„ომზე როგორც კი ჩამოვარდება საუბარი, უცებ სოლოვიოვად გადაიქცევა” - რუსეთში მცხოვრებ ქართველებს ხმის მიცემა უნდათ

თვითმფრინავი, რომლითაც რუსეთიდან დეპორტირებული ქართველები თბილისში დააბრუნეს. 2006 წლის 11 ოქტომბერი

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, უცხოეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა ხმის მიცემა ინტერნეტით უნდა შეძლონ. რუსეთში მყოფი ქართველები ამბობენ, რომ ეს ყველას ძალიან გაუხარდება. მათ შორის იმიტომ, რომ პოლიტიკაზე თამამად ლაპარაკი მხოლოდ ვიწრო წრეებში შეუძლიათ.

მილიონი თუ ბევრად ნაკლები?

ზუსტად არავინ იცის, რამდენი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს რუსეთში. არც იქ მყოფი საქართველოს მოქალაქეები დაუთვლია ვინმეს.

„ორი თვე დამრჩა აქ, და არ მინდა რა…” - მეუბნება სატელეფონო საუბარში ლევანი, ერთ-ერთი მოსკოვური გაზეთის ფოტოგრაფი, როდესაც სტატიაში სახელის შეცვლას მთხოვს.

ლევანი მოსკოვში დაიბადა. 90-იანების დიდი ნაწილი საქართველოში გაატარა, ბოლო 25 წელი კი - რუსეთში. მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს და რუსეთის დედაქალაქში გახსნილ საარჩევნო უბანზე ბოლოს 2008 წლის 27 მაისს მივიდა.

ცესკოში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ რუსეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ხმის მიცემა აღარ შეუძლიათ.

ლევანი ჰყვება, რომ იქიდან მოყოლებული, ისიც და საქართველოს კიდევ ბევრი მოქალაქე საარჩევნოდ საქართველოში ჩამოდიან ხოლმე.

ორ თვეში საქართველოში საბოლოოდ დაბრუნებას აპირებს. რუსეთში „გინდ აირჩიე, გინდა არა, ბოლოს მაინც პუტინი შეგრჩება ხელში. საქართველოში კი არის იმის განცდა, რომ შენზე რაღაცაა დამოკიდებული და შენს ხმას ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს ქვეყნის ბედზე”.

მისი თქმით, ქართველებს რუსეთში არ შეუძლიათ ხელისუფლების გაკრიტიკება. მხოლოდ ვიწრო წრეებში საუბრობენ მათთვის მტკივნეულ თემებზე - აგვისტოს ომზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უკრაინაში შეჭრაზე.

„ბევრს ვიცნობ. პოლიტიკაზე თუ დაუწყებს ვინმე საუბარს, უბრალოდ თავს იშტერებს ხოლმე”, - ამბობს ლევანი.

შიშთან ერთად ქართულ დიასპორას ადუმებს რუსული პროპაგანდაც.

„შეხედავ და განათლებული ადამიანია. მაგრამ უკრაინაში ომზე როგორც კი ჩამოვარდება საუბარი, უცებ ვლადიმერ სოლოვიოვად [რუსი ტელეწამყვანი] გადაიქცევა ხოლმე”.

კულტურა კი ბატონო, პოლიტიკა - არა

ანდრო ივანოვი, რომელიც ბოლო დრომდე რუსეთში ერთ-ერთი ქართული დიასპორული ორგანიზაციის პრესმდივნად მუშაობდა, ადასტურებს, ხმის მისაცემად საქართველოში ბევრი მიდის, კიდევ უფრო მეტს კი გული წყდება, რომ ვერ ახერხებსო.

უკვე დიდი ხანია, ძირითადად, ქართული კულტურა და ხელოვნებაა ის თემები, რომელზეც რუსეთში ხმამაღლა შეუძლიათ საუბარი. პოლიტიკას როცა ეხება საქმე, ყველაფერი სხვაგვარადაა. „რეპრესიული მანქანის” პირობებში, კრემლისთვის მიუღებელი პოზიციის რაიმე ფორმით გამოხატვა უბრალოდ საშიშია, - ამბობს იგი.

„არასდროს მომიწოდებია რუსეთში მცხოვრები ქართველებისთვის, ან სხვებისთვის, გარეთ გამოსულიყვნენ. ამხელა პასუხისმგებლობას მათზე ვერ ავიღებდი… მაგრამ თუ ვერ აპროტესტებ, ჩუმად მაინც იყავი…”

ანდროს თქმით, დიასპორული ორგანიზაციის პრესმდივანი მას შემდეგ აღარაა, რაც მისმა ხელმძღვანელმა ხელი მოაწერა უკრაინაში „სპეცოპერაციის” მხარდამჭერ ღია წერილს, რომელიც პუტინს 3 მარტს ოცამდე დიასპორულმა გაერთიანებამ გაუგზავნა.

„დიდი სტრესი გადავიტანე და ამაზე ახლა ლაპარაკი აღარ მინდა”, - მპასუხობს, როდესაც დეტალების მოყოლას ვთხოვ.

მხარდამჭერი წერილის არსებობა ლევანს არ უკვირს. ამბობს, რომ კრემლი პოლიტიკურ ერთგულებას ითხოვს ყველა დიასპორული ორგანიზაციისგან.

„ეფესბეს ოფიცერმა რომ თქვას ახლა, რუსეთის შეჭრას მხარს ვუჭერო და ვინმეს ეგ რომ გაუკვირდეს”, - ამბობს ლევანი.

მილიონი თუ ბევრად ნაკლები?

