რუსეთის საოკუპაციო ძალების კონტროლის ქვეშ უკრაინის 2,6 ათასზე მეტი დასახლებული პუნქტია მოქცეული, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2 ივნისს განაცხადა ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის წინაშე ვიდეოხიდის საშუალებით გამოსვლისას.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან განხორციელებული აგრესიის განმავლობაში, 2014 წლის თებერვლიდან 2022 წლის 24 თებერვლამდე, უკრაინაში დაიღუპა 14 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო 1,5 მილიონი - ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულად იქცა.
"რუსეთის იმ პერიოდის დამპყრობლური კამპანიის შედეგად რუსეთის არმია აკონტროლებს უკრაინის ტერიტორიის 43 ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტს. ეს ფართობი, მაგალითად, დღევანდელი ნიდერლანდის შესატყვისია", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
"რუსეთის ჯარები შევიდნენ უკრაინის 3620 დასახლებულ პუნქტში. 1017 უკვე გავათავისუფლეთ. მაგრამ 2603 გასათავისუფლებელი გვაქვს. დღეისთვის ოკუპანტების კონტროლის ქვეშ არის ჩვენი ტერიტორიების 20%, დაახლოებით 125 ათასი კვადრატული კილომეტრი. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ბენილუქსის ქვეყნების მთელი ტერიტორია ერთად აღებული", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.