საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "პალიტრანიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში "ქართული ოცნების" წევრები გააკრიტიკა უკრაინის მიმართ წინსწრებით გაკეთებული განცხადებისა და ოპოზიციური პარტიებისადმი გამოთქმული შეფასებების გამო.
"ჩვენ რატომღაც ვთვლით საჭიროდ, რომ უარი ვთქვათ ისეთ რაღაცებზე, რომელსაც არ გვთხოვენ. ეს არ მესმის, რომ რატომ არის საჭირო, რომ წინსწრებით რაღაცებს ვაცხადებთ. არანაირი მოთხოვნა არ არის ჩვენ მიმართ დამატებითი სანქციების დაწესების. არსაიდან არ არის მოთხოვნა ჩვენი პარტნიორების მხრიდან მეორე ფრონტის გახსნაზე, არსად, მე სადაც ვიყავი არავისგან [არ არის].
ის, რომ უკრაინის მთავრობაში მყოფი ზოგიერთი პირისგან ეს მოთხოვნა, სურვილი უფრო სწორად, მოვისმინეთ, ეს გასაგებია - როცა ომში ხარ, გინდა ყველანაირად ამ სიტუაციაში გინდა გამარჯვებული იყო და ეძებ საიდან შეიძლება იყოს რაღაცა ფორმის შველა, შეიძლება რაღაცები თქვა. მაგრამ ჩვენ რომ ვამბობთ, რომ არის მოთხოვნები მეორე ფრონტის გახსნის, ეს არასწორია.
იმასაც ვიტყვი, არ მგონია ვინმე იყოს ამ ქვეყანაში ომის მომხრე. ეს თემა, მე ვფიქრობ, ჩვენთვის, ყველასთვის დამაზიანებელია. ჩვენ ვიცით, რომ არც მეორე ფრონტის საშუალება, არც სურვილი არ გვაქვს... არ არის საჭირო ამ თემით აპელირება და მანიპულირება", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
ასევე ნახეთ კობახიძე ივანიშვილის ბანკთან დავაზე: ადგილი აქვს "კოორდინირებულ ქმედებებს", მიზანი შესაძლოა, ომში ჩართვა იყოსმან არასერიოზული უწოდა მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაჟღერებულ ვერსიას, რომლის მიხედვითაც, "ქართული ოცნების" დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის, შვეიცარიულ ბანკთან შექმნილი პრობლემა საქართველოს ომში ჩართვის სურვილს უკავშირდება.
"მე ვლაპარაკობ სერიოზულ საკითხებზე - მეორე ფრონტის თუ ომი თემა. არ არსებობს მეორე ფრონტის საფრთხე, არ არსებობს "ომის პარტია" თუ პარტიები საქართველოში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ ტოტალურად სოლიდარულები უკრაინასთან", - თქვა ზურაბიშვილმა.
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ოპოზიციონერებს, მეტწილად კი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს "ომის პარტიის" წევრებად მოიხსენიებენ. მმართველი გუნდის წარმომადგენლები საჯარო კომენტარებში ამბობენ, რომ ოპოზიციას სურს საქართველო უკრაინაში მიმდინარე ომში ჩართოს და "მეორე ფრონტი" გაიხსნას.