ლევანიც და ანდროც ამბობენ, რომ დღეს რუსეთში მცხოვრებ ქართველებს ეთნიკური ან მოქალაქეობის ნიშნით საფრთხე არ ემუქრებათ. მაგრამ ასე ყოველთვის არ ყოფილა.

2006 წელს, მას შემდეგ, რაც საქართველომ რუსეთის 4 მოქალაქე ჯაშუშობისთვის დააკავა, რუსეთმა 4600-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე გამოაძევა. ბევრს დამამცირებლად ეპყრობოდნენ. დეპორტაციის დროს საქართველოს ორი მოქალაქე გარდაიცვალა.

2019 წელს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს დაზარალებულთათვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა, რაც მოსკოვს აქამდე არ გაუკეთებია.

ასევე ნახეთ ევროსაბჭო რუსეთს ავალდებულებს 6 სექტემბრამდე გადაიხადოს დეპორტირებული ქართველების კომპენსაციის 10 მილიონი ევრო

ზუსტი მონაცემები იმაზე, თუ რამდენი საქართველოს მოქალაქეა დღეს რუსეთში, არ არსებობს. 2010 წლის აღწერის თანახმად, რუსეთში 157 ათასი ეთნიკური ქართველი ცხოვრობდა.

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მონაცემებით, რუსეთის ტერიტორიაზე 2017 წელს 450 ათასზე მეტი საქართველოში დაბადებული ადამიანი იმყოფებოდა.

წყარო: საქართველოს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ რუსეთში „1 მილიონი საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს”. პრემიერის თქმით, ყოველწლიურად ისინი სამშობლოში ასეულობით მილიონ ლარს რიცხავენ და სწორედ ამ მიზეზით არ დაუწესა საქართველომ რუსეთს ეკონომიკური სანქციები.

ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსეთიდან გადმორიცხული თანხის მოცულობა 364 მილიონ დოლარზე ნაკლები არ ყოფილა. ყველაზე მეტი 2013 წელს ჩაირიცხა - 801 მილიონი დოლარი.

მაგრამ, ამასთანავე, წილი მთლიან უცხოურ გზავნილებში 2011 წლის მერე საგრძნობლად შემცირდა - თითქმის 52%-დან 18%-მდე.

2022 წელს ისევ მატებაა. აპრილში რუსეთიდან 132 მილიონი დოლარი გადმოირიცხა. ეს წინა წლის აპრილთან შედარებით თითქმის 300%-ით მეტია.

დასავლეთი თუ ჩრდილოეთი?

ანდრო რუსეთის მოქალაქეა, მაგრამ თბილისში დაიბადა და თავს „90-იანების ბავშვს” უწოდებს. თავის „მეორე სახლში” აპრილის დასაწყისში ჩამოვიდა. ამბობს, რომ საქართველო უკეთესობისკენ შეიცვალა. მისი აზრით, სწორედ იმიტომ, რომ ევროკავშირთან დაახლოება აირჩია.

მაგრამ ანდრო თან აღიარებს, რომ საქართველოს ევროპული მომავლის გარშემო რუსეთში მცხოვრები ქართველები ერთსულოვნები არ არიან. ეს იდეა განსაკუთრებით იმათ არ მოსწონთ, „ვისაც საბჭოთა ნოსტალგია აქვს”.

ყველაზე დეტალური და ვრცელი კვლევა რუსეთში ქართული დიასპორის შეხედულებებზე, 2016 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიურმა სახლმა” გამოაქვეყნა.

რუსეთში მცხოვრები 20 ქართველი გამოიკითხა. ისინიც ამბობდნენ, რომ საკუთარი აზრის დაფიქსირების ხანდახან ეშინიათ. მათ აწუხებდათ, რომ საქართველოში „ბევრისთვის ასოცირდებიან მტრულად განწყობილ ქვეყანასთან”. მაგრამ თან განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე. ზოგისთვის რუსეთთან დაახლოება უფრო მნიშვნელოვანი იყო.

"კიბერშეტევის საფრთხე"

27 მაისს, დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ უცხოეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნებში მონაწილეობა ელექტრონულად უნდა შეძლონ.

„სადამდე უნდა იყოს, რომ ჩვენ გვყავდეს მილიონზე მეტი ადამიანი უცხოეთში და არჩევნებში მონაწილეობდეს მათი ძალიან მცირე რაოდენობა“.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები სალომე ზურაბიშვილმა საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე წააგო. მან ხმათა თითქმის 23% მიიღო. "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ - 52%.

ლევანი ამბობს, რომ მის ირგვლივ ხელისუფლების ბევრ მხარდამჭერს ვერ ხედავს. მათ „არ აქვთ არანაირი ინტერესი, "ქართულ ოცნებას" მისცენ ხმა“.

ევროკავშირის მოქალაქეებს შორის, უცხოეთიდან ინტერნეტით ხმის მიცემა მხოლოდ ესტონელებს შეუძლიათ. ადრე ფრანგულ დიასპორასაც შეეძლო, მაგრამ 2017 წელს ხელისუფლებამ ელექტრონული კენჭისყრა გააუქმა, „კიბერშეტევის მაღალი საფრთხის გამო”.

მაშინ კენჭს ემანუელ მაკრონი და მარი ლე პენი იყრიდნენ. ლე პენს რუსეთთან დაახლოება უნდოდა, მაკრონის შტაბი კი აცხადებდა, რომ მის ვებგვერდსა და სხვა ინტერნეტრესურსებს გამუდმებით უტევდნენ რუსეთის ტერიტორიიდან.