დღეს ინგლისური მთელი მსოფლიოს კულტურაზე ახდენს გავლენას, მათ შორის ქართულ ენაზეც. არის თუ არა საფრთხე, რომ წლების განმავლობაში ინგლისურმა ქართული ენა მნიშვნელოვანწილად შეავიწროოს? Მზად არის თუ არა განათლების სისტემა ამ გამოწვევისთვის?
10 წლის ბარბარემ ინგლისური Youtube-იდან ისწავლა. იქ ფილმების და სერიალების „თეორიებს“ ვუყურებო, ანუ განხილვას, რა შეიძლება მოხდეს მომდევნო სერიებში. ინტერნეტით და სატელევიზიო გადაცემებით ისწავლა რუსულიც და დღეს ერთგვარ „საკუთარ“ ენაზე ლაპარაკობს - ინგლისური, რუსული და ქართული სიტყვების ნაზავით.
„ინგლისური ენა მირჩევნია, უფრო კარგად ვიცი. ვკითხულობ ინგლისურად, ვუყურებ ინგლისურად, მანგას [იაპონური კომიქსი] ვკითხულობ ინტერნეტში ინგლისურად. ქართული ჩემთვის რთული არ არის, მაგრამ ინგლისური უფრო მომწონს. ქართულად რას ნახავ? არც მულტფილმებია, არც თეორიები, არც მანგა, ყველა ვიდეო ინგლისურადაა. ქართული კარგი წიგნი ერთიც არ მახსოვს“, - ამბობს ბარბარე.
ბარბარეს დედა, ელენე, ჰყვება, რომ ბავშვს შვიდი წლით უფროს დასთან ურთიერთობა უფრო გამოსდის, ვიდრე თანატოლებთან, რადგან ერთნაირი ინტერესები აქვთ და ერთმანეთის ენა ესმით.
„ყველაფერი ინგლისურადაა და, რა თქმა უნდა, უფრო ეადვილებათ. ხალხს ჰგონია, ამას არაფერი არ უნდა დაუპირისპირო. ჩვენ ხომ ქართველები ვართ და ბუნებრივად უნდა ვიცოდეთ ქართული. თუ ასე გაგრძელდა, 15 წელიწადში ქართულად აღარ ილაპარაკებენ“, - ამბობს ელენე.
8 წლის დემნა კოსტავა თავისი ამბის მოყოლას ასე იწყებს: „პატარა რომ ვიყავი“... გულისხმობს იმ დროს, რა ასაკიდანაც თავი ახსოვს. მაშინ ტელევიზორში მარტო ინგლისურ პროგრამებს უყურებდა და მიუხედავად იმისა, რომ სახლში ყველა ქართულად ლაპარაკობს, ინგლისური მშვენივრად ისწავლა, ყოველ შემთხვევაში, თავად ასე აფასებს: „კარგად ვიცი, ძალიან“.
„მიჩვეული ვარ ინგლისურს. ქართული წიგნები ცოტა „ქომფლიქეითით“ არის, ჩახლართული, ინგლისურ წიგნებში კი ძალიან მარტივად გაიგებ, რა ხდება, უფრო სახალისოა. კიდევ მომწონს, სურათებს რომ ბევრს ხატავენ და კომიქსებად რომ აქცევენ, ეს ყველაზე მეტად მომწონს. სხვა ბავშვებთან ინგლისურად და ქართულად ვლაპარაკობ, სკოლაში ძირითადად ქართულად, მაგრამ თუ რამე სიტყვა დამავიწყდა, ინგლისურად ვამბობ. მაგრამ მთავარი ენა ქართულია, ქართველი ვარ, საქართველოში ვცხოვრობ, ინგლისური მაინც მეორეა“, - ამბობს დემნა. იმასაც ჩივის, რომ ინგლისური ენის სახელმძღვანელოები ქართულისას ბევრად სჯობს, - „ჩემი ინგლისურის მასწავლებელი ცოტა მკაცრია, მაგრამ ისეთი კარგი წიგნები გვაქვს და ისეთი მარტივი მასალები... ქართული სახელმძღვანელოების ყდებზე კი ბზარები ჩნდება, ფურცლები მალე იხევა“.
