ამით, სახელმწიფო აღიარებს, რომ ფემიციდი არის როგორც განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, ისე სოციალური ფენომენი - გენდერული მოტივით ჩადენილი მკვლელობა, რომელიც უმეტესწილად ქალის მესაკუთრეობის თუ მისი ქცევის კონტროლითაა ნაკარნახევი.
ინიციატივა, რომ ტერმინი „ფემიციდი“ საქართველოს საკანონმდებლო აქტებში ჩაწერილიყო, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, უფრო ზუსტად კი, 2014 წლიდან გაჩნდა. იმ წელს, ქმრებმა, ყოფილმა ქმრებმა თუ პარტნიორებმა, 20-ზე მეტი ქალი მოკლეს.
იმ წელსვე დაიწყო ქალთა მოძრაობის კამპანიები ფემიციდის პრევენციის მიზნით, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში, არაერთი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, ფემიციდის სტატისტიკა ქვეყანაში არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა კიდეც. თუკი მხოლოდ ბოლო სამი წლის ოფიციალურ სტატისტიკას გადავხედავთ, 2021 წელს საქართველოში 31 ქალი მოკლეს, 2020 წელს - 27, 2019 წელს კი ქვეყანაში ფემიციდის 22 შემთხვევა აღირიცხა.
სად და როგორ უნდა გაჩნდეს ტერმინი ფემიციდი?
საერთაშორისო ორგანიზაციის „თანასწორობა ახლა“ ევრაზიის რეგიონული წარმომადგენელი, იურისტი თამარ დეკანოსიძე თვლის, რომ მიუხედავად გენდერის ნიშნით ჩადენილ დანაშაულზე დღეს არსებული საკანონმდებლო რეგულაციებისა, ტერმინ „ფემიციდის“ ჩაწერა საკანონმდებლო აქტში, ამ ტიპის დანაშაულის გასააზრებლად და ზოგადად, ქალთა მკვლელობების პრევენციის მიმართულებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.
მას მიაჩნია, რომ ტერმინი „ფემიციდი“ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მეოთხე მუხლში უნდა გაჩნდეს:
„სისხლის სამართლის კოდექსი, ჩემი აზრით, დღეს უკვე საკმარისად არეგულირებს ფემიციდს. მაგრამ, ამასთანავე, ვინაიდან ფემიციდი და ქალთა მიმართ ძალადობა არის ძალიან სერიოზული და, ფაქტობრივად, დაუძლეველი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც უკიდურესად აზიანებს ქალებს, მათ უფლებებსა და სიცოცხლის უფლებას, მნიშვნელოვნად მიმაჩნია ამ ტერმინის საკანონმდებლო აქტში დეკლარაციული სახით გაჩენა. ვფიქრობ, ყველაზე შესაბამისი აქტი ამ კუთხით არის „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის კანონი“, რომელიც უკვე ისედაც განგვიმარტავს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სხვადასხვა ფორმას, მათ შორის, რას ნიშნავს ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური ძალადობა, იძულება, სექსუალური ძალადობა, ეკონომიკური ძალადობა და ა.შ. მაგრამ არ განგვიმარტავს ფემიციდს. ფემიციდის განმარტება თუ ჩაიდება ამ აქტში, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ პრობლემის აღიარებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით“.
დღეს არსებული კანონმდებლობა
სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს, ოჯახურ დანაშაულს, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობას დღეს საქართველოში სხვადასხვა საკანონმდებლო აქტი აწესრიგებს:
- საქართველოს კანონი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ“;
- კანონი ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „გენდერული თანასწორობის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ და სხვ.
- სისხლის სამართლის კოდექსი
ამ კატეგორიის დანაშაულებთან ბრძოლის თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, რომელშიც ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე ცვლილება შევიდა.
მაგალითად, 2012 წლის 12 ივნისის საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, პასუხისმგებლობა განისაზღვრა ოჯახური დანაშაულისა და ოჯახში ძალადობისთვის და კოდექსს დაემატა 126-ე პრიმა მუხლი, რომლის თანახმადაც, ოჯახში ძალადობა არის „ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება. რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება), 118-ე (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) ან 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) მუხლით გათვალისწინებული შედეგი“. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სხვა მუხლებით ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში კი სახეზეა ოჯახური დანაშაულის შემადგენლობა, რომელიც განისაზღვრება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა მუხლზე (პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის) მითითებით.
გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც საქართველომ 2017 წელს მოახდინა „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) რატიფიცირება, გატარდა სხვა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები ეროვნული კანონმდებლობის სტამბოლის კონვენციასთან ჰარმონიზაციის მიზნით. შედეგად, სისხლის სამართლის კოდექსში გაჩნდა 151-ე პრიმა მუხლი, რომელიც ადევნების დანაშაულს არეგულირებს.
2017 წლის ცვლილებების შედეგად, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა ასევე 53-ე პრიმა მუხლი, რომლითაც სასჯელის დამამძიმებელი გარემოებების განცალკევებით რეგულირება მოხდა. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამძიმებას იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის ჩადენა ხდება რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით.
გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (სიდოუს) რეკომენდაციით, 2018 წელს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამ, 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში), 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) და 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მუხლებში ცვლილებები შევიდა და ამ მუხლებს დაემატა ტერმინი „გენდერის ნიშანი“. ანუ, დამამძიმებელ გარემოებებად საგანგებოდ გამოიყო გენდერის ნიშანი და დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, გენდერის ნიშნით ჩადენილი დანაშაული, სხვა ტიპის განზრახ მკვლელობისგან განსხვავებით, ისჯება უფრო მკაცრი, 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
კანონი გენდერის ნიშნით ჩადენილ დანაშაულზე მკაცრდება
თუმცა, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე, განზრახ მკვლელობის მუხლი დამამძიმებელ გარემოებებში, რომელიც თავის თავში მოიცავს გენდერის ნიშნით მკვლელობასაც, კიდევ უფრო გამკაცრდება და ნაცვლად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთისა, დანაშაულის ჩამდენი პირი დაისჯება 16-დან 20 წლამდე პატიმრობით, ან თავისუფლების უვადოდ აღკვეთით.
საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთი ავტორია მმართველი გუნდის წევრი, დავით მათიკაშვილი. როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, მიუხედავად დღემდე არსებული საკანონმდებლო ცვლილებებისა, მიაჩნია, რომ როგორც გენდერის ნიშნით, ისე არასრულწლოვნის, ოჯახის წევრის, რასობრივი თუ რელიგიური ნიშნით ჩადენილი თუ სხვა ტიპის დანაშაულებებისთვის, კანონმდებლობა კიდევ უფრო მკაცრი უნდა იყოს, რაც ამ ნიშნებით ჩადენილი დანაშაულების პრევენციის ერთ-ერთი გზა შეიძლება იყოს.
როგორც ის რადიო თავისუფლებას განუმარტავს, იმისათვის, რომ ამ ტიპის დანაშაულებისთვის პირს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, მაქსიმალური სასჯელი, უვადო პატიმრობა მიესაჯოს, სასჯელის ფორმის განსასაზღვრად აღარ იქნება საჭირო დამატებით, სხვა განსაკუთრებული გარემოებები:
„ეს მუხლი გახდება ერთნაწილიანი და გამკაცრდება. მაგალითად, ოჯახის წევრის, ორსული ქალის, არასრულწლოვნის, გენდერის ნიშნით პირის მკვლელობისთვის, სასჯელის ზომა იქნება გათვალისწინებული უკვე 16-დან 20 წლამდე ვადით ან პირდაპირ უვადო თავისუფლების აღკვეთით. ამ ცვლილების თანახმად, კანონმდებლობა გაითვალისწინებს, რომ უვადო პატიმრობისთვის, აღარ იქნება საჭირო სხვა გარემოებაზე მითითება, არამედ გენდერის ნიშნით ჩადენილი მკვლელობა, ორსული ქალის მკვლელობა, ოჯახის წევრის მკვლელობა, არასრულწლოვნის მკვლელობა, უკვე თავად როგორც ეს ფაქტი, იქნება ის გარემოება, რომელიც სასამართლოს მისცემს საშუალებას, რომ აირჩიოს კონკრეტული საქმიდან გამომდინარე, 16-დან 20 წლამდე პატიმრობა მიუსაჯოს პირს თუ თავისუფლების უვადოდ აღკვეთა. მიმაჩნია, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებას, პირველ რიგში, გააჩნია მნიშვნელოვანი პრევენციული ეფექტი. პირმა, რომელიც განიზრახავს მსგავსი სასტიკი დანაშაულის ჩადენას, უნდა იცოდეს, რომ მას, შესაძლოა, მთელი ცხოვრების გისოსებს მიღმა გატარება მოუწიოს“.
