინარეობს სსსკ-ის 59-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი სამართლებრივი წინაპირობიდან, ამასთან სხვა გარემოების არსებობა/არარსებობის ფაქტი, რომელმაც შესაძლოა საეჭვო გახადოს მოსამართლის ობიექტურობა და მიუკერძოებლობა, უპირობოდ არ დგინდება მხოლოდ დაცვის მხარის სურვილით, მოსაზრებით ან ჰიპოთეტური დაშვებებით და მინიმუმ უნდა აკმაყოფილებდეს რაიმე ფაქტობრივ გარემოებაზე დაფუძნებულ სტანდარტს".
"ამგვარი შეფასება აზრს მოკლებულია, მაშინ როდესაც კანონმდებლობა პირდაპირ უთითებს აცილების წინაპირობად - სხვა საეჭვო გარემოებაზე. რაც საზოგადოების აღქმიდან უნდა შეეფასებინა სასამართლოს და არა პირადი ხედვიდან გამომდინარე", - წერს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია".
საია მიიჩნევს, რომ ეს ჩრდილს აყენებს მთლიანად ამ საქმეზე მიმდინარე მართლმსაჯულებას.
ასევე ნახეთ როგორ განმარტავს მოსამართლე ნიკა გვარამიას განაჩენს - დეტალები დასაბუთებიდან16 მაისს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
გვარამიასთვის გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს და საპატიმრო სასჯელს უკანონოდ, პოლიტიკურად მოტივირებულად და დამოუკიდებელი მედიისთვის საფრთხის შემცველად აფასებენ უფლებადამცველი ორგანიზაციების, მედიასაშუალებების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. თავის მხრივ, მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" წევრებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს უწოდეს სამართლებრივი და ნიკა გვარამიასა და კრიტიკული მედიის პოლიტიკური დევნა გამორიცხეს, რადგან, მათი განცხადებით, "მთავარი არხი" საქმიანობას უპრობლემოდ განაგრძობს.