დემნას დედა, გვანცა თვარაძე თავიდან თავად უკითხავდა შვილს ინგლისურ წიგნებს, მოგვიანებით კი მხოლოდ ქართულს სთავაზობდა, მაგრამ აქ უკვე წინააღმდეგობას გადააწყდა:
„აი, „წრიპა ბიჭის დღიური“ ქართულადაც არის, მაგრამ ქართულად არ დაინტერესდა, ინგლისურად კითხულობს. „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“ ვიპოვეთ ინგლისურად და ძალიან გაუხარდა, რადგან ფილმიც აქვს ნანახი. ფილმებია მისთვის კატალიზატორი, თორემ Youtube-ი საერთოდ გათიშული გვაქვს სახლში. ახლაც მაღაზიაში რომ მომყავს, პირდაპირ ინგლისური წიგნებისკენ მიდის, ქართული არ აინტერესებს“.
ლექსიკოგრაფიის პროფესორი, ინგლისური ენის სპეციალისტი თინათინ მარგალიტაძე ამბობს, რომ ვერც ქართული სახელმძღვანელოები და ვერც სწავლების მეთოდები კრიტიკას ვერ უძლებს.
„ინგლისური რთული იმითაა, რომ სხვანაირად იწერება, სხვანაირად იკითხება. ქართული რაც იწერება, ის იკითხება და მაინც ინგლისური რომ უფრო ეადვილება ბავშვს, ხომ ცხადია, რომ სახელმძღვანელოებსა და მეთოდოლოგიაშია პრობლემა. ბავშვები კომპიუტერს ჩართავენ და ყველაფერი ინგლისურადაა. ამას ჩვენ ვერაფერს ვუპირისპირებთ. ლექსიკა ღარიბი აქვთო, რანაირად ექნებათ მდიდარი? ბავშვს სიტყვა რომ დაამახსოვრდეს, რამდენჯერმე უნდა შეხვდეს სახელმძღვანელოში. ეს მეთოდები არსებობს, მაგრამ არ გვინდა, რომ გამოვიყენოთ“.
The Guardian-ი სტატიაში „ბეჰემოტი, მოძალადე, ქურდი: როგორ იპყრობს ინგლისური ენა პლანეტას“ წერს, რომ ისტორიის მანძილზე არცერთი ენა არ ყოფილა ისე ფართოდ გავრცელებული, როგორც ახლა ინგლისურია. თითქმის 400 მილიონი ადამიანისთვის ის მშობლიურია, მილიარდზე მეტისთვის - მეორე ენა, 59 ქვეყანაში კი ოფიციალურ ენად არის გამოცხადებული. ინგლისურის ფართოდ გავრცელებამ დიდი შესაძლებლობები მისცა საერთაშორისო ვაჭრობას, სტუდენტებს, განათლების სისტემას, ინტერნეტს, მაგრამ, მეორე მხრივ, ინგლისურის დომინირების გამო დავიწყებას ეძლევა სხვა ენები, ამ ენებზე შექმნილი ლიტერატურა და დიალექტები.
„მეც ვამჩნევ, რომ სკოლის მოსწავლეები გვერდით რომ ჩამივლიან, ინგლისურად საუბრობენ, მაგრამ არიან ისეთი ბავშვებიც, რომლებსაც გლობალიზაციის მიმართ ძალიან სწორი დამოკიდებულება აქვთ. ჩვენ ამ თემაზე სკოლებში ესეების კონკურსი ჩავატარეთ. ბავშვები წერენ, გლობალიზაცია იმას კი არ ნიშნავს, რომ აუცილებლად სხვას დავემსგავსოთ, ჩვენი უნიკალური ხმა უნდა მივიტანოთ იმ საერთო მრავალხმიანობაში, რომელსაც სხვადასხვა ეთნოსი და კულტურა ქმნისო. ინგლისურიც უნდა ვიცოდეთ, გერმანულიც და ფრანგულიც, მაგრამ ამან ქართული არ უნდა ჩაანაცვლოსო. თუ კარგი პედაგოგები ჰყავთ, ახალგაზრდებს ძალიან ჯანსაღი დამოკიდებულება აქვთ ამ საკითხის მიმართ“, - ამბობს თინათინ მარგალიტაძე.
59-ე სკოლის ქართულისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლელა კოტორაშვილი ბავშვების ინგლისურთან დამოკიდებულებაზე სამი სხვადასხვა სკოლის მაგალითზე საუბრობს.
