რუსეთის სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ძალების დივიზიამ წვრთნები დაიწყო

ფოტო არქივიდან: სტრატეგიული კომპლექსის, „იარსის“ რაკეტის გასროლა არხანგელსკის ოლქში მდებარე სამხედრო ობიექტიდან

რუსეთში სამხედრო წვრთნები დაიწყო სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ძალების დივიზიამ, რომელიც რუსეთის ცენტრალურ ნაწილში, ივანოვოს ოლქშია დისლოცირებული. სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ძალები რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალების მთავარი კომპონენტია.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ინტერფაქსი“ თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ წვრთნებისას, რომელშიც 1000-მდე სამხედრო და 100 ერთეულზე მეტი ტექნიკა მონაწილეობს, გამოყენებულია სტრატეგიული სარაკეტო კომპლექსები „იარსი“. ოფიციალური მონაცემებით, ეს კომპლექსი აღჭურვილია მყარი საწვავის შემცველი, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტებით და სამიზნეების განადგურება შეუძლია 11 ათასი კილომეტრის მანძილზე.

უკრაინაში რუსული არმიის შეჭრიდან მალევე, 27 თებერვალს, პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, საბრძოლო მორიგეობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაიყვანეს სტრატეგიული შეკავების ძალები.

ასევე ნახეთ ლავროვი რეალურს უწოდებს ბირთვული ომის საფრთხეს

31 მაისს, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა უკრაინისთვის სარაკეტო სისტემების გადაცემის გადაწყვეტილება, ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მსოფლიოში ბევრი შეშფოთებულია ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობით.

ბაიდენის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი პერიოდულად იქნევს ბირთვულ ხელკეტს, აშშ ამ ეტაპზე ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ მზად არის უკრაინაში ეს იარაღი გამოიყენოს. ჯო ბაიდენის განცხადებით, ბირთვული იარაღის გამოყენებას მძიმე შედეგები მოჰყვება.