საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უარს ამბობს შეაფასოს "მთავარი არხის" მეწილისა და დირექტორისთვის, ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის მისჯის საკითხი. მას "პალიტრანიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში არ უთქვამს, აპირებს თუ არა ნიკა გვარამიას შეწყალებას.
"მე არ მაქვს უფლება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ მქონდეს შეფასება... მე, როგორც პრეზიდენტმა, არ შეიძლება ეჭვები წარმოვთქვა სასამართლოს მიმართ. შემიძლია მხოლოდ ერთი რამ ვთქვა, ამ დროს ამ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შეიძლებოდა გადადებულიყო, პოლიტიკურად არ მიმაჩნია, რომ იყო დროული... ვიცი, რომ იყო სხვა ვარიანტები სასჯელის, ვიდრე ის, რაც იქნა მიღებული", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
16 მაისს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ასევე ნახეთ როგორ განმარტავს მოსამართლე ნიკა გვარამიას განაჩენს - დეტალები დასაბუთებიდანგვარამიასთვის გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს და საპატიმრო სასჯელს უკანონოდ, პოლიტიკურად მოტივირებულად და დამოუკიდებელი მედიისთვის საფრთხის შემცველად აფასებენ უფლებადამცველი ორგანიზაციების, მედიასაშუალებების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. თავის მხრივ, მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" წევრებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს უწოდეს სამართლებრივი და ნიკა გვარამიასა და კრიტიკული მედიის პოლიტიკური დევნა გამორიცხეს, რადგან, მათი განცხადებით, "მთავარი არხი" საქმიანობას უპრობლემოდ განაგრძობს.