„ხუთი წლის წინ რაჭაში ვასწავლიდი, იქ ბავშვები უფრო კარგი ქართულით ლაპარაკობდნენ, რადგან მშობლებთან მეტი ურთიერთობა ჰქონდათ და თან სოციალური ქსელებიც იმდენად არ იყო განვითარებული. ახლა უკვე ისინიც მიეჯაჭვნენ ინტერნეტს. კერძო სკოლაში უცხო ენებს უფრო მეტად სწავლობენ და არასწორ სალიტერატურო ფორმებსაც იქ უფრო მეტად იყენებენ. საჯარო სკოლაში ინგლისურში მომზადების საშუალება ბევრს არა აქვს, მაგრამ სხვადასხვა გავლენების გამო (ძირითადად ინტერნეტი) მათი ლექსიკური მარაგი ძალიან გაღარიბებულია“, - ჰყვება ლელა კოტორაშვილი. იმასაც აღნიშნავს, რომ ბავშვებს უჭირთ კლასიკოსი მწერლების გაგება, მაგრამ რაც უნდა პარადოქსული იყოს, ძალიან უყვართ ხალხური ზღაპრები. მიუხედავად იმისა, რომ იქ მათთვის ბევრი გაუგებარი სიტყვაა, თავად ამბავი იმდენად საინტერესო ეჩვენებათ, რომ ძალდაუტანებლად სწავლობენ.
თინათინ მარგალიტაძე ამბობს, რომ დღეს ინგლისური არა მარტო ქართულზე, არამედ ყველა სხვა ენაზე ახდენს გავლენას და ამ ქვეყნებში ენის დასაცავად სხვადასხვა პოლიტიკა აქვთ შემუშავებული. მაგალითად, ცდილობენ, უცხო ენა არა დამოუკიდებლად, არამედ მშობლიურ ენასთან ბმაში ისწავლებოდეს.
„არ შეიძლება უცხო ენა ისე ასწავლო, რომ მშობლიურ ენასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდეს. ჩვენთან მეოთხე და მეხუთე კლასელებს ინგლისურს რომ ასწავლიან, განმარტებით ლექსიკონში ჩაიხედეო, ეუბნებიან. შესაბამისად, იმ ინგლისური სიტყვის ქართული შესატყვისი ბავშვმა არ იცის. ინგლისურს ისე ასწავლიან, თითქოს ჩვენ ამერიკის ან დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს ვზრდიდეთ, რომელმაც ან ამერიკაში უნდა იცხოვროს, ან დიდ ბრიტანეთში. მშობლების პრობლემაც არის, რა თქმა უნდა, ჯერ იყო, რუსულ სკოლებში შეჰყავდათ ბავშვები, რომ შემდეგ რუსეთში წასულიყვნენ, ახლა ინგლისურზე გადაერთვნენ. ინგლისური უნდა ისწავლოს, მაგრამ როგორ შეიძლება, ბავშვმა ქართული არ იცოდეს კარგად?!“
უახლოეს ან შედარებით შორეულ წარსულში ქართული ენა რამდენჯერმე მართლაც გადასარჩენი გახდა: მაგალითად, 1978 წელს, როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ქართულისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი გაეუქმებინა, ან მე-19 საუკუნეში, როდესაც გიმნაზიებში სწავლა-განათლება ძირითადად რუსულ ენაზე მიმდინარეობდა.
ასევე ნახეთ მშიერი ბავშვები, გარყვნილება და აკრძალული ქართული - სასწავლებლები ცარიზმის ეპოქაში
რამდენად სახიფათოა დღეს ინგლისურის გავლენა? თინათინ მარგალიტაძე ამბობს, რომ ქართულ ენას გაქრობა არ ემუქრება, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ის სახელმწიფო ენაა, მაგრამ იმავეს ვერ ვიტყვით სვანურსა და მეგრულ ენებზე.
ასევე ნახეთ არჩევითი საგანი, რეგიონული ენის სტატუსი თუ რამე სხვა - რა ვუყოთ სვანურს და მეგრულს?
მისივე თქმით, ყველა შემთხვევაში ბავშვებს სჭირდებათ ქართული ენის უფრო თანამედროვე სახელმძღვანელოები და საბავშვო ლიტერატურული ნაწარმოებები, ასევე მეტი ყურადღება მშობლებისა და მასწავლებლების მხრიდან.