კანონპროექტი პარლამენტმა უკვე დაამტკიცა სამი მოსმენით და ახლა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერას ელოდება, რათა ძალაში შევიდეს. კანონი პრეზიდენტს ხელმოსაწერად 27 მაისს გადაეგზავნა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, მას ხელი უახლოეს პერიოდში მოეწერება.
პრეზიდენტის გზავნილი სახელმწიფო უწყებებს
31 მაისს, როცა საქართველოს პრეზიდენტი პოლიციის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოდიოდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავდა, მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ქალთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე, ფემიციდის არსებობას „სამარცხვინო“ უწოდა და მიმართა როგორც სამართალდამცავებს, ისე სახელმწიფო სტრუქტურებს:
„მართალია, ზოგიერთებს არ უყვართ სიტყვა „სამარცხვინოა“, მაგრამ ჩემთვის და ვიცი, რომ თქვენთვისაც, სამარცხვინოა, რომ დღეს საქართველოში ხდება კიდევ ის სასტიკი ქალთა მკვლელობა ბავშვების თვალწინ. ვიცი, რომ ამას თქვენც არ მოითმენთ, თქვენთვისაც ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა და ვიცი, რომ ამ კუთხით უკვე ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. უკვე ბევრად უფრო დაცულად გრძნობენ თავს ქალები, როცა მიდიან პოლიციასთან და იციან, რომ ამას მოჰყვება შემაკავებელი ორდერი და ეს უკვე აღარ არის გამონაკლისი, მაგრამ ისიც ვიცით თქვენც და მეც და ყველამ, რომ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი ამ მიმართულებით იმისთვის, რომ ეს საქართველოში აღარ მოხდეს. ეს აღარ უნდა დავუშვათ და ეს არის ჩვენი ერთობლივი მიმართულება, რომ ამისკენ ყველამ გადავდგათ ნაბიჯი, ყველა ზომა მივიღოთ, ეს იქნება მთავრობა, პარლამენტი თუ თქვენი შიდა გადაწყვეტილებები, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ იმას მივაღწიოთ, ოჯახში ძალადობა ჩაბარდეს წარსულს და მაშინ ვიქნებით ნამდვილად თანამედროვე, ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყანა და ეს იქნება თქვენი დამსახურება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
როცა სისტემა ვერ იცავს ქალებს - ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებები
ოჯახში ძალადობისა და გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულზე, მათ შორის, ფემიციდზე საუბრისას, იურისტები და ქალთა უფლებების დამცველები თვლიან, რომ მიუხედავად საკანონმდებლო ცვლილებებისა თუ უკანასკნელ წლებში, დასჯაზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოებისა, პრევენციის მიმართულებით ან ძალიან ცოტა, ან თითქმის არაფერი კეთდება. ამაზე მეტყველებს ბოლო წლების ფემიციდის სტატისტიკაც, რომელიც აჩვენებს სახელმწიფოს მხრიდან პრევენციულ ღონისძიებებზე ორიენტირებული პოლიტიკის სისუსტეს.
თამარ დეკანოსიძის თქმით, სახელმწიფო უწყებები მუდმივად, ერთმანეთთან კოორდინირებულად უნდა მუშაობდნენ და იკვლევდნენ, რატომ ვერ აიცილა სისტემამ ფემიციდის მორიგი შემთხვევა. რა უნდა გაეკეთებინა და რა არ გააკეთა? - თამარ დეკანოსიძე ამბობს, რომ სისტემა ამ კითხვებს საკუთარ თავს არ უსვამს:
„კი, ისინი მუდმივად უნდა უსვამდნენ საკუთარ თავს ამ შეკითხვებს. იცოდა თუ არა, ან უნდა სცოდნოდა თუ არა სახელმწიფოს, რომ ქალს ემუქრებოდა საფრთხე? რა ზომები მიიღეს და რა ზომები არ მიუღიათ მის დასაცავად? სამწუხაროდ, აი, ამ საკითხების მოკვლევა სახელმწიფოს მხრიდან არ ხდება. ეს არ უნდა გავიგოთ ისე, რომ, მაგალითად, მარტო პროკურატურამ გამოიკვლიოს, რა შედიოდა მის კომპეტენციაში, ან ცალკე შსს-მ და ცალკე ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყოს გამოძიება, რა ხარვეზები დაუშვეს და რატომ ვერ აიცილეს კიდევ ერთი ქალის მკვლელობა თავიდან. ეს უნდა იყოს კოორდინირებული მოქმედება სხვადასხვა უწყებას შორის, რომლებსაც ერთად უნდა ჰქონდეთ ქალთა მიმართ ძალადობაზე სათანადო რეაგირება და პრევენციის ერთიანი მექანიზმებით უნდა მუშაობდნენ“.
სწორედ სახელმწიფოს მხრიდან გამოვლენილ გულგრილობაზე მეტყველებს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც სტრასბურგის სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო და სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ სამართალდამცავი ორგანოების ზოგადმა და დისკრიმინაციულმა პასიურობამ, შექმნა კლიმატი ქალთა მიმართ ძალადობის გავრცელებისთვის.
ერთ-ერთი ასეთია 2014 წელს მოკლული 19 წლის სალომე ჯორბენაძის საქმე, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აწარმოებდა და რომელზეც ევროპულმა სასამართლომ 2022 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებაში ჩაწერა:
„...გარემოებები ადასტურებს, რომ აშკარა იყო განგრძობადი ოჯახში ძალადობა, რაც იმას ნიშნავს, მსხვერპლის მიმართ მყისიერი საფრთხის არსებობა ეჭვს არ იწვევდა და პოლიციამ იცოდა ან უნდა სცოდნოდა ამ მდგომარეობის ხასიათი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი გაფრთხილებულნი იყვნენ რისკების სერიოზულობის შესახებ, პოლიციამ არ გამოიჩინა საჭირო სპეციალური გულმოდგინება და მისი საქმიანობა წარმართა მნიშვნელოვანი ხარვეზებით, როგორიცაა არაზუსტი, არასრული ან თვით შეცდომაში შემყვანი მტკიცებულებების შეგროვებაც კი და არ უცდია ჩაეტარებინა სათანადო ანალიზი ძალადობის პოტენციური გამომწვევი ფაქტორების თაობაზე... ამგვარად, სასამართლო ასკვნის, რომ აღნიშნული საქმე შეიძლება განიხილებოდეს, როგორც კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება, ოჯახში ძალადობის მიმართ სამართალდამცავი ორგანოების ზოგადმა და დისკრიმინაციულმა პასიურობამ შექმნას გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ძალადობის შემდგომ გავრცელებას მსხვერპლთა მიმართ მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ქალები არიან“.
ევროპულმა სასამართლომ საქმეზე სიცოცხლის უფლების (ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი) და დისკრიმინაციისგან დაცვის (ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი) უფლების დარღვევა დაადგინა.
კიდევ ერთი გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ გასული წლის ივლისში, საქმეზე „თხელიძე საქართველოს წინააღმდეგ“ მიიღო.
ეს არის ფემიციდის პირველი საქმე, სადაც ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ქალის სიცოცხლის უფლების დარღვევა და დისკრიმინაცია დაადგინა.
საქმეს არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი“ და „ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ევროპული ცენტრი (EHRAC) აწარმოებდნენ. მომჩივანი მარიკა წივწივაძის დედა იყო.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს მარიკა წივწივაძეს და მის დედას მინიმუმ 11-ჯერ ჰქონდათ მიმართული პოლიციისთვის და ითხოვდნენ მარიკას დაცვას ყოფილი ქმრისგან, რომელიც მასზე ძალადობდა და მოკვლით ემუქრებოდა. თუმცა, პოლიციამ მას დახმარება არ გაუწია. 2014 წლის 17 ოქტომბერს მარიკა ყოფილმა ქმარმა უნივერსიტეტის შენობაში მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.
ამონარიდები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან:
„სასამართლოს მხოლოდ ის შეუძლია დაასკვნას, რომ ოჯახში ძალადობის განცხადებებთან მიმართებით სამართალდამცავი ორგანოების ზოგადმა და დისკრიმინაციულმა პასიურობამ, რომლის სრულყოფილი ილუსტრაციაა მოცემული საქმე, შექმნა კლიმატი ქალთა მიმართ ძალადობის შემდგომი გავრცელებისთვის. სასამართლო მიიჩნევს, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა აჩვენეს მარცხი, განეხორციელებიათ ნაბიჯები, რომლებსაც შეეძლოთ ტრაგიკული შედეგის შეცვლის ან ზიანის შერბილების რეალური შესაძლებლობის შექმნა. ისინი აშკარად უგულებელყოფდნენ სხვადასხვა დამცავი ზომების ფართო სპექტრს, რომლებიც მათთვის უშუალოდ იყო ხელმისაწვდომი და ხელისუფლებამ განსაკუთრებული გულმოდგინება ვერ გამოავლინა განმცხადებლის ქალიშვილის მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის აღსაკვეთად, რაც მისი გარდაცვალებით დასრულდა... სასამართლო მიიჩნევს, რომ პოლიციის უმოქმედობა მოცემულ საქმეში შეიძლება ჩაითვალოს სისტემურ წარუმატებლობად“.
როგორც სტრასბურგის სასამართლოს მიერ გავრცელებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, მომჩივანი საქმეში სამართალდამცავი ორგანოების ქმედებების სათანადო გამოძიებას ითხოვდა. მან არაერთხელ მოითხოვა მთავარი პროკურატურისგან ინფორმაციის მიღება, მაგრამ უშედეგოდ:
„მართლაც, საგულისხმოა, რომ ამ უკანასკნელს [პროკურატურას] ორ წელზე მეტი დასჭირდა იმისათვის, რომ [მომჩივნის] კორესპონდენციის მიღება დაედასტურებინა და მაშინაც კი არ მიაწოდა მას დამატებითი ინფორმაცია.. დისციპლინური წარმოებაც კი არ დაწყებულა სავარაუდო პოლიციის უმოქმედობის ფაქტზე, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანმა საჩივარი წარუდგინა პოლიციელთა დისციპლინური ზედამხედველობის ორგანოს. სასამართლო მიიჩნევს, რომ საჭირო იყო სათანადო გამოძიების ჩატარება იმის თაობაზე, გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია და მიკერძოება ასევე ხომ არ იყო პოლიციის სავარაუდო უმოქმედობის განმაპირობებელი ფაქტორი“.
თამარ დეკანოსიძის თქმით, აღსანიშნავია, რომ არა მხოლოდ ევროპული სასამართლო მიუთითებს საქართველოს ქალთა მიმართ ჩადენილი მკვლელობების საქმეებში სისტემის ხარვეზებზე, არამედ ამას ადგენენ ეროვნული სასამართლოებიც:
„პირადად მე ეროვნულ დონეზე ფემიციდის სამი საქმე ვაწარმოე. მათგან ორი საქმე დასრულდა უზენაესი სასამართლოს ეტაპზე და მესამე საქმე უზენაეს სასამართლოშია. ეს საქმეები ადგენს, რომ შსს-სა და პროკურატურას უნდა მიეღოთ კონკრეტული ზომები, რომ თავიდან აეცილებინათ მკვლელობა, მაგრამ ეს ზომები არ მიიღეს. სწორედ ამ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ორგანოებმა გადახედონ თავიანთ პოლიტიკას, გადახედონ იმას, თუ რატომ ვერ ახდენენ ქალების მკვლელობის პრევენციას, სად არის გამოსწორების შესაძლებლობები“.
ფემიციდისა და ფემიციდის მცდელობის ბოლო შემთხვევები
უკანასკნელ დღეებში, ფემიციდისა და ფემიციდის მცდელობის რამდენიმე შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი. მათგან ერთ-ერთი პოლონეთის ქალაქ ლოძში, 24 მაისს მოხდა. 26 წლის როზეტა ყალიჩავა 42 წლის ქმარმა მოკლა. მას სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. კლინიკაში გადის მკურნალობას მისი ქმარი, რომელმაც დაზიანებები მიიყენა. როზეტა ყალიჩავას საქართველოში, სავარაუდოდ, 4 ან 5 ივნისს ჩამოასვენებენ.
ასევე ნახეთ რატომ ვერ დაიცვა ორმა სახელმწიფომ 26 წლის ქალი გამოცხადებული მკვლელობისგან?რამდენიმე დღით ადრე, 21 მაისს, თბილისში, ავტობუსში, მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოკლა ქმარმა 31 წლის სოფო კვარაცხელია. 38 წლის როინ მებონია სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახედ ორთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. წინასასამართლო სხდომა 14 ივლისს გაიმართება. 38 წლის კაცს ბრალად ედება ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა (სისხლის სამართლის კოდექსის 11-ე პრიმა, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
23 მაისს, თბილისში, კიდევ ერთი ქალის მკვლელობა სცადა ყოფილმა ქმარმა. ქალი კლინიკაში გადაიყვანეს. 39 წლის ქალის ოჯახის ინფორმაციით, ყოფილი ქმარი ქალზე ფულის გამოძალვის მიზნით სისტემატურად ძალადობდა. რამდენიმე კვირის წინ, კაცი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა ის 3000-ლარიანი გირაოთი და შემაკავებელი ორდერით გათავისუფლდა. კაცი დაკავებულია და აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. საქმეზე გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.